Posted by: burusi | 01/10/2009

გრიგოლ ორბელიანი

გრიგოლ ორბელიანი

გრიგოლ ორბელიანი (1804 – 1883)

გასული საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ პოეზიაში გრ. ორბელიანმა ახალი სიტყვა თქვა რომანტიკული მსოფლმხედველობის, ამ მიმდინარეობის ძირითადი მოტივების, თემებისა და სტილის დამკვიდრების თვალსაზრისით. მის ლირიკულ ლექსებსა და ერთადერთ ეპიურ ნაწარმოებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა რომანტიზმი, როგორც მხატვრული მეთოდი. ამ მხრივ გრ. ორბელიანმა შემდგომი ნაბიჯი გადადგა ალ. ჭავჭავაძესთან შედარებით, რომელიც მისი წინამორბედი და თანამედროვეც იყო.

გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წ. 2 ოქტომბერს ქ. თბილისში. პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI ს.). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, განთქმული ქართველი მწერლის სულხან-საბას პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი.

გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს ¨ყაფლანიშვილს¨.

გრიგოლ ორბელიანის ბავშვობამ და ყრმობამ განვლო საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ მწვავე იყო მოგონება აღა-მაჰმად- ხნის მიერ თბილისის აოხრებისა, ხოლო პატარა კახის გმირობის შესახებ ყრმა გრიგოლს ბევრი რამ უნდა სმენოდა ხანდაზმულ თანამედროვეთაგან.

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და კახთ ბატონთან კი ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. საქართველოში რუსული მმართველობის დამკვიდრების შემდეგ დიმიტრი ჯერ სამხედრო სამსახურში შესულა, მონაწილეობა მიუღია მთავარმართებელ პავლე ციციშვილის მიერ ქ. ერევნის აღებაში 1804, წელს, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში დაუნიშნავთ ¨ ზასედატელად¨. პოეტის მამას შინაური განათლება ჰქონია მიღებული.

გრ. ორბელიანის დედა, ხორეშანი, ერეკლეს ქალის ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა. დიმიტრი და ხორეშან ორბელიანებს გრიგოლის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: ზაქარია, ილია და ეფემია,- დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი- მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც მომავალ პოეტს ქართულს ასწავლიდა მღვდელი ხელაშვილი, ჩინებული მცოდნე ენისა სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტირელიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

გრიგოლ ორბელიანის დიდი სამხედრო კარიერის დასაწყისი ემთხვევა საქართველოში პროკონსულ ა. პ. ერმოლოვის მმართველობის წლებს (1816 – 1827). მისი ბედის ვარსკვლავი არანაკლები ძალით ანათებდა გრაფ პასკევიჩის მმართველობის დროსაც. ¨ტოლუბაშის¨ ავტორს დიდ სიხარულს ჰგვრიდა საქართველოს დაუძინებელი მტრების დამარცხება რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში ( 1826 – 1829 წწ.) და არც ისე ძნელია წარმოდგენა ქართველი ოფიცრის სიამაყისა იმ დროს, როცა კავკასიის მხედრობის მიერ ძლეული ირანელი და თურქი სერასკირები თავიანთ ბაირაღებს ხრიდნენ აბას –აბადთან და ირაკლი- თაფასთან, ერევანსა და ხერთვისში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ამ ადგილების იერიშით აღებისას გრ. ორბელიანს მამაცობით უსახელებია თავი .

1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში.

1831 წელს გრ. ორბელიანმა ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით (კავკასიის აქეთა მხარის მთავარსარდლის, გენ-პანკრატიევის, ბრძანებით) რუსეთს წაიყვანა კავკასიის კორპუსში შეჩერებული ჯარისკაცები ნოვგოროდში დაბანაკებული საგანგებო ქვეითი პოლკისათვის. გზად მან რამდენიმე ხანს მოსკოვსა და პეტერბურგში დაჰყო. თავის დღიურში პოეტი იგონებს შეხვედრებს რუსეთს გადასახლებულ მარიამ დედოფალთან და ქართველ უფლისწულებთან, ვრცლად აგვიწერს ღირშესანიშნავ ადგილებს, გადმოგვცემს თავის შთაბეჭდილებებს იქაური თეატრების სპექტაკლებზე.

პეტერბურგი, იმპერიის იმდროინდელი ცენტრი, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველ ოფიცრებზე. გრ. ორბელიანი აღწერს პეტერბურგის, ცარსკოე სელოსა და პეტერგოფის შესანიშნავ სასახლეებს. პოეტი, რომელმაც იგემა სამხედრო ცხოვრების სუსხი, აღტაცებით ათვალიერებს ხევლოვნების ძეგლებს, გულდასმით ეცნობა პეტრე პირველის მიერ დაარსებულ კუსტკამერას და ერმიტაჟის დარბაზებს, მოხიბლულია ¨რაფაელის ლოჟითა¨ და ¨ძვირფასი ბიბლიოთეკით, რომელსაცა შინა ეწყო თხზულებანი ფილოსოფოსთა დალამბერტისა, ვოლტერისა და დიდეროტისა¨. გრ. ორბელიანი საგანგებოდ აღნიშნავს აგრეთვე თავის შეხვედრებს საქართველოდან გადასახლებულ ფარნაოზ და დიმიტრი ბატონიშვილებთან, საუბრობს მათთან მოცარტზე, ვებერზე, როსინზე და კერუბინზე.

1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. და აი, მისი გარეგნული ცხოვრების მწყობრი რიტმი ერთბაშად იცვლება: 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ ნოვგოროდში და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ (როგორც ცნობილია, ეს შეთქმულება 1832 წლის დეკემბერში გაცემულ იქნა). საგანგებო კვლევა-ძიების საფუძველზე კავკასიის სამხედრო ხელისუფალთა წინაშე გრ. ორბელიანი სრულიად მოულოდნელად ახალი სახით წარსდგა; პეტერბურგში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებთან მას არა მარტო მოცარტზე და როსინზე უსაუბრია, არამედ (და უმთავრესად) საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზედაც; ჯიბით უტარებია არა მარტო ჯარისკაცის წესდება, არამედ ქართული თარგმანიც ცნობილი დეკაბრისტი პოეტის რილეევის ნაწარმოებისა ¨ნალივაიკოს აღსარება¨ (მისი დედანი მთარგმნელს ნოვგოროდში განჩხრეკისას უპოვეს); ჩვეულებრივ დღიურებს გარდა ფარულად უწერია პატრიოტული ლექსები (ნოვგოროდშია დაწერილი, მაგალითად ¨იარალის¨) და დღიური ¨მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨, რომელშიც ავტორი აშკარად იცავს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ეროვნული რეგულარული ჯარის შექმნის იდეას.

როგორც ჩანს, გრ. ორბელიანი აქტიურად არ ყოფილა ჩაბმული შეთქმულთა ორგანიზაციაში. სხვათა შორის, ეს უნდა აიხსნას 1827 – 1832 წლებში მისი ხშირი ადგილმონაცვლეობითაც, რაც სამსახურებრივი საჭიროებით იყო გამოწვეული. მაგრამ შეთქმულებთან პოეტის მჭიდრო იდეური კავშირი სადავო არაა.

მიუხედავად ამისა, გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის ¨მცირე¨ დამნაშავე, ¨კავკასიის ხაზზე¨ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.

პოლიტიკური რომანტიზმის ბურუსი გაიფანტა. ოფიცერი გრ. ორბელიანი ისევ დაუბრუნდა სამხედრო ასპარეზს. აქედან იწყება პოეტის ცხოვრების მეორე პერიოდი (1833 – 1858). ხუთი წელი გაატარა გრიგოლმა აჯანყებულ და შემდეგ დამარცხებულ პოლონეთში, სადაც მოსახლეობას მკაცრი რეპრესიებით აშოშმინებდა გენერალი პასკევიჩი, მისი ყოფილი უფროსი კავკასიაში. ბალტიისპირა ქალაქებში ყოფნისას პოეტი ერთი წუთითაც არ ივიწყებდა მშობლიურ თბილისს, ნათესავებსა და მეგობრებს. ყაზარმული ცხოვრება ან საკლუბო გართობები არ ივიწყებენ მას გამოვლილ ჭირ-ვარამს, ქართულ ნადიმს, მანანა ორბელინისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონებს.

1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.

1841 წელს გრ. ორბელიანი მონაწილეობს პოლკოვნიკ მოსე არღუთინსკის რაზმის მიერ გურიის გლეხობის აჯანყების ჩაქრობაში. გურია ¨ დააწყნარეს¨ იმავე წლის სექტემბერში.

1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ. ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა – ¨ ავარიის ხანად¨ ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.

გრ. ორბელიანი დიპლომატიური უნარით აღჭურვილი მმართველი და ამავე დროს ულმობელი ოფიცერი იყო მთიელებთან ბრძოლაში. შუა აზიის საშუალო საუკუნეთა მუსლიმანური სექტის, ნაქშბენდიეს ორდენის მისტიკური მოძღვრების მიმდევარ მურიდების წინააღმდეგ გრ. ორბელიანი მოქმედებდა როგორც მეფის რუსეთის კოლონიალისტური არმიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი.

თხუთმეტი წელიწადი იმსახურა გრ. ორბელიანმა დაღესტანში, ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქების მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი – როგორც მთელი დაღესტნის ჯარების სარდალმა. იშვიათად ჰყოლია ჰაზავათს მასავით დაუძინებელი მტერი. გრ. ორბელიანი მონაწილე ან უშუალო ხელმძღვანელი იყო მთელი რიგი აულების აღებისა შამილის დაღესტანში. იბრძოდა ქუთიშასთან ( 1846) და სალთთან (1847), გერგებილთან (1848). და ჭუხთან ( 1849), ტაბარანსა და ყაითაღში ( 1854 –1855), ქურისა და სალათაუს სოფლებში…

1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი სალათაურში –ძველი და ახალი ბურთუნაი. სალათაუს დაპყრობა უკანასკნელი ფურცელი იყო გრ. ორბელიანის ოფიცრული კარიერის მრავალწლიან მატიანეში. 1858 წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან. გრ. ორბელიანის ცხოვრების მეორე პერიოდი (1833 –1858) ამით დასრულდა.

* * *

გრიგოლ ორბელიანის ლირიკული ლექსების, ¨ სადღეგრძელოს¨ ვარინტებისა, დღიურებისა და თარგმანების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქრონოლოგიურად ემთხვევა პოეტის ცხოვრების პირველ და მესამე პერიოდს ( 1824 –1832 და 1860 – 1883წწ.). მეორე პერიოდში (1883 –1858) გრ. ორბელიანს მხოლოდ 14 ლექსი დაუწერია და ისიც სპორადულად (1883 წლიდან 1851 წლამდე), 1824 –1858 წლებში გრ. ორბელიანს პოეტური ნაწარმოების გარდა დაუწერია (და ზოგის გადათეთრება მოუსწრია) შემდეგ ორიგინალური პროზაული თხზულებანი:¨ ნაწილი დღიურისა ¨მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨( 1831-1832,¨ ამბავი რიღის ღოშპიტალში ნათქვამი¨( 1835), სხვადასხვა ეტიუდები და

შენიშვნები: ¨ ან… დმი¨. 91824), ¨ ზამთრისა ქარი გრიალებს, (1829), ¨ნ. ვ. მ. (1832), ¨ ჰაზრნი მსწავლელთა ჩვენის პლანეტის შექმნისათვის, ანუ მიწისა¨, ¨ცნობა ლეკების შესახებ¨ და კონსპექტი¨ საქართველო ჩემის დროისა¨. პოეტის კალამს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული თარგმანი ¨ალლეღორია¨ ( 1824), ¨ სამი მეგობარნი¨ ( 1832) ჰერდერიდან და ¨ მაცთუნებელი¨ (1832) მოთხრობა შვეიცარიელი მწერლის ცშოკესი, და ¨ საღამოს ჩაიზედ¨.

ჩამოთვლილ თხზულებათაგან, რასაკვირველია, ყველას ერთნაირი იდეური და მხატვრული ღირებულება აქვს. ბევრ მათგანს გრ. ორბელიანის შემოქმედების ანალიზის დროს მხოლოდ დამხმარე მასალის მნიშვნელობა ენიჭება. უწინარეს ყოვლისა, ცალკე უნდა გამოიყოს გრ. ორბელიანისპატრიოტული ნაწარმოებნი, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ¨ ტოლუბაში¨ (¨ სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ¨ ჰე, ივერიავ¨ (1832), ¨მისი სახელი კიცხვითა¨ (1832), ¨ იარალის¨, (1832) და ¨ მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის¨.

პოემა ¨სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტის სათაურია:¨ტოლუბაში ანუ ომის შემდეგ ლხინი და სადღეგრძელო. 1827 წელსა¨. ეს არის პოემის პირველი, მოკლე ვარიანტი, ავტოგრაფის სახით ჩვენამდე მოღწეული. არსებობს მეორე ვარიანტი ( აგრეთვე მოკლე), სხვისი ხელით გადაწერილი, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს: ¨ტოლუბაში (მიბაძვა ჟუკოვსკისა). ( ესე ლექსნი 1826 წელს სპარსეთის ომში არის ნათქვამი, როდესაც ირაკლის თაფაზედ იყვნენ ჯარნი დაბანაკებულნი)¨. პოემის საბოლოო რედაქცია ცნობილი და პირველ მეორე ვარიანტებთან შედარებით გავრცობილია (ამ უკანასკნელს ვეხებით პოეტის შემოქმედების მესამე პერიოდის დახასიათებისას).

საგულისხმოა მეორე ვარიანტის ცნობა იმის შესახებ, რომ ¨ტოლუბაში¨ არის ¨ მიბაძვა ჟუკოვსკისა¨, მაშასადამე, იგი ავტორის განმარტებად უნდა მივიჩნიოთ. მართლაც, გრ. ორბელიანის ¨ტოლუბაში¨ და პოემის საბოლოო რედაქცია (¨ სადღეგრძელო¨), უეჭველად დაწერილია ცნობილი რუსი რომანტიკოსი პოეტის ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოების ¨Певец во стане русских войнов¨ ( 1812) მიბაძვით; მაგრამ ¨ ტოლუბაში¨ არაა უბრალო ვარიაცია აღნიშნული ნაწარმოებისა. ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში დიდი ხანია გამოთქმულია ანალოგიური მოსაზრება. ამჟამად ეს საკითხი სპეციალურად არის შესწავლილი.[1]

აღსანიშნავია, რომ თვითონ ვ. ჟუკოვსკის პოემაც არაა მთლად ორიგინალური, იგი მიბაძვაა ინგლისელი პრერომანტიკოსის თომას გრეის ( 1710- 1717) პატრიოტული ოდისა The Bard, რომელშიაც ავტორი ინგლისის ეროვნული დიდების მთავარ ეპოქებს მიმოიხილავს. თ. გრეის ნაწარმოების ცენტრშია ბარდი, სახე იმ ძველი პროფესიონალი მომღერლებისა, რომლებიც ხოტბებს ასხამდნენ ან სხვადასხვა ისტორიულ თუ ლეგენდარულ ამბებს ჰყვებოდნენ ზეპირად. ჟუკოვსკის პოემაშიც მომღერალი სადღეგრძელოებს წარმოსთქვამს და რუსეთის ისტორიულ გმირებს იგონებს.

ჟუკოვსკის ¨ მომღერალი ¨ ეძღვნება 1812 წლის სამამულო ომს. პოემაში ამ ომის გმირებია შექებული ( კუტუზოვი, რაევსკი, ერმოლოვი, მილორადოვიჩი, კონოვნიცინი, ორლოვი, კუტაისოვი, ბაგრატიონი და სხვები.) პოემის დასაწყისში (მეორე სადღეგრძელოში) მოხსენებულია სვიატოსლავი, დონსკოი, პეტრე პირველი და სუვოროვი, სხვა ადგილას – სახალხო მომღერალი ბოიანი, ლომონოსოვი, დერჟავინი და სხვ.

¨ტოლუბაში¨, ისევე როგორც ¨ სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქცია, კომპოზიციურად და ცალკეული მოტივების მხრივ ხშირად უშუალოდ მისდევს ვ. ჟუკოვკის პოემას. ამ ნაწარმოებთა შორის ბევრი თემატიკური მომენტია საერთო, ხშირად ამა თუ იმ თემის გაშლის მხრივაც სრულს დამთხვევას აქვს ადგილი. მიუხედავად ამისა¨ ტოლუბაში¨ ( და ¨ სადღეგრძელოც¨) არაა უბრალო ვარიაცია, იგი მართლაც მიბაძვაა და არა განმეორება. ეს ეხება ძირითად თემატურ მომენტს: უმთავრესი განსხვავება ამ ორ პოემას შორის ისაა, რომ ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოების ცენტრშია ავტორის თანამედროვენი, 1812 წლის მონაწილე გმირები, რომელთაც პოეტი კონკრეტულად ასახელებს და შესაფერისად ამკობს მათ. გრ. ორბელიანის წინაშე კი ეს ამოცანა არა დგას.

ჟუკოვსკის პოემაში კი შექებულია რუსი გენერლების გმირული თვისებანი, რომელიც მათ გამოიჩენს ბოროდინოს ბრძოლაში. სხვა მოტივებს ( ისტორიული წარსულის მოგონება, სიყვარულისა და მეგობრობის ხოტბა და სხვ.) ვ. ჟუკოვსკის პომაში დამატებითი მნიშვნელობა აქვთ. ¨ ტოლუბაში¨ (და პოემის ბოლო რედაქცია) მკითხველს არ უქმნის დროის, ეპოქის სრულ ილუზიას. ყველა სადღეგრძელო რომელსაც ტოლუბაში წარმოთქვამს, შეიძლებოდა წარმოთქმულიყო არა მარტო რუსეთ ირანის ომში 1827 წელს, არამედ სხვა დროსაც და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეომართა შორის. ნაწარმოების არც ერთი ტაეპი არ გვანიშნებს, რომ პოეტი პასკევიჩის არმიაში იმყოფება. პირიქით – პოემის მიხედვით ჩანს, რომ ¨ირაკლის თაფასთან ¨ მხოლოდ ქართელები არიან დაბანაკებულნი. ტოლუბაში ასე მიმართავს მეომრებს:

ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსაგონებლად, რომელთაც მამულისათვის სისხლი შეჰსწირეს აქ მსხვერპლად, თვით გორი ესე წითელი არს მათ მხნეიბის მაჩენლად, რომელიც მტერთა შემუსვრით შეიქმნა სამარედ ვრცელად.

გრ. ორბელიანი შემდეგ კომენტარს ურთავს სქოლიოში ამ ადგილას: ¨ გარნიჩაის მდინარეს და ერევანს შუა მეფე ირაკლიმ დაამარცხნა და შეიპყრნა აზათ- ხან. ამავე ადგილს ორმა ჩვენმა როტამ დაამარცხა ასანხანი და ნაღიხანი, რომლისა შემდგომ მივედით მეგობრები ქართველნი და ირაკლის თაფაზე საიდანაც აიღო ამა მეფემან ერევანი, იმ გორაზე ვლხინობდით¨. როგორც ვხედავთ, ეს შენიშვნა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას რუსი მხედრობის შესახებ. თვითონ ტექსტში კი ამაზე კრინტიც არაა დაძრული,- არც ერთი მხედართმთავარი ან ომის უშუალო მონაწილე პოემაში დასახელებული არაა. ¨ირაკლის თაფასთან¨ ქართველი მეომრების მისვლა და ლხინი კი მარტოოდენ წარსულის მოგონებებს აღძრავს პოეტში.

¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში წინაპართაგან მოხსენიებულია მხოლოდ ვახტანგ გორგასალი. საქართველოს სხვა ისტორიული გმირები თანდათან გამოჩნდნენ პოემის მეორე ვარიანტში და განსაკუთრებით ¨ სადღეგრძელოს¨ ბოლო რედაქციაში.

¨ტოლუბაში¨ მამულისადმი სიყვარულის ჰიმნს წარმოადგენს. პოემის ამ ვარიანტში ტოლუბაშის პირით პოეტი მიმართავს თავის სამშობლოს:

ჰე, მამულო, სასურველო! ვინ გახსენოს, რომ მის გული

არ აღჰთრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?

ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი,

არა დაჰკლას თავი თვისი, შენდა დახსნად, ვითა მსხვერპლი!

სამაგიეროდ პოემაში ერთი სიტყვით არაა აღნიშნული მნიშვნელობა იმ საომარი ექსპედიციისა, რომლის მონაწილეც პოეტი იყო. ამრიგად, გრ. ორბელიანის ¨სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტი (ისევე როგორც მეორე ვარიანტი და საბოლოო რედაქციაც) ვ. ჟუკოვსკის პოემის ერგვარ ანტიპოდს წარმოადგენს ძირითადი თემის შერჩევის თვალსაზრისით.

გარდა პატრიოტული მოტივებისა, ¨ტოლუბაში¨ შეიცავს მეგობრობის, სიყვარულისა და საქართველოს ბუნების ხოტბას. ეს ნაწარმოები შეიქმნა 1827 –1832 წლებში, ე. ი. ცნობილი ¨ შეთქმულების¨ პერიოდში. იგი ჩინებულად გამოხატავს პოეტის ეროვნულ შეგნებას: პასკევიჩის არმიის ოფიცრის მკერდქვეშ ძგერს გული მამულზე შეყვარებული პატრიოტისა, რომელიც მზადაა¨ დააკლას თავი თვისი¨ მისდა ¨დახსნად, ვითა მსხვერპლი¨.

ეროვნული კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს ¨სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტს (¨ტოლუბაშს¨) უფრო მკაფიოდ გამოხატულია ავტორის ამავე პერიოდის ლირიკულ ლექსებში და სხვა ¨მიბაძვებში¨. გრ.ორბელიანის ასეთ პირველ პროგრამულ ლექსად (პატრიოტულ თემაზე დაწერილ ლირიკულ ნაწარმოებთა შორის) უნდა ჩაითვალოს ¨აღსარება¨(1831), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1832წლის შეთქმულთა წრეში. იგი წარმოადგენს ცნობილი დეკაბრისტი პოეტის კონდრატი რილეევის (1795 –1826) დაუმთავრებელი ნაწარმობის¨Наливаико¨ -ს ერთ- ერთი თავის (¨ნალივაიკოს აღსარება¨) მიბაძვასა და გადმოქართულებას.

რილეევს, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელ პოეტს, თავდაპირველად განზრახული ჰქონია დაეწერა მთელი პოემა ამ სათაურით. ამჟამად ცნობილია მხოლოდ საერთო გეგმა პოემისა და ცალკეული ადგილები. გრ. ორბელიანს შეცვლილი აქვს რილეევის ლექსის შინაარსი, იგი გაქართულებულია. ნაწარმოები გაჟღენთილია ¨მტრის სისხლის დასათხევად მოსურნე¨ ქართველი არისტოკრატი-პატრიოტის სულისკვეთებით. როცა 1832 წლის შეთქმულებასთან კავშირის გამო გრ. ორბელიანი განჩხრიკეს და დაატუსაღეს ნოვგოროდში, ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სხვათა შორის ჰკითხა მას, ¨ნალივაიკოს აღსარება¨ თქვენ თარგმნეთ თუ არაო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ¨ აღსარების¨ ერთ-ერთი პირი ჟანდარმერიას უპოვია შეთქმულთა ყველაზე რადიკალური წევრის, რესპუბლიკელი სოლომონ დოდაშვილის, ბინაზე. მეორე შეთქმულისათვის, გიორგი ერისთავისთვის, გრიგოლ ორბელიანს თვითონ გადაუცია თავისი¨ მიბაძვა¨, ხოლო თბილისში ყოფნისას დიდი წარმატებით წაუკითხავს იგი შეთქმულთა წრეში. ყოველივე ეს ნათლად მოწმობს¨ აღსარების¨ მნიშვნელობას 1832 წლის შეთქმულებასთან გრიგოლ ორბელიანის იდეური კავშირის თვალსაზრისით.

¨აღსარების¨ ლირიკული პერსონაჟი თვითონ ავტორია, ნაცვლად რილეევის პოემის გმირის, უკრაინელი პატრიოტი ნალივაიკოსი. ლოკალიზებულია ადგილიც, სადაც პოეტი

წარმოთქვამს თავის აღსარებას: ვარშავის ნაცვლად დასახელებულია მცხეთა. ¨ივერიელთა¨ მტრებად გამოყვანილი არიან¨ ლეკი, ოსმალო და სპარსი¨. ამრიგად, გრ. ორბელიანის ლირიკულ მონოლოგში ნამდვილი მისამართები შენიღბულია ისტორიული სახელებით.

¨აღსარებაში¨ დახასიათებულია პოეტის თანადროული სინამდვილე წარსულთან დაპირისპირებით (¨ესრეთ სარცხვინო შიშითა ვინ იყო მაშინ ძლეული?¨); ლექსში საუბარია არა წარსულზე , არამედ აწმყოზე:

ხმა საიდუმლო მარად ჟამს მეჩურჩულების მე ყურსა,

ჟამი არის მტერი მამულის მისცეთ მახვილსა ლესულსა.

¨ აღსარება¨ თავდება ამბოხებისა და ბრძოლისათვის მზადყოფნის დეკლარაციით:

თავისუფლება უმსხვერპლოდ, უსისხლოდ [ვის] მოუსყიდიეს?

წარვსწყვმდები მამულისათვის, ვიცი ვგრძნობ და აღვიარებ.

გრ. ორბელიანის ნაწარმოებიდან პირდაპირ მიემართება იდეური, ემოციური და სტილიური ძაფები პოეტის უფრო გვიანდელ პატრიოტულ ლექსებთან. ესაა ერთი გამა, ერთი სულიერი მღელვარების სფეროში წარმოშობილი ფიქრები და განცდები.

შემდგომ ლექსებშიაც საქართველოს გმირული სულისა და ¨წინაპართა სისხლის¨ მოგონება გრ. ორბელიანს სჭირდება აწმყოს შეცვლისა და თანამედროვეთა გამოფხიზლების მიზნით. ისტორია როდი იყო პოეტისათვის მხოლოდ მელანქოლიური ჭვრეტის ობიექტი, წარსულის მოგონება მასში აღძრავს ¨შორით მოსულის¨ წინააღმდეგ ბრძოლისა და თანამედროვეობაში სულიერი აქტივიზაციის გამოწვევის სურვილს. გრ. ორბელიანს ეს აზრი პირდაპირ დეკლარაციულად აქვს გსმოთქმული უსათაურო ლექსში

¨ ჰე, ივერიავ¨.

შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,

მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას…

ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას!

ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენთ ვაებას[2].

მეორე უსათაურო ლექსი – ¨მისი სახელი კიცხვითა¨ კიდევ უფრო ახლო გვაგრძნობინებს მეამბოხე პოეტის სულისკვეთებას 32 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში.

გრ. ორბელიანი კრიტიკულად აფასებს სინამდვილეს, პოეტის გულისწყრომას იწვევს მის მამულში ბიუროკრატიული რეჟიმის თავგასულობა, რომელიც ქვეყნის მიერ თავისუფლების დაკარგვას მოჰყოლია. პოეტი მზადაა დატკბეს ხანჯალზე წამოგებული მტრის კვნესით და კიცხავს ყველას, ვისაც ამ ¨ თავისუფლების ცისკრის¨ მოლოდინი არა აქვს.

ერთ-ერთ პროზაულ კონსპექტში, რომელიც 30-იან წლებს ეკუთვნის და დასათაურებულია ¨ საქართველო ჩემის დროისა ¨, გრ. ორბელიანი სხვათა შორის ჩამოთვლის ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი საქართველოში და რაც ხალხის სტიქიურ ამბოხებას იწვევდა ხოლმე. ¨სასამართლო, გარყვნილი მოხელეები, და მათი უსამარლობა და ქრთამობა… ლოთობა და ცემა- ტყება ჩინოვნიკებისა და ხალხისაგან ღაღადისი წყევისა… ბუნტი კახეთში[3], და მისი უმთავრესი მიზეზი: კომისიონერები, აფიცრებისა და სალდათებისაგან შეურაცხყოფა ცოლ-შვილებისა სოფლებში… ერმოლოვი და მისგან დაჩაგვრა თავადებისა¨.

ეს ამონაწერი ძალზე მნიშვნელოვანია არსებული რეჟიმისადმი გრ. ორბელიანის დამოკიდებულების ნათელსაყოფად 30-იან წლებში …

გმირული წარსულის მოგონებისა და ბედშავი აწმყოს შეცვლის სურვილი გრ. ორბელიანს შესანიშნავად აქვს გადმოცემული ერთ-ერთ თავის საუკეთესო ლექსში ¨ იარალის¨ (1832), რომელიც ავტორს ნოვგოროდში დაუწერაი. ეს ლექსიც, ¨ აღსარების მსგავსად, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1832 წლის შეთქმულთა შორის და გრ. ორბელიანს ისიც განჩხრეკისას უპოვეს ნოვგოროდში.

¨იარალის¨ მიძღვნილია პოეტის პეტერბურგელი ნაცნობის იარალი შანშიაშვილისადმი. ეს უკანასკნელი თან ახლდა რუსეთს გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს, კერძოდ, ფარნაოზ ბატონიშვილს, და გრ. ორბელიანს იგი 1831 წელს გაუცნია პეტერბურგში.

¨იარალის¨ ვრცელი ლირიკული ლექსია, რომელიც ნატვრით იწყება და შემდეგ ერთგვარი ხილვის მხატვრული ხორცშესხმით იშლება. პოეტი მიმართავს თავის პეტერბურგელ ნაცნობს და ნატრობს მასთან ერთად სამშობლოში იჯდეს ¨ ველსა მწვანეს¨ და ¨გაცხელებულსა ღვინისაგან შუბლთა კოჯრის ნიავი განუგრილებდეს¨. ასწერს რა ქართულ სუფრას, პოეტი წარმოიდგენს:

თუ ვით ივერნი,

ლომგულნი გმირნი,

ჰბრძოდნენ, სცხოვრობდნენ დროსა წარსულსა.

პოეტის წინაშე იშლება გმირული ხანა ჩვენი წარსულისა, სურათები იმ პერიოდისა, რომლის უშუალო მხილველი და მოწმე იარალი იყო. მტერზე ¨ შურდულებრ¨ სწრაფად მისეული ¨მხნე ჭაბუკების¨ მოგონებისა და დახასიათების უმალ პოეტი ამბობს:

დავნატრი მათ, ვინც თავისი სიცოცხლე თვისსა მამულსა შეჰსწირა მსხვერპლად,

დავნატრი დროთა,რომ აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს აღბეჭდილად.

და ამგვარი ლირიკული რეპლიკის შემდეგ პოეტი ისევ ახასიათებს ივერიელთა სხვადასხვა თვისებებს – ბრძოლის უნარსა და სიმამაცეს, სარწმუნოებას და ერთგულებას, ლხინსა და გართობას.

იშვიათი რიტმული ექსპრესიით გადმოგვცემს ყაბახზე ჯირითის სურათს და დასძენს:

ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი [მეფე ირაკლი] სიამით მარად უმზერდა შორით,

ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით,

წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,

აწ უცხო ცის ქვეშ ზოგსა ვჰსჭვრეტთ ოხვრით, და ცრემლით ზოგის წმინდა სამარეს.

ამ სტროფს უშუალოდ მოჰყვება ტაეპი, რომლებიც მთელი ლექსის იდეურ მწვერვალს წარმოადგენს:

ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?!

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?

მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,

არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!

ამგვარად, ¨იარალის¨ ამ ადგილასაც მოისმის ის ძახილი, რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილ უსათაურო ლექსებშიაც (¨ ჰე, ივერიავ¨) იმის ( ¨ ბედო ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას¨)[4].

ამავე დროს პოეტს თითქოს ¨ამაო როტვად¨ მიაჩნია ისეთი გმირის გამოჩენა, რომელსაც შეეძლოს ¨ ვეშაპის¨ ძირს დაცემა და ასეთად¨ ზოგსა სჭვრეტს ოხვრით¨, ისიც სამშობლოს გარეთ, ¨ უცხო ცის ქვეშ¨ (აშკარაა გრ. ორბელიანი რუსეთს გადასახლებულ ბატონიშვილებს გულისხმობს იარალისადმი მიმართულ ლირიკული მონოლოგის ამ ადგილას).

უკვე განხილული ლირიკული ლექსების შინაარსიც ნათლად მეტყველებს გრ. ორბელიანის ეროვნული შეგნებისა და მისი პატრიოტიული სულისკვეთების შესახებ. ამ ლექსებში მხატვრულადაა გამოხატული ცარიზმისადმი პროტესტანტული დამოკიდებულება საქართველოში. შემთხვევითი როდი იყო, რომ კერძოდ გრ. ორბელიანის ¨ იარალი¨ ხელნაწერის სახით იყო გავრცელებული ქართველ შეთქმულთა შორის და მას ზეპირადაც წარმოთქვამდნენ.

შეთქმულების იდეებით შთაგონებული გრ. ორბელიანის პატრიოტული შემოქმედების ანალიზის სისრულისათვის აქვე მოკლედ უნდა განვიხილოთ ერთი ნაწილი პოეტის დღიურისა-¨ მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨( 1831 –1832), რომლის გადათეთრებული, საბოლოო ანუ ავტორისეული რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია. ზოგიერთი ადგილი ამ დღიურისა მისი ზემოთ განხილული ლექსების პროზაულ კომენტარადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

თავის დღიურში გრ. ორბელიანი აგვიწერს 1831 წლის ზაფხულს (9ივნისს) თბილისიდან რუსეთს გამგზავრებას. მას საგანგებოდ აქვს აღნიშნული, თუ როგორ ¨ ჩუმად შეიკრიბნენ¨ მისი ¨ ჭეშმარიტი მეგობრები¨ (შეთქმულნი) და გააცილეს იგი. შემდეგ ავტორი გადმოგვცემს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, ეხება სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე ძველი ქართული არქიტექტურის ძეგლებს, აგვიწერს მცხეთას, დუშეთს, ანანურს. დღიურში ასევე დაწერილია მთიანი საქართველოს მდიდარი ბუნება, კაიშაურის და ფასანაურის, თერგისა და დარიალის ლანდშაფტები. განსაკუთრებით საყურადღებოა მცხეთაში მისვლა და სვეტიცხოვლის ნახვა. ¨რა ვიხილე მცხეთისა მონასტერი… გარდმომცვივდნენ თვალთაგან ცრემლნი, ვიხილე რა საფლავი მეფისა ირაკლისა, რომლისთანა არს დამარხული დიდება და ყოველი კეთილი ივერიისაო¨, – წერს პოეტი (გვ. 70). ეს სიტყვები უმალვე აგონებენ მკითხველს არა მარტო ¨ტოლუბაშის¨ მეორე ვარიანტისა და ¨ სადღეგრძელოს¨ ცნობილ ადგილს (¨დიდება ივერიისა მასთან [იარკლისთან, ა. გ. ] მარხია სამარეს¨), არამედ იარალისადმი მიმართულ სიტყვებსაც ერეკლესა და მისი ეპოქის შესახებ: ¨ ვისცა ეწერა დიდება სახეს¨… ¨ წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს¨.

ყაზბეგის, ვლადიკავკაზის, ეკატერინოგრადის და სტავროპოლის მოკლე აღწერისა და სხვადასხვა ისტორიულ- ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობების მოყვანის (მაგ., ყაბარდოს

შესახებ) შემდეგ ნაწარმოების ბოლო, მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ავტორის საუბარს გენერალ ივანე აფხაზთან, რომელიც მას პირველად 21 ივნისს არდონის ციხეში შეხვედრია და შემდეგ კი აგვისტოში სტავროპოლში გასაუბრებია; დღიურის დამუშავებული ნაწილი წყდება 7 აგვისტოს თარიღზე, როცა ავტორი ჯერ კიდევ ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, სტავროპოლშია.

გრ. ორბელიანისა და გენერალ აფხაზის დიალოგი, როგორც არაერთხელ ყოფილა აღნიშნული სპეციალურ ლიტერატურაში, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მარტო პოეტის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გასაგებად, არამედ 1832 წლის შეთქმულთა პროგარამის ზოგიერთი მომენტის კარგად გაცნობის თვალსაზრისითაც[5].საუბრის თემაა საქართველოს პოლიტიკური ვითარება და მისი განთავისუფლების გზები. დიალოგის დასაწყისში აფხაზს გრ. ორბელიანი ახასიათებდეს, ¨ ვითარცა ჭეშმარიტსა ძესა მამულისასა¨. ეს უკანასკნელი იმ აზრისაა, რომ თუ რუსნი იძულებული იქნებიან დაუტევონ საქართველო, მაშინ ქვეყანა¨ მყისვე შეიქმნების მსხვერპლად უწესობისა, შინაგანსა განხეთქილებისა და ზედა-დასხმისა დაუძინებელთა მტერთაგან¨.

გრ. ორბელიანი საწინააღმდეგო შეხედულებას გამოთქვამს: ¨საქართველო, შემდგომად რუსთაგან დატევებისა, ვგონებ, იყოს ესრეთ ძლიერ,რომელ შეიძლოს დაცვა მტერთაგან საზღვრისა თვისისა. ოცდაათს წელიწადს საქართველოს თუ არ მომატებია ხალხი, ვგონებ არცა დაჰკლებოდესო¨. ივანე აფხაზი არ იზიარებს მოსაუბრის ამ რწმენას და უხსნის გრ. ორბელიანს-საქართველოს მოსაზღვრე აზიურ სახელმწიფოებში ¨პოლიტიკებრი მდგომარეობა… ფრიად შეიცვალა, ვის უხილავს ყიზილბაშისა და ოსმალის ესრეთი გაწყობილი ჯარი და ესრეთი თოფხანა¨, ხოლო ¨ საქართველო ურეღულოთ ვერცა ერთსა თვესა გაუძლებს მტერთაო¨.

გრ. ორბელიანი ამაზე უპასუხებს, რომ ¨ რეღულის გაწყობა ადვილად მოხდება საქართველოში; ამიტომ რომ იქნებიან რა თვით დამცველნი თვისისა საზღვრისანი, თვალით დაინახავენ რეღულის სარგებლობასასო¨.გარდა ამისა, გრ. ორბელიანს სწამს, რომ ოსმალეთმა და სპარსეთმა დაინახეს თავიანთი შეცდომა – საქართველოს შევიწროებამ როგორ დაუმეზობლა მათ ¨ საშინელი მეზობელი¨. პოეტი ოპტიმისტურად აფასებს დამოუკიდებელ საქართველოს მომავალს:¨ ისტორია წარმოგვიდგენს მრავალჯერ

საქართველოს გაოხრებულს და კვალად აღდგინებულს არარაისაგან .

ესრეთთა საკვირველებათა აწარმოვებს მხოლოდ მხნეობა და სიყვარული მამულისა და სარწმუნოებისა¨. ივანე აფხაზს სწამს, რომ ¨ქართველნი არიან მხნენი¨, მაგრამ რეგულარული ჯარის ¨გაწყობა¨ მას ნაადრევად და შეუძლებლად მიაჩნია. ამავე დროს იგი

ითვალისწინებს ქართველთა საერთო დაბალ გონებრივ დონეს, გაუნათლებლობას, და სხვ.. ¨ ღმერთმან ნუ ინებოს საქართველოს დატევება რუსთაგან ას წლამდის; მაშინ აღარა მეშინის, ამისათვის, რომელ საქართველოს ეყოლება მის დროსა მრავალი სწავლულნი კაცნი, საზოგადოება შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა, და, ყოველი კეთილი, ახალი სასარგებლო დაწყებულება ადვილად აღსრულდების; ახლა ვინ იკისრებს, ან ვინ გაუგონებს.- აწინდელი ჩვენი საზოგადოობა არს მკვდარ მამულისათვის, ჰსცხოვრებენ უსაგნოდ, დეეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა; ყოველი ფიქრობს საკუთარისა, თვისისა სარგებლობისათვის, რომლისა მისაღებელად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან. ანგაარება არს მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაცა გვეკარგება პატიოსნება.- გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა; არა, ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა¨. ამაზე გრ. ორბელიანი უპასუხებს: ¨ ამა ერისა სულისა დამდაბლებასა ადვილად აღხოცენ იგინი, ვინცა იქმნებიან შემდგომად რუსთა დატევებისა, ერის მმართველნი, უკეთუ იქნებიან გონებიან და შორს მხედველ¨. როგორც მკითხველი ხედავს, გრ. ორბელიანისა და ივ. აფხაზის დიალოგში დაპირისპირებულია ორი თვალსაზრისი, ორი იდეა – საქართველოს დამოუკიდებლობისა და არსებულ ვითარებასთან შეგუებისა. უნდა ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ დიალოგში აირეკლა შეხედულებათა ანალოგიური სხვაობა შეთქმულთა გარკვეული ჯგუფებისა.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მომენტიც, თავის დროზე აღნიშნული: გრ. ორბელიანი თითქოს დაეჭვებულია საკუთარ პოზიციაშიც, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რჩება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გენერალი აფხაზის ზოგიერთი შეხედულება პროზაული გადმოცემაა თვითონ პოეტის ფიქრებისა, რომლებიც ზოგიერთ მის ლირიკულ ლექსებშია გამოხატული. ასე მაგალითად, აფხაზის აზრი ¨აწინდელი ჩვენი საზოგადოების შესახებ¨, რომელსაც ¨ოცდაათის წლის მორჩილების ნაყოფად¨ პატიოსნება დაუკარგავს, სრულს პარალელს პოულობს ლექსში ¨ ჰე, ივერიავ¨: ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას

* * * * *

ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის, ვითარცა მგლისა, მშიერ კაცის ეშინის,

ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების.

ასევე, ივანე აფხაზის მიერ გამოთქმული აზრი ალექსანდრე მეფის შემდეგ საქართველოს ცალკეულ ნაწილებად დაქუცმაცებისა (¨ საქართველო არს დაგლეჯილი ნაწილ-ნაწილად¨) და ქართველი ტომების ერთმანეთთან მტრობისა და შუღლის შესახებ რაც (ქვეყნის გაერთიანებას ხელს უშლიდა) მშვენიერ პარალელს პოულობს გრ. ორბელიანის შემდეგ სიტყვებში: შიში სიმდაბლე სულისა, შური, მფლობელნი აწ ჩვენნი არიან მარად მონების ნაყოფნი ესე საძაგნი! ძველი ქებული სამეფო უფსკრულსა შთანთქავს ესრეთს, რომ ჩვენზე მტერნი აღმსდგარან და ჩვენვე ვებრძვით ურთიერთს. (¨ აღსარება¨)

დღიურში ფიქსირებული დიალოგი ნაწილობრივ მაინც გადმოგვცემს პოეტის არსებიდან მომდინარე მეორე, სკეპტიკურ ხმას, რომელიც ¨მგზავრობაში¨ მოსაუბრე აფხაზის პირითაა გამჟღავნებული.

* * *

ამ პერიოდის გრ. ორბელიანის შემოქმედების განხილვა სრული არ იქნებოდა თუ ჩვენ გვერდს ავუვლიდით პოეტის ერთ-ერთ უთარიღო ლირიკულ მიძღვნას ¨ გულნი ივერთა¨ (1832). ეს ლექსი პოეტმა შეიტანა ჯერ 1854 წელს ცალკე დაწერილ ნიკოლოზ I –ის ქებაში (¨ტოლუბაშიდან¨), ხოლო შემდეგ – თავის პოემაში ¨ სადღეგრძელო¨ აი ეს ლექსიც:

გულნი ივერთა აქვთ მსხვერპლად მზადა, შენდა შესაფერ – შესაწირავად,

ტაძარი შენი არს გულსა ჩვენსა, მოველ მშვიდობის ჩვენდა საკმევად.

კმა არს, რაც ვკარგეთ აქამდის, აწ შენში ვპოვოთ კარგული,

ამაღლდეს ქედი ივერის შავ-ბედით დამიწებული.

მტერთა შემუსვრით, შენის მხნეობით, კეთილდღეობით აღგვაყვავილე,

სწავლათა ჰპოვონ აქ თვის სადგური, მისისა ნათლად ჩვენ გაგვანათლე!

მტერი შეძრწუნდეს, რა მოახლოვდეს, შენსა საზღვარსა მხნეობით მცველსა,

თამარის დღენი, დიდების დღენი, უკ- მოუქციე ივერიასა.

ეს სტრიქონები დაწერილია, 1832 წლამდე, არა უგვიანეს 1832 წლისა. ლექსი აღმოჩნდა 1832 წლის შეთქმულთა საქმეებში, სადაც მოთავსებულია ნოვგოროდში პოეტისათვის ჩამორთმეული ხელნაწერები[6]. საგამომძიებლო კომისიისათვის მიცემულ ჩვენებაში გრ. ორბელიანს განუცხადებია, რომ მას განზრახული ჰქონია ამ ლექსის შეტანა იმპერატორისადმი ნავარაუდევ მიძღვნაში.

სპეციალურ ლიტერატურაში ორი საწინააღმდეგო თვალსაზრისია გამოთქმული ამ საკითხზე: ზოგს პოეტის განცხადება მიაჩნია არაგულწრფელად, ზოგს პირიქით – სრულიად არ ეეჭვება იგი. საქმის ნამდვილი ვითარება კი ასეთია: გრ. ორბელიანმა ზემოთ მოტანილი ტაეპები მართლაც შეიტანა ხელმწიფისადმი მიმართულ სადღეგრძელოში 1854 წელს, შემდეგ კი –პოემის საბოლოო რედაქციაში, ე. ი. მან განახორციელა ის განზრახვა, რომლის შესახებ საგამომძიებლო კომისიის წევრისათვის (გენერალ-მაიორ ვოლხოვსკისათვის) მოუხსენებია ჯერ კიდევ 1833 წელს. პოეტის გულწრფელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ¨ გულნი ივერთაში¨ უეჭველად ნაგულისხმევია (დაუსახელებლად) ნიკოლოზ I, რომელმაც ¨ სწავლის ნათელით¨ უნდა ¨ააყვავილოს¨ პოეტის ქვეყანა და ივერია ¨ უკ-მოუქციოს თამარის დღენი, დიდების დღენი¨.

ამ ლექსის ვრცელი ვარიანტი ავტორმა დაწერა 1854 წელს. იმპერატორის სახელი აქ უკვე დასახელებულია და მასში შეტანილია ე. წ. ყირიმის ომით ( 1853 –1856 ) შთაგონებული ტაეპი. ეს ვარიანტი უსათაუროა, მაგრამ ერთ-ერთ ხელნაწერში მას ავტორისაგან აშიაზე მიწერილი აქვს: ¨ესეც ტოლუბაშის არის¨: მაშასადამე, ამჯერადაც პოეტი მეფის სადღეგრძელოს ვარაუდობს, როგორც თავისი ერთადერთი პოემის საბოლოო რედაქციის ნაწილს. პოემა ¨ სადღეგრძელო¨ კი ძირითადად ჩამოყალიბდა 1870 წელს და იმპერატორისადმი მიძღვნაც შიგ მოხვდა ( სხვა ახალ თავებთან ერთად, რომელთაც პოემის ადრინდელ ვარიანტებში, ¨ ტოლუბაშის¨ სახელით რომაა ცნობილი, არ ვხვდებით). მიძღვნას აქ ჩამოცილებული აქვს ყირიმის ომით გამოწვეული სტრიქონები და თავისი ლაკონიზმით უახლოვდება პირველ ვარიანტს (¨გულნი ივერთა¨), თუმცა თავსა და ბოლოში დამატებული აქვს სტრიქონები, რომლებიც ოდას კომპოზიციურად და თემატურად პოემისათვის უფრო შესაფერ ნაწილად აქცევენ: ¨სადღეგრძელოს ბოლო რედაქციის ( 1870) ამ ადგილას ავტორი ამჟღავნებს ტენდენციას–თავისი ნაწარმოები დაუახლოოს ჟუკოვსკის ¨ მომღერლის¨ სათანადო ადგილს. რუსი პოეტის ნაწარმოებში მომღერლის მიერ წარმოდგენილ სადღეგრძელოს მამულისადმი და მეფეთა და წინაპართა ფერფლის პატივსაცემად (რომელიც იწყება სიტყვებით: Отчизне кубок сей, друзъя!) მიჰყვება მეომართა ოთხტაეპიანი შეძახილი За них! За них, всю нашу кровъ! ამას მოსდევს მომღერლის სადღეგრძელო ალექსანდრე პირველისადმი: Тебе сей кубок, русский царъ! ზუსტად ამგვარი თანმიმდევრობაა დაცული გრ. ორბელიანის პოემის საბოლოო რედაქციაში: ვრცელ სადღეგრძელოს, რომელიც იწყება სიტყვებით: ¨ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად¨ მიჰყვება ოთხსტრიქონიანი შეძახილი მხედრებისა (¨გმირნო, მამულის მადიდნო ¨…). ხოლო ამას მოსდევს ნიკოლოზ I –ის სადღეგრძელო (¨ხელმწიფევ ჩვენო…¨). ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანა: ¨გულნი ივერთა¨ ავტორს დაუწერია, როგორც ხელმწიფისადმი განზრახული სადღეგრძელოს ერთ-ერთი პირველი ვარიანტი, იგი ამ ლექსს უყურებდა როგორც ხელმწიფის ქების თავდაპირველ მონახაზს. ამავე დროს, ¨ გულნი ივერთა¨ პოეტს თავიდანვე ნავარაუდევი ჰქონია ¨ტოლუბაშის¨ (იმავე ¨სადღეგრძელოს)¨ ერთ-ერთ ნაწილად, რასაც მას ჟუკოვსკის ნაწარმოებისადმი ¨ მიბაძვა¨ ავალებდა[7] .

მაშასადამე, ¨გულნი ივერთა¨ შეუძლებელია დამოუკიდებელ ნაწარმოებად ჩაითვალოს. ავტორს იგი თავიდანვე ¨ ტოლუბაშის¨ შემავალ ნაწილად ჰქონია განზრახული. მაგრამ საკითხავია – რატომ არ მოხვდა ¨ გულნი ივერთა¨ ¨ ტოლუბაშში¨ თავიდანვე? საქმე ისაა, რომ ¨ ტოლუბაშის ¨ ვარიანტები დაუმთავრებელია, ისინი, სახელდობრ ვარიანტებია ვრცლად მოფიქრებული პოემისა, რომელმაც საბოლოო სახე მხოლოდ 1870 და 1879 წლებში მიიღო. პოეტი, საერთოდ, დიდხანს ამუშავებდა თავის ნაწარმოებებს, წერდა ცალკეულ თავებს, სტროფებსაც კი, და შემდეგ აერთებდა მათ. ცალკეული ნაწილების დამოუკიდებლად მოფიქრებისა და ვარიანტებად შეთხზვის (შემდეგ კი მათი ერთმანეთთან შერწყმის) ასეთი მაგალითები ხშირია გრ. ორბელიანის ლირიკულ ლექსებშიც[8]. ¨ სადღეგრძელოს¨ ტექსტუალური¨ ისტორიის საფუძველზე ეს ფაქტი უფრო თვალსაჩინოა.

ამიტომ, ¨ გულნი ივერთა¨ არ შეიძლება განსაკუთრებულ დისონანსად მივიჩნიოთ. გრ. ორბელიანის ლირიკაში 1832 წლის შეთქმულებასთან პოეტის იდეური კავშირის თვალსაზრისით. იგი წარმოიშვა როგორც ჟუკოვსკის პოემის სათანადო ადგილის ქართული ვარიაცია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ავტორმა ¨გულნი ივერთა¨ გავრცობილი სახით შეიტანა ¨სადღეგრძელოში¨ 1870 წელს, როცა დიდი ხნის გარდაცვლილი იმპერატორის ქება სრულიად არ იყო სავალდებულო წარჩინებული ქართველი გენერლისათვის – რაიმე თავის მართლების ან ვიზისათვის პოეტს იგი არ დასჭირვებია, რადგან ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. უბრალოდ – ავტორი იცავს ისტორიულ პერსპექტივას: 1826-1828 წწ. რუსეთ- ირანის ომი წარმოებდა ნიკოლოზ I-ის დროს და ამ უკანასკნელის მოხსენიება ¨სადღეგრძელოში¨ ერთგვარ პოეტურ პარალელს წარმოადგენდა ჟუკოვსკის პოემის სათანადო ადგილას ალექსანდრე I –ის მოხსენიებისა 1812 წლის ამბებთან დაკავშირებით. ¨გულნი ივერთა¨ დაწერილია ლიტერატურული პროტოტიპისადმი თავისებური მიბაძვით – პოეტს ხომ უნდა სადმე ხაზი გაესვა დროისა და ეპოქისათვის! ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ¨გულნი ივერთა¨ პატრიოტულ მოტივსაც შეიცავს – პოეტს ეზმანება ¨თამარის დღენი, დიდების დღენი¨, რომელიც რუსეთის მონარქმა უნდა დაუბრუნოს ივერიას.რუსეთთან შეერთების პროგრესულ მნიშვნელობას ქართველი არისტოკრატიის გარკვეული ნაწილი ხედავდა იმაში, რომ რუსეთი საქართველოს მტრებს გაუნადგურებდა, რომ ივერიის საზღვრებს მუსლიმანური სამყარო ამიერიდან ვეღარ გადმოლახავდა. როგორც ჩანს, ეს შეხედულება გრ. ორბელიანს მთლიანად არ შეუცვლია. 1832 წლის შეთქმულების პერიოდშიც, ე. ი. მაშინაც, როცა პოეტის პოლიტიკური რადიკალიზმი და ცარიზმის მიერ საქართველოში დამკვიდრებული ბიუროკრატიული რეჟიმისადმი პროტესტანტული განწყობილება მასში განსაკუთრებით ძლიერი იყო. აკი ასეთი იდეური კომპრომისი, რომელსაც პირველი შეხედვით ერთგვარი წინააღმდეგობის ბეჭედიც აზის, შეიმჩნევა პოეტის დღიურშიც ¨მგზავრობა ჩემი…?! მაგრამ ზედმეტად მიგვაჩნია გაზვიადება ¨ გულნი ივერთას¨ (და, საერთოდ, ხელმწიფის სადღეგრძელოს) მნიშვნელობისა გრ. ორბელიანის მსოფლმხედველობის ანალიზის დროს. ვინც ამ ნაწარმოების წარმოშობის ისტორიას გაითვალისწინებს, ვერ შეძლებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მას, ვიდრე სინამდვილეში აქვს. ხელმწიფის სადღეგრძელოს საფუძველზე პოეტის ორთოდოქსალურ მონარქისტად აღიარებას არავითარი საფუძველი არა აქვს, მაგრამ მისთვის გვერდის ავლა ან მიჩქმალვა მართებული არ იქნება[9] .

რასაკვირველია, გრ. ორბელიანს არაერთხელ გამოუთქვამს დღიურებსა და წერილებში ნიკოლოზ პირველის ქება. მთელი ნახევარი საუკუნე იმსახურა გრ. ორბელიანმა სამხედრო და სამოქალაქო სარბიელზე, ვითარცა რუსეთის არმიის გენერალმა და ადმინისტრატორმა.პოეტის ეპისტორალური მემკვიდრეობა სავსეა დითირამბებით საქართველოს სხვადასხვა მთავარმართებლებისა და რუსეთის ხელმწიფეთა მისამართით. მაგრამ პოეტის კერძო ბარათებში ამგვარ დითირამბებთან ერთად არაერთხელ გაისმის შეკავებული ბოღმაც, განსაკუთრებით 70-იან და 80-იან წლებში. ჩვენ უფრო ვრცლად ამის შესახებ მოგვიხდება საუბარი ქვემოთ, გრ. ორბელიანს ცხოვრების მეორე და მესამე პერიოდის დახასიათებისას.

აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ¨იარალის¨ ავტორს საქართველოში ბიუროკრატიული რეჟიმის არც ერთი პერიოდი არ მიაჩნდა ბედნიერ ხანად. ¨ოთხმოცი წლის განმავლობაში ხომ ვნახეთ, რაც ბრძანდებიან ღუბერნატორები და ვიგემეთ მამობრივი მათი მზრუნველობა ჩვენზე… შორიდან მოსული ჩინოვნიკი, რომელიცა არ იცნობს ხალხსა, რომელმანცა არ იცის მისი ენა, ჩვეულება, ცხოვრება, ისტორია, აბა, რისთვის გაიხეთქს თავსა? რა მოაგონდება წარსულის დროებიდან? რა კავშირი აქვს აქაურთა მცხოვრებთა, რომ იფიქროს, გული დაეწოს ხალხის ბედნიერებისა და გულმოსვენებით ყოფაცხოვრებისათვის! სამიათასის ვერსტიდან მოსულა აქა ჩინოვნიკი მხოლოდ იმისათვის, რომ მიიღოს ჩინები, იშოვნოს აქედამ, იქიდამ ფულები, და გაჰსწიოს მშვიდობიანად თავისვე ქვეყანაში! მე ბევრი მინახავს დიდროანი სასახლეები რუსეთში აქაურის ფულით აშენებული. ქართულ ენას აღარ ასწავლიან ღიმნაზიაში და აღარც სემინარიაში…¨ ასე სწერდა გრ. ორბელიანი გენ. ნიკო ჭავჭავაძეს 1881 წლის 7 აგვისტოს[10]. აქედან ჩანს, რომ თავისი სიცოცხლის მიწურულშიაც გრ. ორბელიანი ისევე ფიქრობს როგორც 1832 წლის შეთქმულების ხანაში. მოვიგონოთ მისი სიტყვები ლექსიდან ¨ჰე, ივერიავ¨ ( 1832):

შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,

მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას.

ზედმეტი არ იქნება, თუ გავიხსენებთ პოეტის სიტყვებს კონსპექტიდან ¨ საქართველო ჩვენი დროისა¨, რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ იყო ციტირებული.

* * *

მამულისადმი სიყვარულის, საქართველოს გმირული წარსულის იდეალიზაციის მოტივებთან ერთად გრ. ორბელიანის პოეზიაში- პირველი პერიოდის ნაწერები (1824 –1832) – ფართოდაა წარმოდგენილი თითქმის ყველა ძირითადი მოტივი საერთოდ მისი შემოქმედებისა: სიყვარულისა და მეგობრობის კულტი, ბუნების ხოტბა და სევდა წარმავლობისა ( უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა მეორე პერიოდში (1833 –1858) და კიდევ უფრო ღრმად გამოიხატა პოეტის ცხოვრებისა და მხატვრული შემოქმედების მესამე პერიოდში.

ჯერ კიდევ ¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში ( 1827) გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. ¨ტოლუბაში¨ მთავრდება სიყვარულისადმი მიძღვნილი ჰიმნით.

ძმანო, ივიწყეთ მცირეს ჟამს მტერი, ომი და დიდება!

მოიგონეთ სიყვარული, სიცოცხლისა სიტკბოება,

რომლისთვისცა შეგიწირავსთ გული და სრულად ცხოვრება,

შევსვათ ღვინო! მის სადღეგრძელოდ გვეღირსოს ხილვა ეგება[11].

* * *

ბედნიერება დღეთა ჩვენთ არს სიყვარულის ყვავილი;

რა განქრეს მისი სიტურფე, სიხარულს ნუღარ მოელი;

თუმც ძნელ არს მისი მოწყვეტა, მით, რომ არს ეკლით მოსილი,

მარა სიძნელე სუსტ გულს ჰკლავს და მტკიცე მით არს აღზრდილი.

პოეტის აზრით, სიყვარული ვაჟკაცობისა და გამბედაობის წყაროცაა:

ტრფობა ალითა[12], ვისაცა ჩვენს შორის გული ეწოდეს,

სახე სატრფოის მარადის ვის სულს აღბეჭდვით თან სდევდეს!

ამა სოფელსა მას რაი! წინა საბრკმელად აღუდგეს?

გულს სიყვარულით, ხელს ხმალით რას არა აღასრულებდეს?

აღსანიშნავია, რომ პოემის ამ პირველ ვარიანტში სიყვარული უკვე გაგებულია, როგორც ადამინის მთელი არსების მომცველი გრძნობა, როგორც ¨სულიერი ტკბობა¨ და უკვდავებასთან ზიარების ერთადერთი საშუალება. თვით უკვდავებასაც ეკარგება აზრი სიყვარულის გარეშე. შორს მყოფი სატრფოს მისამართით პოეტი ამბობს:

რომ სახე შენი, თვალთა დახშულმან, თანა წარვიღო იმიერ სოფელს,

მუნ სანუგეშად, მუნ საშვებელად, და რათა მითვე ვჰსცნა უკვდავება.

რაა გინდ მოვკვდე? მაინც შენდამი სულს სიყვარული თანა წარჰყვება!

უკვდავება არს სულის დატკბობა, რომელს დასასულ არა ექმნების!

(¨ტოლუბაში ¨, 1827)

ამ სიტყვებში გამოხატულია სიყვარულის კოდექსი გრ. ორბელიანისა, მისი Arsamatoria-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება: სიყვარული ადამიანს არა მარტო სულიერ სიტკბოებას ანიჭებს, არამედ აზიარებს უკვდავებასაც და თვით ეს უკანასკნელი უსიყვარულოდ შეიძლება ¨ საპყრობილედ¨ იქცეს.

ამასვე იმეორებდა პოეტი 1832 წელს შემდეგ ორტაეპიან ლექსში:

რა უნდა აქვნდეს სულსა უკვდავი,

თუ მასში განჰქრეს კვლავ სიყვარული?

გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკაში შორეულად და ბუნდოვნად გამოკრთის რეალური არსებაც, როგორც ადრესატი პოეტის სათუთი მიმართვებისა. ხოლო გრ. ორბელიანის მთავარ სატრფიალო ლექსებში, რომელთა ინიციალების ქვეშ ყოველთვის ცოცხალი არსებანი იგულისხმებიან (სოფიო ორბელიანი, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები და სხვები), ლირიკული პერსონაჟების გარეგნული ნაკვთებიცაა მოხაზული. ასევე იქცევა გრ. ორბელიანი ყარაჩოხელური მონოლოგების ციკლშიც, მაგრამ თუ საკუთარი გატაცების საგნებზე მსჯელობისას იგი სულიერი მშვენიერების ან განსულიერებული ეროტიკის მეხოტბედ გვევლინება, მუხამბაზებში პოეტი იშვიათად სციდლება გარეგანი სილამაზის თაყვანისცემას. მიუხედავად ამისა, აქაც გრ. ორბელიანი სატრფოსადმი მიმართვის დროს მეტწილად კეთილშობილურ ტონს იცავს.

სიყვარულის გაგებაში გრ. ორბელიანის შეხედულებებს არავითარი ევოლუცია არ განუცდია. ამიტომ, როდესაც გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის შესახებ გვიხდება საუბარი, საჭიროა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული პირველ პერიოდშივე, რაც ნათლადაა გამოხატული პოეტის ყველაზე მნიშვნელოვან და ქრონოლოგიურად ყველაზე

ადრინდელ ნაწარმოებში ¨ ტოლუბაში¨ (1827), ამით ყოველგვარი საფუძველი ეცლება მტკიცებას იმის შესახებ, თითქოს გრ. ორბელიანი პირველ პერიოდში უმთავრესად ფიზიკური, ხორციელი, ანუ ეროტიკული სიყვარულის მეხოტბე იყო.

გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული

ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი:

როს გხედავ, მნათო! ღიმილით ჩემ კერძოდ წარმოვლენილსა

ვივიწყებ ყოველთ სიმწარეთ, ბედისგან მოვლინებულსა,

სულისა ღელვა მშვიდდების ………….

(¨ ნ…..დმი¨, 1829)

20 –30-იანი წლების თბილისის უმშვენიერეს ქალს, დაქვრივებულ და მტირალ ნინოს, იგი მიმართავს:

მაშ, მოვედ, მნათო! ჩემს გულზედ შეწუხებულის შვენებით,

ნაცვლად შენსა მე ვიკვნესო, შენის ჭმუნვისა მიღებით.

თუ ოცნებით ცრემლსა აფრქვევ, ეგე ცრემლი, ოჰ, ვით გშვენის!

ვითა ნამი ზეციური თვალთა შინა გამობრწყინვის,

ვარდებრივთა ღაწვთა ზედა მარგალიტნი გარდმოგცვივის.

თუ შეჰსწყვიტო, შევინანებ, გიმზერ ჩუმად და მიხარის.

(¨ მტირალ ნ….. ს¨, 1829)

გრ. ორბელიანის ტრფობას ნინოსადმი ასაზრდოებდა ძლიერი, მაგრამ თავდაჭერილი ვნება, ზნეობრივი გრძნობის სისპეტაკითა და რაინდული თავშეკავებით გაშუქებული. ასეთი განცდები ნაწილობრივ ახასიათებს გრ. ორბელიანის ლექსებსაც სოფიო ორბელიანისადმი, რომელზედაც იგი აკვანშივე ყოფილა დანიშნული.

1835 წელს გრ. ორბელიანი სწერდა სალომე ჭავჭავაძეს:¨ ახ! ჩემი სოფო სად არის, ნეტავ ვახსოვარ თუ შარშანდელს თაოვლსავით არღა ვჰყოფობ იმისათვის. – ბედს უყურეთ, მე ვარ დასავლეთს, ის აღმოსავლეთს, როდისღა უნდა შევიყარნეთ!¨[13] მაგრამ სოფიოს არ დაუცდია საქმროს ჩამოსვლისათვის და იგი ამ ხანებში რუს მოხელეს, ბეზაკს, გაჰყოლია. სოფიოსადმია მიძღვნილი პოეტის ლექსი ¨ გამოსალმება¨. შესანიშნავია სტრიქონები:

ნამდვილი ტრფობა გინა რა სიტყვათ ეძებდეს, ვერ ჰპოვებს,

რათა გამოსთქვას თვის გრძნობა და მისთვის ოხვრით მდუმარებს.

ამ ლექსშიაც პოეტი იცავს იმ აზრს, რომ სიყვარულის მუდმივობის პირობა სულიერად ძლიერი ადამიანის არსებაშია, სიშორე არაფერს აკლებს ჭეშმარიტ ტრფობას, ხოლო ¨უძლურთ გულთ ტრფობა¨ მიაგავს მთიდან დაქანებულ წყაროს, რომელიც ველზე გაშლისას თანდათან ¨ უძლურდება¨. შესანიშნავია, რომ გრ. ორბელიანს იმავე წელს პეტერბურგს დაწერილ ლექსში ¨ ღამე¨ გადმოცემული აქვს შორს მყოფ სატრფოსთან სულიერი გაერთიანების ნახევრად სიზმარეული განცდა.

პოეტის სასიყვარულო კოდექსის თანახმად, სატრფოს სიშორე სრულიად არ ანელებს სიყვარულის გრძნობის ინტენსივობას, იგი ზოგჯერ თვალხილულ ზმანებასა და სულთა თანაზიარებაში გადადის. მაგრამ, ვიმეორებ, გრ. ორბელიანის ლირიკაში სიყვარულის ასეთი გაგება ორგანულად ითავსებს ჯანმრთელ ეროტიზმს, რეალურ ობიექტს და ამ ობიექტის მკაფიო, , პლასტიკურ გამოსახვას. ქართველ რომანტიკოსთა შორის ამ მხრივ გრ.

ორბელიანს განსაკუთრებით ენათესავება ნიკ. ბარათაშვილი. მაგრამ გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკა სხვა, უფრო მსუბუქ ტონებსაც გამოსცემს. პოეტს აქვს ლექსები, რომლებშიაც ქალის მარტოოდენ სილამაზეა შექებული, წინ წამოწეულია მხოლოდ ეროტიკული განცდა, ერთგვარი ფრივოლური ელემენტიც კი. ასეთია მისი საალბომო ლექსები:¨ ს¨ (1832), ¨ვ-სა¨ (1832), ¨ ალბომში¨ (1832) და ზოგიერთი პატარა ფრაგმენტიც 1831 –1832 წლებისა… გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის მთელი ციკლი ლექსებისა, რომლებშიაც გამოხატულია მისი სიყვარული ლხინისადმი, ცხოვრებით ტკბობა და დროს ტარებით გამოწვეული აღტაცება. პოეტი შეგნებულად მიისწრაფოდა გართობისა და ნადიმის მოყვარულთა წრეში. გრ. ორბელიანის პირადი წერილები შესანიშნავ მასალას გვაწვდიან იმ გარემოს გასათვალისწინებლად, სადაც პოეტს უხდებოდა თავისი ჭაბუკური სიხალისის გამოვლინება. გრ. ორბელიანი თვითონ ახორციელებდა ყოველივე იმას, რასაც თავის მეგობარ ანტონ ორბელიანს ურჩევდა:

ჰე, ჭაბუკო, სიხარულით დღენი შენნი განატარე

იმხიარულე, შეექეც, ილხინე და შეიყვარე;

ერთსა წამსაც ნუ დაჰკარგავ, გაქვნდეს სახე მოცინარე;

სიცოცხლითა აწვე დაჰსტკბი, მხიარულობს გული ვიდრე.

(¨ ანტონს¨, 1829)

განწყობილებათა ამ რკალში ექცევა გრ. ორბელიანის მიერ თარგმნილი ¨ ლხინიც¨ პუშკინისა. ერთსა და იმავე დროს ¨ ღვინოთი და ეშხით¨ თრობა აქვს ასახული პოეტს თავის ¨ მუხამბაზში¨( 1829):

ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,

მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!

მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.

მაშინ გინდ მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,

ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით,

ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.

ამ ლექსში გრ. ორბელიანი აგრძელებს ბესიკის, საიათნოვასა და ალ. ჭავჭავაძის ლირიკის ხაზს. როგორც ანაკრეონტული პოეზიის თავისებური ნიმუში, გრ. ორბელიანის ¨მუხამბაზიც¨ (და სხვა ანალოგიური ემოციის შემცველი ლირიკული გამოთქმები პირველი პერიოდისა) განცდათა სირთულით არ ხასიათდება და პოეტის შემოქმედების პერიფერიას ეკუთვნის. მეორე პერიოდში კი გრ. ორბელიანმა ამ ჟანრის საკუეთესო რეალისტური ნიმუშები შექმნა.

ქართული ლხინისადმი სიყვარული გრ. ორბელიანმა გამოხატა ¨სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტშიაც ( 1827) და ლექსში ¨ იარალის¨ ( 1832). ნამდვილი ბახუსის ჰიმნად შეიძლება ჩაითვალოს ტოლუბაშის სიტყვები:

და შენ, ჰე ღვინოვ! ყოვლად ძლიერო!

ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე!

გულის ჭირთ მდევნო! ნიჭო ციერო,

ვინ არს, რომელ ჰგვას და არ ალხინე?

ძალზე პოპულარულია ¨ იარალის¨ პირველი სტრიქონები:

ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს

ლხინით აღვსილი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს და ა. შ.

გრ. ორბელიანის პირველი ¨ მუხამბაზისა¨ და ¨ იარალის¨ აქ მოტანილი სტროფები წარმოადგენს ერთგვარ introductio- ს პოეტის იმ მუხამბაზებისა და ლექსებისა, რომლებშიაც ავტორმა შემდეგ (მეორე პერიოდში) მთლიანად გააცოცხლა ქალაქის სასიმღერო ფოლკლორი, ძველი თბილისის ჟანრული სურათები და ნატურმორტები.

* * *

გრ.ორბელიანის პირველი პერიოდის ლირიკისა და ეპოსში საპატიო ადგილი უჭირავს აგრეთვე მეგობრობის თემას ჯერ კიდევ¨ სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტში მეგობრობის სადღეგრძელოს წარმოთქვამს ტოლუბაში. ეს სადღეგრძელო წინ უსწრებს სიყვარულის ქებას და შვიდ სტროფს შეიცავს. ყველა ის დახვეწილი და აზრობრივად გაღრმავებული, შევიდა პოემის საბოლოო რედაქციაშიც: ¨მეგობრობასა წმინდასა შევწიროთ სრულად, რაც გვაქვნდეს, დავნერგოთ გულსა გრძნობა ეს, და აღთქმა არა გვავიწყდეს… ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად, და ვინც ბრძოლასა დაეცეს, ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!¨

¨წმინდა მეგობრობის¨ ეს დეკლარაცია გრ. ორბელიანის ბიოგრაფის კონკრეტული მაგალითებითაა გამართული. გრ. ორბელიანის პოეტური ქმნილებები იხსნება ანტონ ორბელიანისადმი მიძღვნილი ლექსით, რომელშიც პოეტი სხვათაშორის ურჩევს მას:

მეგობრობასა სიცოცხლე, სიყვარულსა მიეც გული!

ამათგან ჩვენი ცხოვრება არს ტურფად აღყვავებული.

წუხილი გვაქვს? მათ მიეყრდნე, მყისვე ჰყონ განქარვებული,

მოგცენ იმედი, ნუგეში, სიამოვნება, ღიმილი.

(¨ ანტონს¨, 1829)

ლექსში¨ ჩემს დას ეფემიას¨ (1835) გრ. ორბელიანი განსაკუთრებული სიყვარულით იგონებს მეგობრებს შორის გატარებულ ხანას. პატიმარ პოეტს თითქოს ზოგი მათგანის ხმაც მოესმა ყაზარმის კედლებში.

გრ. ორბელიანი ყველა თავისი სულიერი სიმძიმილის დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობრის ხმას, როგორც გამამხნევებელ ნუგეშს. და თვითონაც ასევე მზად იყო მეგობრის დასახმარებლად. საერთოდ, მეგობრებისადმი გრ. ორბელიანის უანგარო სიყვარული ფრიად მიმზიდველი ფურცელი მისი ცხოვრების მატიანეში.

გრ. ორბელიანის პოეზიაში დამუშავებული მეგობრობის თემის ტრადიციის სათავე რუსთაველის პოემაშია.

* * *

გრ. ორბელიანი ბუნების დიდი მომღერალია. XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში მან გააცოცხლა საქართველოს გოლიათი მთების ზვიადი სახე, მთებიდან მდინარეების ხმაური, ფერთა თამაში ცისკრისა და მზის ჩასვლის ჟამს. მანამდე არც ერთ ქართველ პოეტს არ უცდია ასე ახლო მისვლა ბუნებასთან, არავის შეუტანია ეგზომ დინამიკური ელემენტი ლანდშაფტებსა და პეიზაჟებში. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას, ესმის ყვავილთა ფშვინვა ჟრიამული, მოხიბლულია ცის ტატნობზე ვარსკვლავთა ციმციმით, მზის მოელვარე სხივებით, მთვარიანი ღამეების იდუმალებით. მთელი ქართული პოეზიაა დავალებული გრ. ორბელიანის მიერ ბუნების ამგვარი ამეტყველებისაგან.

გრ. ორბელიანს თავიდანვე ახასიათებდა არაჩვეულებრივი ემოციური მისვლა ბუნებასთან, მისი პლასტიკური აღქმა, შეუკავებელი სურვილი შთაბეჭდილებათა ფიქსაციისა. ამ მხრივ უაღრესად საინტერესოა ბუნების აღწერები გრ. ორბელიანის დღიურში ¨ მგზავრობა ჩემი…¨ მოვიყვანთ სამი ადგილის ამონაწერს.

კაიშაურში ჩამოსული ავტორი ჰყვება:

¨ საღამო იყო მშვენიერი. მზე მიეფარა მთათა და უკანასკნელნი

სხივნი მისნი ცეცხლებრ აღანთებდნენ თოვლიანთა მთათა

ათასფრად. წმინდასა ჰაერსა მოჰქონდა სურნელება ყვავილთა. ქვეშე

ფერხთა ჩემთა არაგვი შორს, უფსკრულსა შინა, მიმოიკლაკნებოდა

თეთრად ძაფსავით და გრიალი მისი ისმოდა საზარლად. საშინელი

მთანი, ერთმანეთზედა აყვანილნი ცათამდის, დიდებულებით

მდუმარებდნენ. ვიჯექ კლდესა, უფსკრულსა ზედაგადაკიდებულსა

და ვსჭვრეტდი მდინარეთა მთათაგან გარდმოქანებულთა

უფსკრულთა შინა დაკარგულთა¨.

ანანურში მოსულ პოეტს ისევ იტაცებს ბუნების სანახაობა: ¨გზაზედ დაგვიღამდა. მთოვარე მშვენივრად ანათებდა თოვლიანთა მთების წვერთა; გარეშე ჩვენსა ყოველივე იყო მდუმარებასა შინა დაფლული, მხოლოდ არაგვი ყვირილითა რბიოდა და აყრუებდა არესა. კაცი, იხილავს რა დიდ-მშვენიერებასა ბუნებისასა, უნებლიეთ მდუმარებს დაფიქრებული. ნათელი მთოვარისა, ძლივს მოწვდენილი ჩვენდამო უფსკრულსა შინა, სიწყვდიადე და მდუმარება ტყეთა, ღრიალი არაგვისა,- ყოველივე ესე აძრწუნებდა გრძნობათა და ენასა ყოფდა უქმად¨. ყაზბეგში ავტორის წინაშე უკვე ამოძრავებული ბუნების გარნდიოზული პანორამა გადაიშლება: ¨აქედამ დაიწყების საკვირველი იგი სიჩქარე თერგისა, რომელიცა ყოველთა მხილველთათვის არს გასაკვირველი, – მიიღებს რა

გარდმოქანილთა მთათაგან მდინარეთა, თერგი დუღდების, ჰრისხდების და ვითარცა გაცოფებული ჰყრის ქაფთა და ჰრბის გრიალითა. ვერარასა ძალუძს წინააღუდგეს მისსა გიჟურსა სიჩქარესა. შეხვდებიან მას დიდროანნი, საზარელნი ლოდნი? – ჰხლტების მაღლა და მათზედა გარდაევლების; და მაშინ წარმოუდგების თვალთა მშვენიერ შადრევანად, ანუ მთად ალმასებრ გარდმოფანტულად¨.

დღიურის ეს ადგილები წარმოადგენს წინამორბედს მისი შესანიშნავი ლირიკული ქმნილებისა ¨საღამო გამოსალმებისა¨ ( 1841):

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,

თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!

ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,

ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულთ გვირგვინით შემკულნი!

მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,

და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.

გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,

მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.

წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უბსკრულს ჰსცვივიან,

თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან.

მართალია, ეს ლექსი 1841 წელს ბუნების უშუალო ხილვით არის შთაგონებული, მაგრამ პოეტი ქვეშეცნეულად იმეორებს თავის ადრინდელ შთაბეჭდილებებსაც: პირველი შეხედვით შეიძლება გვეფიქრა, თითქოს ავტორს თავისი დღიურის ზოგი ადგილი რიტმულად გაუმართავს.

¨მგზავრობაში¨ გადმოცემული შთაბეჭდილებები უძევს საფუძვლად ¨სადღეგრძელოს¨ უკანასკნელ რედაქციაში შეტანილ ზოგიერთ სტროფსაც, რომლებიც ბუნების ხოტბას შეიცავს. აქაც განმეორებულია ცალკეული ფრაზები ზემოთ მოყვანილი პროზაული ადგილებისა:

სადა შევხარით ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა,

მასზე მავალსა ხელმწიფებრ, მზეს ბრწყინვით განსხივებულსა,

ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათებულსა!

სიცოცხლის მომფენს ჰაერსა სურნელებრ შეზავებულსა!

სად მთანი ყივის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი

და მდინარენი ძახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი,

სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.

¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში ( 1827) ბუნების ხოტბა არაა (ეს ვარიანტი დაიწერა რუსეთს გამგზავრებამდე), როგორც ჩანს, პირველი ძლიერი შთაბეჭდილება საქართველოს დიადი მთებისაგან პოეტს 1831 წელს მიუღია, ყოველ შემთხვევაში, მყინვარისა და თერგის ბრწყინვალე პროზაული აღწერა ამ ხანას ეკუთვნის. 40–იან და 70 –იან წლებში კი, როდესაც პოეტი ¨საღამოს გამოსალმებისას¨ წერდა და ¨სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქციას ამუშავებდა, მის პოეტურ ცნობიერებაში კვლავ ამოტივტივებულია 1831 წელს დარიალის ხეობის ზღურბლთან მიღებული შთაბეჭდილებანი.

რასაკვირველია, გრ. ორბელიანს ხშირად უხდებოდა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს დიადი ბუნების ჭვრეტა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ნიშნეულია ის ფაქტი, რომ პოეტი ისევ პირველ შთაბეჭდილებათა წრეში იმყოფება ზემოთ დასახელებული ორი ნაწარმოების შექმნისას. აქვე შევნიშნავთ, რომ გრ. ორბელიანს ¨მგზავრობის¨ ხელნაწერი 1833 წლის შემდეგ ხელთ არ ჰქონია (ეს დღიური ჟანდარმერიამ პოეტს ჩამოართვა ნოვგოროდში დაპატიმრების დროს).

ბუნების სურათს გვიხატავს გრ. ორბელიანი აგრეთვე 1832 წელს დაწერილ ლექსში ¨ღამე¨. პოეტის განცდები აქ მთვარიან ღამეშია გალხობილი.

ბუნებასთან პოეტის ასეთი თანაზიარობის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, თითქოს გრ. ორბელიანი ზუსტად ხატავდეს რომანტიკულ პეიზაჟს. არც ერთ მის ლანდშაფტს არა აქვს გადაფარებული მისტიკური საბურველი. ბუნების სიდიადით გამოწვეული აღტაცება პოეტისა ყოველთვის უშუალოა, ამასთან, ბუნება თვითონაა შემკული ფერებისა და სურნელების მომაჯადოებელი ძალით, რომელსაც შეუძლია სიტკბოება განაცდევინოს ყველა მომაკვდავს, გზაზე მიმავალ და დაღლილ ადამიანს. გრ. ორბელიანის მიერ ბუნების აღქმის ცალკეული დამთხვევა რომანტიკოსების მიერ ბუნების კულტთან არაა წმინდა ლიტერატურული ფუნქციით გაპირობებული, იგი ორგანული მოვლენაა ქართველი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ჩვენს შეხედულებას ნათელყოფს თუნდაც ერთი პარალელი: ¨ღამეში¨ პოეტი გახარებულია, რომ მთვარით გაშუქებულ არეში მან მოახერხა შორეული და საყვარელი არსების ხილვა და მასთან სულიერი გაერთიანება. ასეთი ბედნიერი ზმანების წუთებში იგი უკმაყოფილოა ცისკრის ჟამის მოახლოებით და აცხადებს: დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთ გაგვყარნაო. ნოვალისის ცნობილ ¨ღამისადმი¨ ჰიმნებში¨ აგრეთვე უკუგდებულია ¨დღის უტიფარი ნათება¨, რომელიც მკაფიოდ აჩენს საგნებს და ხელს უშლის პოეტის გარდაცვლილი სატრფოს (სოფიო კიუნის) ზმანებისეური ხილვით დატკბეს მთვარიან ღამით. ამრიგად, ნოვალისის ლირიკაში ღამის ხოტბას თანმიმდევრული და პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

გრ. ორბელიანთან კი იგი მოკლებულია ასეთ განზოგადებულ და მისტიკურ შინაარსს, მეტიც–იგი კერძო ხასიათის ბიოგრაფიულ მომენტად უნდა მივიჩნიოთ. ქართველი რომანტიკოსი, პირიქით, სწორედ სინათლეს, ცისკრის სხივთებით განათებულ სამყაროს

უძღვნის თავის საუკეთესო სტრიქონებს:

სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!

(¨ სადღეგრძელო¨)

ესაა თქმული პოეტის ცხოვრების მწუხრის ჟამს. მაგრამ გრ. ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ეტრფოდა დღის ნათელს:

ვითა ღამეში გზასა მავალი

ჰგრძნობს იდუმალად სიამოვნესა,

ოდეს ვარსკვლავი დილის წინ მსრბოლი

მთრთოლვარებს ზეცას ლაჟვარდოვანსა

და მოასწავებს დღესა ნათელსა… (1832).

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 1833 წლამდე გრ. ორბელიანს პესიმისტური ლექსებიც უწერია. მაგრამ აღნიშნულ ხანებში სევდის ტონი არაა ძირითადი გრ. ორბელიანის ლირიკისათვის, ამიტომ პესიმისტური მოტივების შემცველ მის ნაწერებს ვეხებით პოეტის

შემოქმედების მეორე პერიოდის განხილვისას, როცა პოეტის სევდიანმა განწყობილებამ უფრო ღრმად იჩინა თავი.

მოკლედ უნდა შევეხოთ გრ. ორბელიანს, როგორც პროზაიკოსსა და მთარგმნელს მისი შემოქმედების პირველ პერიოდში. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობა აქვს ¨მგზავრობას¨ (1831) პოეტის ეროვნული და პოლიტიკური იდეალების გაცნობის თვალსაზრისით 1832 წლის შეთქმულების ხანაში. ¨მგზავრობის¨ ერთი ნაწილი ლიტერატურულად დამუშავებული ნაწარმოებია, იგი ავტორს დაუწერია სამგზავრო შენიშვნების საფუძველზე და სტილისტურად დაუხვეწია (¨ მგზავრობა¨ პოეტის 1831-1832 წლების დღიურის შემავალი და პირველი ნაწილია).

¨მგზავრობა¨, როგორც დღიურის ლიტერატურულად დამუშავებული ნაწილი, 30- იანი წლების ქართული დოკუმენტალური პროზის საუკეთესო ნიმუშია.

დღიურების უწერია პოეტს პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში მოგზაურობისას. როგორც ვთქვით, ამ რკალიდან ლიტერატურული ღირებულება აქვს მხოლოდ ¨მგზავრობას¨, დღიურის დანარჩენი ნაწილი კი მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიის მასალად გამოდგება.

საყურადღებოა გრ. ორბელიანის მიერ 1824- 1832 წლებში დაწერილი სამი პატარა მოცულობის პროზაული ესკიზი ¨ანტონისადმი¨ (1824), ¨ზამთრისა ქარი გრიალებს¨ (1829) და ¨ ნ. ე. მ.

¨( 1832): სამივე ზემოთ იყო დასახელებული. ისინი ფსიქოლოგიური მინიატურების ნიმუშებია, სტილისტურად დამუშავებული და ქართული რომანტიკული პროზის საწყისებად შეიძლება ჩაითვალონ.

ნაკლები მნიშვნელობა აქვს გრ ორბელიანის ჩანაწერებს ¨ცნობა ლეკების შესახებ¨ (1830 ) და ¨ჰაზრნი მსწავლულთა ჩვენის პლანეტისა შექმნისათვის,ანუ მიწისა¨. არც ერთი ამათგანი საკუთრივ პროზას არ განეკუთვნება. ინტერესს არაა მოკლებული მხოლოდ პროზაული ესკიზი, ¨ანბავი რიგის ღოშპიტალში ნათქვამი¨ (1835), რომელშიაც მოთხრობილია თავგადასავალი ობლად დარჩენილი გოგონასი, რომელმაც მრავალი დამცირება, ფიზიკური დასჯა და ტყვეობა გამოიარა და ბოლოს გზად შეხვედრილმა ¨კურთხეულმან იმპერატრიცამ¨ იხსნა. ავტორი, ჰუმანურად მსჯელობს და თავისი პერსონაჟის ბედში ხედავს ¨ყოვლად უზენაესი მსაჯულის სიმართლესა და მის მარჯვენასა უბიწოების მფარველსა¨.

გრ. ორბელიანის კონსპექტი ¨ საქართველო ჩემის დროისა¨ მხატვრული პროზის ჟანრს არ განეკუთვნება, თუმცა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავტორის მსოფლმხედველობის შესწავლის თვალსაზრისით. ამ კონსპექტის იდეურად ყველაზე საინტერესო ადგილი ზემოთ იყო მოყვანილი.

ნაყოფიერი იყო გრ. ორბელიანი, როგორც მთარგმნელი 1824 – 1832 წლებში. მისთვის განსაკუთრებით ახლობელი ყოფილა ჟუკოვსკისა და პუშკინის პოეზია.

გრ. ორბელიანს პუშკინის ორი ლექსი აქვს ქართულად გადმოღებული. ესენია ¨ ლხინი¨ (მიბაძვა პუშკინისა) (1830) და ¨მიბაძვა პუშკინისა¨ (1847). პირველი მართლაც თავისუფალი მიბაძვაა პუშკინის რვატაეპიანი ლექსისა Веселый пир (1819) და ქართული აქსესუარითაა გადატვირთული ( ჯამი, აზარფეშა, ყანწი და სხვ.), იგი ორგანულად შედის გრ. ორბელიანის იმ ლექსებში, რომლებიც ანაკრეონტულ მოტივებს შეიცავენ. მეორე ¨მიბაძვა¨ კი წარმოადგენს პუშკინის ცნობილი ლექსის ¨ Дар напрасный, дар случайный, გავრცობილი სახით გადმოღებას.

გრ. ორბელიანი შერჩევით თარგმნიდა რუს ავტორებს, ხოლო თარგმნის პროცესში, ორიგინალის ქართულად გადმოღებისას, ცდილობდა მიეღო არა დედნის მექანიკური ასლი, არამედ საკუთარი სულიერი ვითარებისათვის შესაფერი ნაწარმოები. ამიტომ უწოდებდა იგი მათ ¨მიბაძვებს¨.

ორიგინალთან ასეთი დამოკიდებულების ძალზე თვალსაჩინო და იდეურად გამართლებულ მაგალითს წარმოადგენს ¨ მიბაძვა¨ კონდ. რილეევის ლექისა ¨ ნალივაიკოს აღსარება¨ ( 1831), რაზედაც ჩვენ თავის ადგილას ვრცლად გვქონდა საუბარი.

აკი მიბაძვის ორბელიანისეულმა მეთოდმა აქცია ეს ნაწარმოები ქართველ შეთქმულთა საპროგრამო მხატვრულ ქმნილებად, პოლიტიკური აგიტაციის მძლავრ იარაღად.

გრ. ორბელიანი პირველი სერიოზული ქართველი მთარგმნელია კრილოვის არაკებისა. 1832 წელს მან თარგმნა სამი ნაწარმოები შესანიშნავი რუსი დიდაქტიკოსისა ¨ვირი და ბულბული¨, ¨ სოფლელნი და მდინარე¨ და ¨ ნადირთა ჭირი¨. სამივე თარგმანის ქვეშ აღნიშნულია ¨კრილოვიდამ¨, მაშასადამე, აქ მიბაძვას ადგილი არა აქვს. გრ. ორბელიანის ეს თარგმანი თავისი დროისათვის სანიმუშოდაა შესრულებული. კერძოდ, ¨ვირი და ბულბული¨

ქართული თაგმნით ლიტერატურის ერთ-ერთი მიღწევაა. გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ოთხი პროზაული თარგმანი: ¨ალლეღორია¨ ( 1824), ¨სამნი მეგობარნი¨ ჰერდერისა (1832), შვეიცარიელი მწერლის, ცშოკეს, მოთხრობა ¨ მაცთუნებელი¨ (1832) და ¨საღამოს ჩაიზედ¨. პირველში მოთხრობილია აღმოსავლური ამბავი სულთნის ვეზირის და მისი ერთგული მეუღლის ფათმასი, რომელიც ბილწი ზრახვებით მასთან მისულ სულთანს შეარცხვენს და უკანვე გააბრუნებს. მეორე ეტიუდიც დიდაქტიკურ ალეგორიული ხასიათის პატარა ნაწარმოებია, რომლის ბოლოს დამოძღვრის ხასიათი აქვს.

¨ მაცთუნებელში¨ მოთხრობილია თავგადასავალი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომელთაც სიზმრად და ცხადად სდევნის ვიღაც დემონური არსება. მოთხრობა ძალზედ ბუნდოვანია, მასში სინამდვილე და ფანტასტიკა ჰოფმანის სტილითაა ერთმანეთთან შეზავებული. გრ. ორბელიანს გულდასმით უსწორებია იგი, მაგრამ მისი საბოლოო სტილისტიკური დახვეწა ვერ მოუსწრია. ოთხივე თარგმანი რუსულიდანაა შესრულებული.

¨ შეთქმულების¨ დამარცხებამ, ჭაბუკობის დროინდელი პოლიტიკური იდეალების კრახმა, პირადად განცდილმა უბედურებამ (ყაზარმაში პატიმრობამ) უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა გრ. ორბელიანზე. აქედან იწყება ახალი ხანა, ანუ მეორე პერიოდი გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებაში. თუ რაოდენ მწვავე იყო ამ პერიოდის დასაწყისი, ამაზე თვითონ გრ. ორბელიანი მოგვითხრობს ლექსში ¨ჩემს დას ეფემიას¨ (1835), რომელიც იშვიათი ფსიქოლოგიური დოკუმენტია პოეტის იმდროინდელი სულიერი ვითარების გასაცნობად:

აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,

რომე აჩრდილიც არა დაჰშთა ჩემდა ნუგეშად,

რომ გლახ ჩემს გულსა მოსეულნი ჭმუნვათა დასნი

ესრედა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?

უცებ გრიგალმა უბედობის დამქროლა ესრედ,

რომ ცა, მომფენი ჩემდა ნათლის ჰფარა ღრუბელთ ქვეშ;

სიტკბოს ფიალა წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,

და დამცა უფსკრულს ვაებისა უმწედ, უნუგეშ.

ლექსში შესანიშნავადაა გადმოცემული პოეტის განცდები ყაზარმაში პატიმრობისას. ციხიდან გამოსვლისა (როცა მას ¨ვაების ბჭე გაუღეს¨) და მძიმე სულიერი განცდების შემდეგ პოეტი თითქოს სამუდამოდ ეთხოვება სიჭაბუკეს, სიხარულისა და მომავლის იმედს.

თითოეული ტაეპი მისი პოეტური აღსარებისა დიდი გულწრფელობითა და ღრმა ემოციითაა გამსჭვალული. ¨ჩემს დას ეფემიას¨ შეუდარებელი მხატვრული ძალით გამოხატავს იმ გარდატეხის დასაწყისს, როცა გრ. ორბელიანის მთელი არსება სულის სიღრმემდე შესძრა ¨ უბედობის გრიგალის ქროლვამ¨.

პესიმისტური განწყობილების მოტივი სულ უცხო არ ყოფილა გრ. ორბელიანისათვის მისი ცხოვრებისა და პოეზიის პირველ პერიოდშიც. მაგ., სიბერესა, სულიერ სიცივესა და დროის ულმობელობაზე ლაპარაკობს პოეტი თავის პატარა ეტიუდშიაც ¨ზამთრისა ქარი გრიალებს¨( 1829), მაგრამ ამ თემას გრ. ორბელიანისათვის მაშინ მხოლოდ ზოგადფილოსოფიური და თეორიული მნიშვნელობა ჰქონდა, ჭაბუკი პოეტი მხოლოდ

წარმოიდგენდა სიცოცხლის დასარულს, ¨ვარდებრივთა ღაწვთა ადრიან დამჭკნარად¨, ¨ბაგეთა ზედა გამქრალ ღიმილს¨ და ¨თვალთა, სულის სარკეთა, შთაცვივნულს¨. ეტიუდის ეს ადგილი შერეულად გვაგონებს ანალოგიურ ტირადას პეტრარკას განთქმული დიალოგიდან ¨ქვეყნიერებისადმი ზიზღის შესახებ¨.

გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ლირიკაში სხვა ნიმუშებიც მოიპოვება, რომლებშიაც პესიმისტური აზრებია გამოთქმული. მაგ., ჟუკოვსკის თარგმანს ამოფარებული პოეტი ამბობს:

ჰოი! სოფელო! რად ხარ ესრეთ მდიდარ ოცნებით?

შენსა მომდევსა ეჩვენები ტურფად, ცთუნებით,

შენში კეთილსა საცხოვრებლად აქვს წამი ოდენ!

ჭმუნვა არს უფრო – სიამენი მალიად ფრინვენ.

(¨ ჟუკოვსკისადმი¨, 1830)

უიმედობითა და მელანქოლიითაა შეფერილი ზოგიერთი სხვა ლექსიც ამ პერიოდისა. მაგ., ¨ გაზაფხული¨ ( 1832) პოეტი ურწმუნო სოფლის მუხთლობაზე მსჯელობს, ხოლო ¨მირზაჯანას ეპიტაფიაში¨ ( 1832) ცოცხალ ნაცნობს ათქმევინებს:

მუხთალს ამ სოფელს გსურს ვისაცა იყო ბედნიერ,

სიყვარულითა და ღვინითა ჩემებრ დაითვერ,

თორემ გონებით გინდ ცა განვლო, ჩემებრ იქმნა მტვერ.

მიუხედავად ყველა ამ მაგალითებისა, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში გრ. ორბელიანი ღრმად შეეძრწუნებინოს სიბერესა და სიკვდილზე თუ ამ სოფლის წარმავლობაზე ფიქრს. მისი ¨მსოფლიო სევდა¨ ჯერ კიდევ არ იყო ღრმა და ორგანული პოეტისათვის. ამიტომაც არც ერთ მის ლექსში სოფლის ამაოებაზე მსჯელობა არ გადადის რეზინიაციაში, იგი ბედისადმი მორჩილებას ოდნავადაც არ გულისხმობს. პირიქით – ამ ხანაში გრ. ორბელიანი ამბოხებისაკენ მომწოდებელი და მებრძოლი პოეტია (¨ ნალივაიკოს აღსარება¨, ¨მისი სახელი კიცხვითა¨ და სხვ.), ამასთან- სიჭაბუკის დღეებისა და გაზაფხულის მეხოტბე.

მეორე პერიოდში გრ. ორბელიანის სევდას და პესიმიზმს უაღრესად კონკრეტული, ბიოგრაფიული და იმავე დროს საზოგადოებრივი სარჩული აქვს: პოეტის იდეალები დამსხვრეულია, იგი იძულებულია გამოეთხოვოს სამშობლოს თავისუფლების აღდგენის ილუზიას. პოეტი ცდილობს წარსულის შთაბეჭდილებები არ აშფოთებდნენ, დავიწყებას მისცეს ყველაფერი, რაც მის სანუკვარ ოცნებას შეადგენდა:

ჰეი! გონებავ, დაივიწყე ჩემს სანუგეშოდ,

რაც იყო – იყო, ნუ იგონებ დღესა წარსულსა:

მის მოგონებით მხოლოდ გულსა მიკლავ უწყალოდ,

და ფუჭ სიცოცხლეს მაწყევლინებ გამწარებულსა.

სრულიად ლოგიკურია, თუ სწორედ ამ პერიოდში გრ. ორბელიანი წერს შესანიშნავ ლექსს ¨ჩემი ეპიტაფია¨, რომელშიაც სიკვდილის თემა დამუშავებულია იშვიათი ემოციური ძალით და არა დრამატულ პათოსს მოკლებული სტილიზაციით, რაც მის ადრინდელ პესიმისტურ გამონათქვამებს ახასიათებდა. ამ ლექსში წარმავლობის გრძნობა ძალზე ხაზგასმულია:

ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწდეს,

და მხოლოდ წრფელი სული, წმინდა, ცხოველი,

მღვთადა აღვივდეს ნაწილაკი მღვთაებრი.

სწორედ ამ ხანებში, თავისი ცხოვრების მეორე პერიოდში, აქვს თარგმნილი პოეტს ლექსი Дар напрасный, რომელსაც ¨პუშკინის მიბაძვა¨ ეწოდება, უეჭველია, გრ. ორბელიანის სულიერ განწყობილებას გამოხატავს ტაეპები:

სიცოცხლე ფუჭო,

უბრალოვ ნიჭო,

რად მოუციხარ ჩემთვის ზენასა

და ა. შ.

ჯერ კიდევ ყაზარმაში პატიმრობისას ( 1833) წერს გრ. ორბელიანი ლექსს ¨მუხამბაზი¨ (¨არავისთვის მე დღეს არ მცალიან¨), რომლის პერსონაჟს პოეტი ათქმევინებს 1832 წლის

შეთქმულებაზე: ¨ ბედმან დაამხო რაყიფნი კაცნი¨.

თვითონ გრ. ორბელიანი ამ ¨ ბედისაგან დამხობილ რაყიფ-კაცებს¨ ეკუთვნოდა სულიერად და იდეურად, ამიტომ ¨ წარსული სიზმრად, ხოლო აწმყო – არად¨ მიაჩნდა. ეს საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური ნიადაგი კვებავდა გრ. ორბელიანის სევდასა და პესიმიზმს, რამაც უკიდურესი სახე პოეტის ცხოვრების ბოლო წლებში მიიღო.

მაგრამ გრ. ორბელიანი ძლიერი ნების ადამიანი იყო, დაჯილდოებული ცხოვრების დიდი ენერგიით, პარქტიკული მოღვაწეობისადმი მიდრეკილებით, აქტიური სულით, სინამდვილის მძაფრი შეგრძნებითა და დაკვირვების უნარით. მან გადააფასა თავისი ადრინდელი მისწრაფებანი, უსარგებლოდ და სახიფათოდ სცნო ცარიზმის წინააღმდეგ გაბრძოლება, დაადგა შეგუებისა და კომპრომისის გზას, ოფიციალურად აღიარა კიდეც მეფისადმი სამსახურის საჭიროება. მეორე პერიოდი გრ. ორბელიანის ცხოვრებისა, როგორც მკითხველიც დაინახავდა ზემოთ მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, ბრწყინვალე სამხედრო კარიერის ხანაა.

თავისი ხმლით გრ. ორბელიანმა ბევრი სარგებლობა მოუტანა მონარქიულ რუსეთს სწორედ ამ პერიოდში. ისიც მაღლა და ტრიუმფალურად მიიწევდა სამხედრო იერარქიის კიბეზე. ერთ–ერთ ბარათში შეთქმულებთან კავშირს პოეტი თავისი ¨გამოუცდელობით¨ ხსნის, რაც იმას მოწმობს, რომ გრ.ორბელიანს თავისი ნამდვილი ბიოგრაფიის მიჩქმალვაც კი სწადია ამ ხანაში. მაგრამ რასაც ფარავდა პოეტის ოფიციალური მდგომარეობა და ბრწყინვალე საომარ გამარჯვებათა მაუწყებელი რელაციები, მის მხატვრულ შემოქმედებაში მჟღავნდებოდა აწმყოზე ჩივილით, ¨რაყიფი კაცების¨ მოგონებით, ღრმა შინაგანი სევდით. ოფიცერ გრ. ორბელიანის გარეგანი ცხოვრების პარალელურად, როგორც სრული კონტრასტი, მიმდინარეობდა პოეტ გრ. ორბელიანის შინაგანი ცხოვრება. მაგრამ ქართველი რომანტიკოსის ეს შინაგანი პატრიოტული სამყარო ნაკლებადაა გამომჟღავნებული მეორე პერიოდის მხატვრულ ქმნილებებში. ისიც საგულისხმოა, რომ გრ. ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობის ყველაზე მდიდარი სვებედნიერი ხანა (ავარიის

მმართველობის პერიოდიდან (1843წ.) მოყოლებული კავკასიური ომის დასასრულამდე (1859წ.) იმავე დროს ყველაზე უფრო ღარიბია ლიტერატურული პროდუქციის მხრივ: გრ. ორბელიანს ამ წლებში მარტოოდენ ორი ორიგინალური ლექსი ¨ჰეი, გონებავ¨ ( 1843წ.) და ¨მოგონება¨ ( 1851წ.) და ერთი ¨მიბაძვა პუშკინისა¨ ( 1847) აქვს დაწერილი.

ამ ლექსის ძირითადი მოტივებია, პესიმიზმთან ერთად, ყარაჩოხელური ლხინი, მსუბუქი ტრფობა ( ანაკრეონტიზმი) და სიყვარულის გამოტირილი.

მეორე პერიოდში წარმოდგენილი პესიმიზმის ამსახველი ლექსების შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას დანარჩენის შესახებაც ამ პერიოდის გრ. ორბელიანის ლირიკაში.

გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ¨ მუხამბაზსა¨ და ¨იარალისში¨ ასახული ლხინის შესახებ ჩვენ ვთქვით, რომ ამ მოტივის დამუშავებისას გრ. ორბელიანი აგრძელებს ბესიკის, საიათნოვასა და ალ. ჭავჭავაძის ხაზს. მეორე პერიოდის -¨მუხამბაზი¨ (¨არავისთვის მე დღეს არა მცალიან…¨), ¨სავათნავას მიბაძვა¨, ¨სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ¨, ¨მუხამბაზი¨ (¨სულით ერთნო¨…), 1860 – 1861 წწ. დაწერილი ¨დიმიტრი ონიკაშვილის დარდები¨ და ¨მუხამბაზი¨ (¨გინდ მეძინოს¨) – აღრმავებენ აღნიშნულ თემას. შეიძლება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუგებრად გვეჩვენოს პოეტის მიერ ყარაჩოხელური ნადიმისა და ფიზიკური ტრფობის ასეთი ხოტბა იმ დროს, როცა თვითონ ყაზარმის მძიმე დღეებს განიცდიდა და შემდეგ დიდხანს სამშობლოდან იყო გადასახლებული ( პირველი სამი ლექსი ავლაბრის ყაზარმაშია დაწერილი, ხოლო მეოთხე ქ. ვილნოში), მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პოეტის ამ ლექსებში ჩვენ საქმე გვაქვს მოგონების არაჩვეულებრივ ინტენსივობასთან და არა რომელიმე უშუალო მომენტის ფიქსაციასთან-გასაგები ხდება მათი წარმოშობის მოტივიც: პოეტი სევდისა და მარტოობის ჟამს აცოცხლებს ნაცნობი თბილისელი მოქალაქეების კოლორიტულ სახეებს, მათი ფსიქოლოგიისა და ყოფის სურათებს,- არსებითად იგი ერთობა!

გრ. ორბელიანი დაახლოებული იყო მშობლიური ქალაქის დემოკრატიულ ფენებთან, ზედმიწევნით იცნობდა და ჭეშმარიტი ჰუმანურობითაც ეპყრობოდა მათ. სიჭაბუკის ხანაში პოეტს ხშირად უქეიფია ყარაჩოხელებთან, ზოგ მათგანს ( მაგ., ლოპიანას) ლხინის მოყვარული თავადის ¨ ადიუტანტსაც¨ ეძახდნენ ( მას, თურმე დილით ცოცხალი მიჰქონდა ხოლმე პოეტთან). გრ. ორბელიანს არასოდეს არ გაუწყვეტია კავშირი ქალაქის იმ დემოკრატიული ფენების წარმომადგენლებთან, ოღონდ გარკვეული დისტანციის დაცვით, რაც ბუნებრივად იბადებოდა ხოლმე ყაფლანიანთა ბრწყინვალე წარმომადგენელსა და ყარაჩოხელთა შორის. სწორედ ამ დისტანციის წყალობით შეძლო გრ. ორბელიანმა მათი ხასიათების რეალისტური დახატვა. მუხამბაზები გრ. ორბელიანს თავისი პერსონაჟების მონოლოგებად ან სიმღერებად აქვს მოფიქრებული: პოეტი ახშობს, ანეიტრალებს თავის ხმას, თვითონ ყარაჩოხელებს ამეტყველებს. ცნობილია, რომ რომანტიკულ ლირიკასა და ეპოსში ნაკლებ იგრძნობა მანძილი ავტორსა და გმირს შორის. მართალია, გრ. ორბელიანის მუხამბაზებშიაც ზოგჯერ ყარაჩოხელის ნიღაბქვეშ თვითონ ავტორი მჭმუნვარებს, იგი ლხინსა და ღვინოში ეძებს თავდავიწყებას ან რომელიმე სევდიან მოტივს მღერის, მაგრამ მისი ხმა ძალიან იშვიათად ისმის ამ ჟანრის ნაწარმოებებში. გრ. ორბელიანის მუხამბაზები რეალისტური ხასიათის ქმნილებებია, მიუხედავად მათი ძალზე ტრადიციული ფორმისა. მუხამბაზებში აისახა თბილისის მოქალაქეთა გარკვეული წრის პრიმიტიული ფსიქოლოგია, თავისებური ყოფის დეტალები, მეტყველების მანერა და სტილი, ენობრივი სისადავე და ჟარგონი,- ყველა ძირითადი ატრიბუტი ყარაჩოხელთა ყოფისა და სულიერი ცხოვრებისა. ამიტომ არასოდეს არ უნდა ავურიოთ პოეტის ხმა, მისი არქაიზებული პათოსი და აზროვნების მუდამ სერიოზული ხასიათი (დამახასიათებელი ¨სადღეგრძელოსა¨, ¨გამოსალმებისა¨, ¨თამარ მეფის სახისა¨, ¨ ჩემს დას ეფემიას¨ და სხვა ამ რიგის ლექსთა ავტორისათვის) რომელიმე ლოპიანასთვის დამახასიათებელი თბილისური სიტყვის მოქცევასა და ინტონაციაში. ¨ სადღეგრძელოს¨ ავტორის პოეტიკის თვალსაზრისით, მისი მუხამბაზები სტილიზებული ნიმუშებია – ამ ფორმის თემები და მხატვრული ფაქტურა გრ. ორბელიანს მზამზარეულად აქვს მიღებული ( თუმცა შემდეგ დახვეწილი და უფრო დაწმენდილი).

გრ. ორბელიანს გულწრფელ ჰუმანიზმთან ერთად არ აკლდა ერთგვარი ირონიაც თავისი ლექსების პერსონაჟების მიმართ, იგი მათ დაჰყურებდა ზემოდან, იმ დარდიმანდული ქედმაღლობით, რომელიც ხელს არ უშლიდა პოეტს იმავე დროს დემოკრატი და მათთან ტრაპეზის გამზიარებელი დარჩენილიყო. გრ. ორბელიანის ცხოვრებაში უკანასკნელად განმეორდა ფეოდალურ სასახლეებში ტრადიციულად დამკვიდრებული ჩვეულება არისტოკრატიისა და მომღერალ-მეთარეთა თანამეინახობისა. თუ ოდესღაც გრ. ორბელიანის სისხლიერი წინაპარი, საქართველოს უდიდესი მეფე ერეკლე II საიათნოვას მუხამბაზებს ისმენდა თავის სასახლეში, მისი გვიანი ნაშიერი თვითონ მიდიოდა ქალაქელ მომღერლებთან. გრ. ორბელიანს საყვედურობდნენ, თითქოს მან ბაზრის კილო შემოიტანა ქართულ პოეზიაში. ეს საყვედური დაუმსახურებელია.

გრ. ორბელიანმა მოახდინა მხოლოდ მუხამბაზის ხელახალი კანონიზაცია (ალ. ჭავჭავაძესთან ერთად) და ისიც გარკვეული მიზნით. გრ. ორბელიანის ამ ჟანრის ნაწარმოებებმა დაიმსახურა დიდი მოწონება ილია ჭავჭავაძისა, რომელმაც ზოგი მათგანი ზეპირად იცოდა და მათ საჯაროდაც კითხულობდა ხოლმე.

გრ. ორბელიანი თავის ლირიკულ გმირებს ხატავს როგორც ლაღი ბუნების ადამიანებს, ნადიმისა და ღვინის მოყვარულ მოქალაქეებს, ამავე დროს თვითეული მათგანი აღჭურვილია ხასიათისა და გარეგნობის ინდივიდუალური ნიშნებით; პოეტი იძლევა უაღრესად კოლორიტული სახეების მთელ გალერეას. ექსპანსიური, მოძრავი და ¨ქალების ლხინი და თაიგულია¨ ბეჟანა მეკრვალი, რომელიც ¨ ვითა პეპელა სხვადასხვა ყვავილს ზედა დაჰფრინავს და ჰსვამს მათგან სუნნელსა¨ და ¨ რადგან რაყიფი დიდ-კაცნი დამხობილან¨, მას ¨ დარჩენია ბურთი და მოედანი¨. ამიტომ ის არ აპირებს გარეთუბნის ტურფებთან წასვლას და არისტოკრატიულ სალონში ¨ სალომესთან სადილად¨ მიიჩქარის (¨ არავისთვის დღეს მე არ მცალიან¨), მეორე მუხამბაზის მიხედვით, ბეჟანა რომელიც სალომეს ¨ მაკრატლის გვირგვინს¨ უწოდებს, იმავე დროს სხვებისაკენ იცქირება, ქალებისადმი მისი ტრფობა განურჩეველია, ¨ვარდიც უყვარს, იაც უყვარს¨, თანაც პირველს აფრთხილებს:¨ ნუ გწყინს ვარდო! ყვავილთ მეფევ, რომ ზოგჯერ იასაც ვსუნავ (¨სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ¨); ¨ ლხინის პაპა¨ მირზაჯანა მადათაშვილი, ¨სახით არაბისტნელი¨, და ¨ქუდჩაკეცილი¨, ღვინისა და ეშხისათვის არის დაბადებული, იგი მუდამ ტოლუბაშია და ნადიმი უყვარს მეთარე ალვერდასა და მომღერალ ყოჯაბულბულთან ერთად (¨სულით ერთნო¨); დიმიტრი ონიკაშვილი¨ ცეცხლშია ჩავარდნილი¨ და ნაბადგახვეული¨, ¨ძაღლსავით ჰგდია ქუჩაში¨, მაგრამ ¨ ერთის ვისმეს მოაჯირს და ორს ფანჯარას ყარაულობს¨, სადაც მისი სატრფო უნდა ¨გამობრწყინდეს მზესავით¨ და ეს სატრფო¨ ლამაზ თვალებით შეხედავს¨ და ¨ სირინოზის ხმას გააგონებს¨, მაშინ ¨ ეშხისაგან გონება გამოცლილი¨, რომელსაც არ ესმის ¨ მზე ბრწყინავს თუ თოვლი მოდის¨, ¨ თავს ცამდე აიღებს¨ და ძალმოცემულს¨ შეუძლია ქვეყანას ებრძოლოს¨; ამის შემდეგ იგი¨ ყველაზე ჩითმერდინიანია¨ ¨ ქევ-ქევ გასწევს ორთაჭალისკენ¨ და იქ დარდიმანდებს შორის სუფრაზე ¨ საკინძეჩამოხსნილი, ხელში ჯამით¨ სატრფოს სადღეგრძელოს შესვამს (¨ დიმ. ონ დარდები¨) . ასევე ჟანრული სურათებია დახატული როგორც სატრფოზე შეყვარებული და ერთგული ყმა, რომელსაც ¨ ათი გზა აქვს და ათივე სატრფოსკენ მიდის¨; ძილში მას სატრფო სულში უზის, თვალს თუ გაახელს – წამწამზე. იგი ნატრობს ორთაჭალის ბაღში ნახოს საყვარელმა არსებამ, როცა¨ დარდიმანდის ლხინში¨ ტოლუბაშადაა და ჯამი უპყრია ხელთ, ან როცა მუშტი-კრივშია,- მაშინ შეიძლება

შეუყვარდეს იგი სატრფოს და უთხრას ¨ ძვირფასი ხარო¨. ყარჩოხელთა ხასიათები გრ. ორბელიანის მუხამბაზებში დახატულია რეალისტურად, მიუხედავად მათი გარკვეული

შელამაზებისა. უწინარეს ყოვლისა, რეალისტურია მათი პორტრეტული დახასიათება, მოქმედების გარემო (ორთაჭალის ბაღები, ¨ მტკვრის პირას ჩარხთან¨ და ასე შემდეგ), ძალზე მარტივი ფსიქოლოგია, სიყვარული კრივისა და ლხინისადმი; ოღონდ პოეტის ჰუმანიზმს უნდა მიეწეროს ზოგი მათგანის აღჭურვა ხასიათის ზედმეტი კეთილშობილებითა და მოკრძალებით (¨ გინდ მეძინოს¨).მაგრამ თავისი პერსონაჟების ნაწილობრივ შელამაზებასთან ერთად გრ. ორბელიანი ზოგიერთ ყარაჩოხელს ხატავს ზერელე და ფუქსავატ პირად, რომლისთვის ფამილიარობა და ზოგჯერ უზრდელობაც უცხო არაა. მხოლოდ ყარაჩოხელს შეეფერებოდა ქალზე ასეთი მონოლოგი ბეჟანა მკერვალისა:

ქალზე ვარ ისე ფიქრით მოცული,

ხელში ქობა დამრჩების მოუვლელი,

მებლანდების თვალებში ზოგის წელი,

ზოგის ხვევნა ალერსი ტკბილი.

არც ¨ არაბისტნელის¨ კომპანიის ნადიმია მთლად დარდიმანდული:

ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ

არა მიყვარს ლხინი უეშხ-უსატრფოდ

მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ

ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ.

(¨ სულით ერთნო¨)

ერთ-ერთ ლექსში პოეტს გამოხატული აქვს თავისი გმირის ფამილიარული ხასიათი. მაგალითად, ბეჟანა მკერვალი შემდეგნაირად მიმართავს სალომე ჭავჭავაძეს მისი ასულის, სოფიოს დაბადებაზე:

ეჭვი ვის აქვს მამა ვინც არს!

ჩემს ნაკერსა ვცნობ ფრიად შორს!

პოეტი თითქოს გვეუბნება – აი,როგორ ხალხს დარჩენია ბურთი და მოედანი ¨ რაყიფ-კაცთა დამხობის¨ შემდეგ!..

გრ. ორბელიანი იცნობდა არა მარტო ბესიკის, საიათნოვას, დიმიტრი და გიორგი თუმანიშვილების მუხამბაზურ პოეზიას, არამედ, საერთოდ აღმოსავლური, სპარსულ- აზერბაიჯანული პოეზიის ბევრი ცნობილი წარმომადგენლის შემოქმედებასაც. მაგ., დაღესტანში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას იგი კითხულობდა საადის რუსულად თარგმნილ ნაწარმოებებს; თვითონ ათარგმნინა აზერბაიჯანულიდან მე –18 საუკუნის თვალსაჩინო პოეტის ვაგიფის თხზულებანი და ა. შ.[14] როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა ქმნილებებს შორის მას უმთავრესად სატრფიალო ლირიკის ნიმუშები მოსწონდა. გრ. ორბელიანს იზიდავდა მუხამბაზი, როგორც ერთ-ერთი ტრადიციული ფორმა ქალის ფიზიკური ხოტბისა და ანაკრეონტული განწყობილებების გადმოცემისა. ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ¨ გინდ მეძინოს¨ ყურადღებას იქცევს ძალზე დახვეწილი სახეებით და

ფაქიზი გრძნობით გამთბარი შედარებებით. XIX ს. ქართულ პოეზიაში აღნიშნულმა ჟანრმა არც იცის, მაგალითად, ასეთი ემოციურად წმინდა ტაეპები:

რტო ალვისა შენი წელი მგონია,

მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,

ეგ თვალები – ცაში ელვა მგონია,

ვარდის სუნთქვა – შენი სუნთქვა მგონია.

მაგრამ გრ. ორბელიანის მუხამბაზების მხატვრული აქსესუარი ძირითადად აღმოსავლურია, თანაც ბევრი სახე და შედარება პოეტისა სახუმარო ხასიათისაა, ისინი პირდაპირ მონოლოგის წარმომთქმელის დასახასიათებლად ანუ ტიპიზაციისათვისაა გამოყენებული.

აღმოსავლური ხასიათისაა, მაგალითად, მუხამბაზებში რამდენჯერმე შექებული ¨ ხალი¨. ¨ სავათნავას მიბაძვაში¨ ნათქვამია: მაგონდების რა მის ღაწვზედა ხალი, სიყვარულის გულს მეგზნება ახ ალი!.. (1833)

მუხამბაზი ¨სულით ერთნო¨ ამ ხალის მნიშვნელობა ჰიპერბოლურადაა გაზრდილი:

სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,

ეს ფიალა იყოს სადღეგრძელო ხალის!

რასაკვირველია, არც ერთი თავისი სერიოზული გატაცების ობიექტს არ შეამკობდა პოეტი ამგვარი შედარებით.

გრ.ორბელიანის მუხამბაზებში ნატამალიც არ მოიპოვება იმ ღრმა და სერიოზული სასიყვარული გრძნობისა, რომელიც ასახულია პოეტის საუკეთესო სატრფიალო ლექსებში.მეორე პერიოდში, როცა გრ. ორბელიანის მუხამბაზების პერსონაჟები ძილშიაც თავიანთ სატრფოებს ხედავენ, თვითონ პოეტმა ორჯერ განიცადა ღრმა იმედგაცრუება სიყვარულში: 1835 წელს გრ. ორბელიანის დანიშნული სოფიო ორბელიანი სხვას გაჰყვა, ხოლო 1851 წელს მან სამუდამოდ გამოიტირა თავისი უნუგეშო სიყვარული ნინო ჭავჭავაძისადმი.

1835 წელს რიგაშია დაწერილი ლექსი ¨ სო…ორ…¨, რომელშიაც, როგორც ჩანს, პოეტი ამაოდ სთხოვდა ერთგულებას თავის სათაყვანებელს. 1835 წლის შემდეგ კი სოფიო ორბელიანის სახელი ქრება მის სატრფიალო ლირიკაში. მაგრამ გრ. ორბელიანს შემდეგაც ჰქონია გატაცებები. 1840 წელს იგი წერს ლექსს ¨ალბომში ღრაფინია ოპერმანისას¨, რომელიც მიძღვნილია გორში მდგარ გრენადერთა პოლკის უფროსის მეუღლისადმი. მაგრამ გრ. ორბელიანის დამოკიდებულება ოპერმანის ქალისადმი, როგორც ჩანს, არ გასცილებია მსუბუქი გატაცებისა და მოწონების ფარგლებს.

გრ. ორბელიანი თავის ნამდვილ სასიყვარულო გრძნობებს ნინო ჭავჭავაძისადმი ამ პერიოდშიაც გამოთქვამს. სოფიო ორბელიანთან ფსიქოლოგიური გამოთხოვების შემდეგ მას კიდევ აქვს იმედი მეორე და, ჩანს, გაცილებით უფრო ძლიერი სიყვარულის აღორძინებისა.

აღსანიშნავია, რომ ლექსი სოფიო ორბელიანისადმი დაწერილია რიგაში 1835 წლის ნოემბერს, ხოლო ამავე წლის 13 დეკემბერს პოეტი წერს ლექსს ¨ ან…¨, რომელიც ნინო გრიბოედოვს ეძღვნება. გრ. ორბელიანი მიმართავს მას:

ან გული რად ვერ გივიწყებს ჩემი სიცოცხლის შვენებას?

რომ უგრძნობლობით ქვა-ქმნილი ვერ სცნობდეს თვისსა ობლობას?

თვით სიშორეცა შემექმნა ეშყის ცეცხლზედ ცეცხლ-დამმართი,

მიკვირს, ესდენ სიყვარულსა ვითარ იპყრობს გული ერთი?

ვჰსცან ტანჯვით არა გამქრალა გულს შენი ტრფობა ნამდვილი,

თვარა აქამდის სიმწარის შემაშრებოდა მე ცრემლი.

ნინოს უნდა გულისხმობდეს გრ. ორბელიანი თავის შესანიშნავ ლექსშიაც ¨საღამო გამოსალმებისა¨, რომელიც დაწერილია 1841 წლის მაისში, ვლადიკავკაზში. ამ ლირიკულ პიესაში შეუძლებელია ნაგულისხმევი იყოს სოფიო ორბელიანი, რადგან დიდი ხნის გათხოვილ ქალს იგი სატრფოს ვერ უწოდებდა, ხოლო პოეტის ღრმა ემოციური თრთოლვა, ამ ლექსში გადმოცემული, ოპერმანის მეუღლეს სრულიად არ შეეფერება (გარდა ამისა, გრ. ორბელიანი 1840 წელს დაწერილ ლექსში ამ უკანასკნელს კავკასიისაგან შორს მყოფად გულისხმობს: ¨ და შორს კავკაზსა, და მეც მუნ მყოფსა, ნუ მოგვიგონებ გულსიგრილითაო¨ – მიმართავს პოეტი მას). ¨ საღამო გამოსალმებისა¨ – მიმართავს პოეტი მას). ¨ საღამო გამოსალმებისა¨ კი აგვიწერს გრ. ორბელიანის გამოთხოვებას საყვარელ არსებასთან, რომლის წინაშე იგი ღრმა გრძნობებით არის ანთებული:

ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების… თანა სდევს ჩემი მას სული,

ვმზერ… შორს ძლივსღა ჰსჩანს, აღარ ჰსჩანს … რაღასა ვუმზერ შმაგ-ქმნილი?[15]

სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,

და გულით ოხვრა სიმწარის აღმოუტევე უნებლი…

მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,

აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,

აწ დავშთი მარტოდ… მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა!

ასეთი გულდაკოდილის გრძნობითა და ყოვლის მიმტევებელი ტონით გრ. ორბელიანი მარტო ნინო გრიბოედოვზე წერდა. როგორც ამ ლექსში, ისე სხვა, ¨ნ…. ს ¨ ინიციალებით ცნობილ მის ლექსში, პოეტის ვნება გასხივოსნებულია სულიერი სიფაქიზითა და მარტოობაშიც სატრფოსადმი მუდმივი ერთგულების შეგნებით.

შეიძლება ითქვას, რომ პოტს მხოლოდ ნინოსადმი ჰქონია ღრმა სიყვარული.

1843 წლიდან იწყება გრ. ორბელიანის მრავალწლიანი სამხედრო მოღვაწეობა დაღესტანში. 1843 წლიდან 1860 წლამდე, ე. ი. მთელი 17 წლის მანძილზე, გრ. ორბელიანმა დაწერა მხოლოდ ორი ორიგინალური ლექსი – ¨ჰეი, გონებავ¨ და ¨ მოგონება¨, რომელსაც უზის თარიღი ¨ წინანდალი, 1851¨[16]. ეს უკანასკნელი მიძღვნილია ნინოსადმი. ¨ზეგარდმო მადლი¨, ანუ ნინოსადმი სიყვარული, პოეტს თავის სულის სიღრმეში ჰქონია ჩატანილი და სათუთად უტარებია იგი კავკასიის ომის მრისხანე წლებში. მაგრამ ხანდაზმული პოეტის ეს გრძნობა მაინც წარსულის მოგონებითაა შებურვილი. ამიტომაც იგი სწორედ მოგონების სახით გადმოიღვარა უკანასკნელად 1851 წელს. წინანდალში ჩასული პოეტი იგონებს თავის ¨გულ-მხიარულ ჭაბუკობას¨ და ბოლოს მიმართავს ნინოს:

დრონი წარვიდნენ…თანა წარიღეს

გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა;

მარამა მე კი მარად მახსოვდეს

იგივე დრონი ნეტარებისა,

აწ არც კი მიცნობ,- გულით იცვალე…

ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;

შენ განსვენებით მხოლოდ იცოცხლე

და მე, თუ გინა, საფლავმა მფაროს.

(¨ მოგონება¨)

ასე გამოიტირა პოეტმა თავისი სიყვარული ნინოსადმი. გრ. ორბელიანს ამის შემდეგ სიყვარულზე აღარ უმღერია.

ზემოთ მოყვანილი ლექსით იხურება გრ. ორბელიანის შემოქმედების მეორე პერიოდი. მთელი ცხრა წლის გამავლობაში (1860 წლამდე) პოეტს მხატვრული არაფერი დაუწერია. 1858 წლიდან იწყება მისი ცხოვრების მესამე პერიოდი ( 1858-1883). ესაა გრ. ორბელიანის სამოქალაქო მოღვაწეობისა და ხელახალი პოეტური გამოღვიძების ხანაც.

1859 წელს პეტერბურგიდან დაბრუნებული გრ. ორბელიანი ორი თვით ასრულებდა კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობას. რამდენიმე წელს იგი თბილისის გენერალ-გუბერნატორად იყო. ამ დროს ( 1865) მოხდა გადასახადებისაგან შევიწროებული თბილისელი ამქრების აჯანყება (¨ ბუნტი¨), რომელიც პოეტმა-მთავარმართებელმა ჩააქრო.

1866 წლის შემდეგ გრ. ორბელიანს აღარ უმსახურია.

1871 წლის 7 ივლისს გრ. ორბელიანს გადაუხადეს სამხედრო-ადმინისტრაციული მოღვაწეობის ორმოცდაათი წლისთავი. მის პატივსაცემად გამართულ სადილზე გრ. ორბელიანმა განაცხადა: ¨ გამოიღო რამე სარგებლობა ჩემმა სამსახურმა-მეთქი თუ არა? არ

ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ტახტს კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი¨ . ამავე წელს თბილისში ჩამოსულმა იმპერატორმა ალექსანდრე II პირადად მიულოცია გრ. ორბელიანს საიუბილეო თარიღი და გადასცა ანდრია პირველწოდებულის ორდენი – უმაღლესი ჯილდო იმპერიაში. პროგრესულ ქართულ ინტელიგენციას და მის პრესას ამ იუბილეში მონაწილეობა არ მიუღია.

70-იან წლებში გრ. ორბელიანი ჩაება ე. წ.¨მამათა და შვილთა¨ ბრძოლაში. მწერლობის საკითხებში იგი იცავს არქაისტულ პოეტიკას, რამაც 70-80 იანი წლების მისი ბარათების ენაზედაც კი იქონია გავლენა – ავტორი ართულებს სინტაქსსა და ორთოგრაფიას. (30- 50-იანი წლების ბარათები გაცილებით უფრო მარტივი ენითაა ნაწერი). ამ პერიოდის წერილებში მკითხველის წინაშე წარმოდგება მოგონებებში წარსული ვეტერანი კავკასიის ომისა, აწმყოთი შეშფოთებული არისტოკრატი, გულსევდიანი და მხიარული ერთსა და იმავე დროს.

უაღრესად საგულისხმოა ამ პერიოდში პოეტის აქტიური მოღვაწეობა ქართული ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. 70-იან წლებში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხი, რომელსაც გრ. ორბელიანი არ გამოხმაურებოდა. მას აინტერესებდა საქართველოში პოლიტიკური სკოლის დაარსების საკითხი (1875), მონაწილეობას იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში, გულისყურით ადევნებდა ლიტერატურაში ახალი ნაწარმოებების გამოჩენას და ცნობილია, მაგალითად, თუ როგორი აღტაცებით კითხულობდა ყაზბეგის მოთხრობებს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ¨ვეფხისტყაოსნის¨ ტექსტის დადგენისა და გამოცემის საქმეში. 1880–1881 წწ. გრ. ორბელიანი თავმჯდომარეობდა კომისიას, რომელიც რუსთაველის პოემის ხელნაწერებს აჯერებდა ერთმანეთთან. ამ კომისიაში შედიოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ი. ჭავჭავაძე, რ. ერისთავი, ი. მეუნარგია და სხვ. აღსანიშნავია, რომ გრ. ორბელიანის მოადგილე ამ კომისიაში იყო ¨ შვილთა¨ ბანაკის მეთაური ილია ჭავჭავაძე.

გრ. ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს და იშვიათი პატივით იქნა დაკრძალული ქაშვეთის ეკლესიაში. დასაფლავების დღეს პოეტის ცხედართან, სხვებთან ერთად, სიტყვები წარმოთქვეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. ილიამ თავის სიტყვაში სხვათა შორის თქვა: ¨…იგი იყო მპყრობელი ჩვენის ქართული ენისა, იგი იყო მეუფე ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღალი ნიჭით ცხებული¨.

1869 წელს გრ. ორბელიანი ინტენსიურად მუშაობდა ¨სადღეგრძელოზე¨. ნაწარმოები გამოქვეყნდა 1817 წელს ჟურნ. ¨კრებულის¨ № 1-ში. პოემის სათაური საბოლოოდ ასე გაფორმდა: სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ლხინი ერევნის სიახლოვეს.

მკითხველი საზოგადოება და იმდროინდელი სალიტერატურო პრესა გრ. ორბელიანის ამ ნაწარმოებს აღფრთოვანებით შეხვდა.

¨სადღეგრძელო¨ არაა სიუჟეტური ნაწარმოები. იგი წარმოადგენს ლხინის მეთაურისა და მხედრებისმიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს, რომელთაგან თითოეული გარკვეული თემის ან ამა თუ იმ ისტორიული გმირისადმია მიძღვნილი. პოემა იწყება ომის შემდეგ, ბინდისას, ¨ცეცხლებით განათებული¨ და დადუმებული მიდამოს აღწერით, სადაც ქართველთა ჯარის ბანაკია დაცული. ¨მთოვარის ნელი შუქით მოფენილ¨ გარემოში ¨მორიგი სავსე ფიალით¨ ჯარი ეთხოვება ¨ ომში დაცემულთ¨. შემდეგ სადღეგრძელოს ლხინის მოთავე ამბობს იმ ¨ წინაპართ მოსაგონებლად¨, რომელთა ¨ დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად¨, და რომელთა ¨დიდების მოედანი¨, ¨მათი სახელი, მათი ხმალი და საქმენი სახელოვანნი¨ კიდევ ცოცხლობენ, თუმცა ¨მათი საფლავნი დროს შეუმუსრავს და აღუგვია¨ თამადა მოუწოდებს ქართველთ ¨ პატივით მიმართონ თვალნი წარსულთა ძველთა საუკუნეთა¨, რადგან ¨ მათში სახელნი ჰსჩანან ნათელნი გმირთა, მამულის განმადიდეთა¨.

¨ სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქცია აქამდე იმეორებს ¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტს. შემდეგ იწყება თვითონ ამ ¨მამულის განმადიდე გმირთა¨ ქება. პირველად დასახელებულია მეფე ფარნაოზი (და არა მხოლოდ ვახტანგ გორგასალი, როგორც I ვარიანტში). პოეტი აღნიშნავს მის დამსახურებას ქართველი ხალხის წინაშე (¨შენ ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა, შენ –მოეც ქართველს წიგნი პირველი¨). ამას მისდევს ¨ ქრისტეს ნათელით განათლებული მეფე მირიან¨, რომელიც ¨ჰბრწყინავს გვირგვინით¨ და ¨ჯვარისა ძალით გარემორტყმული შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით¨. შემდეგ მკითხველის წინაშე წარმოსდგება სახე¨ მუზარადს მგელ-ლომ გამოსახული¨ ვახტანგ გორგასალისა,¨ რომლის შეხედვით სპარსელნი თრთოდნენ¨. შესანიშნავ ტაეპებს უძღვნის პოეტი დავით აღმაშენებელს, რომელიც ¨გაოხრებულ ივერს¨ ¨ზეცის წყალობად მოვლენია¨, ახასიათებს მის დიდ სახელმწიფოებრივ ღვაწლს ქართველი ხალხის წინაშე, უწოდებს ¨უძლეველ მხედართ მთავარს¨, რომელმაც აღადგინა და ¨ფენიქსებრ განაახლა ივერი¨, თანაც ¨ შირვან, დერბენდი ხმლით შემოხაზა¨.

დავით აღმაშენებლის ხოტბას მოსდევს ქება თამარისა,¨რომლის გვირგვინი უპყრავს დიდებას და სათნოებას¨ და ¨მუზნი განადიდებენ მისსა მეფობას¨, ხოლო მის დროშას მოჰსდევს დიდი ორბელი, შოთა უკვდავი ბრძენი ჭყონდიდი, მხედართ –მთავარი დიდი მხარგრძელი, და გამრეკელი, ლომებრ გულადი.

თამარისადმი მიმართულ სადღეგრძელოში გადმოცემულია ერთი სცენა დიდუბეში ლაშქრის თავმოყრისა საქართველოს ყველა კუთხისა და ტომის წარმომადგენელთა დახასიათებით. აქ არიან: კახი ფარშუბით, თუში ხმლით, აბჯრით დამშვენებული ფშავ-

ხევსურნი, მკლავით ძლიერი ქართლელი, ფეხმარდი ოსი, ბრძოლაში შეუპოვარი მთიული, სწავლით ქებული მესხი, ზრდილი იმერი, მშვილდოსანი აფხაზი და მკვირცხლი გურული და მეგრელი. თამარი მათ ლოცავს ჯვრით და ამხნევებს ლაშქარს. ქართველნი იღებენ კარნუსს (არზრუმს) და სინოპს, გასცდებიან არეზს, თავრიზს, ყაფლანქუს და ¨ ღვთის რისხვას დასცემენ ყაზმინს¨…დავითისა და თამარისადმი მიმართული ქება მოწმობს გრ. ორბელიანის დიდ სიყვარულს ძველი საქართველოს გმირული წარსულისადმი, ქართლის ცხოვრების საუკეთესო ფურცლებისადმი.

თამარის ხოტბის შემდეგ პოეტი ასახელებს ქეთევან დედოფალს, რომელიც სპარსელებმა აწამეს თავრიზში 1624 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით. თეიმურაზ I –ის ცნობილ ¨ქეთევან დედოფლის წამებასთან¨ ერთად გრ. ორბელიანის პოემის ეს ადგილი მოკლე, მაგრამ საუკეთესო აღწერაა საქართველოს გამოჩენილი დედოფლის¨ ტანჯვისა მამულისათვის¨. ამასთან ერთად ¨ნათელგვირგვინით მოსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები, ელისბარ, შალვა, ბიძინა მტარვლისგან დატანჯულები¨. ყიზილბაშთა წინააღმდეგ 1659 წლის კახეთის აჯანყების ამ მეთაურთა სახელები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში გ. ერისთავის შემდეგ (¨ ოსური მოთხრობა¨) გრ. ორბელიანმა მოიხსენია საქართველოს ეროვნულ გმირთა შორის. პოეტი არ ივიწყებს აგრეთვე მარაბდის გმირებს – ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, მეფეთა ერთგულ ამილახვარს (ზედგინიძეს) და ¨ოთხ ზაალს¨, რომლებსაც ერეკლესთვის დიდი სამსახური გაუწევიათ. შემდეგ პოეტი ქრონოლოგიურ უკან დახევას მიმართავს, შეაქებს ვახტანგ VI სჯულმდებულს, ¨ სწავლის მოყვარესა და გონება ამაღლებულს¨ და დასძენს:

უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი,

დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული!

პოემის ეს ნაწილი, მოცულობით ყველა დანარჩენ სადღეგრძელოზე ვრცელი , მთავრდება ერეკლე II- ის ხოტბით. გრ. ორბელიანი უსაზღვროდ შეყვარებულია ძველი საქართველოს ამ დიდ გმირზე. იგი მას ¨ ივერიის ნუგეშ –დიდებას¨, ¨თავისის დროის დამშვენებელს¨ და ¨ მამაცთა შორის საკვირველებას¨ უწოდებს.

ერეკლე დახასიათებულია როგორც ¨მტერთა შემმუსვრელი¨, რომლის ¨დღენი… ემსგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს¨. პოეტი ფიქრობს, რომ:

მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს,

დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!

ეს ტაეპები გვხვდება ჯერ კიდევ ¨ტოლუბაშის¨ მეორე ვარიანტი, რომელიც, ჩვენი დაკვირვებით, 40-იან წლებშია დაწერილი (და არა 1826–1827 წლებში, როგორც აქამდე ფიქრობდნენ). ამ ტაეპებს მიჰყვება ერეკლეს შესანიშნავი ძის, ლევანის, დახასიათება, მოხსენებულია ლეკების დაცემა ყვარელზე, ქართველთა გმირობა, – ქვაბულიშვილების, რატიშვილის, ბოსტას, დავით ბარათაშვილისა და ბებურიშვილის მამაცობანი – და ¨კახეთის თვალის ყვარელის გამოხსნა¨ლეკებისაგან. შემდეგ შექებულია დავით სარდალი (ორბელიანი )¨ და ზაქარია, მიწისა მგელი¨ (ანდრონიკაშვილი), აგრეთვე ¨გუნდნი და გუნდნი ვაჟკაცთა¨, ¨ აზატხანის დამმხობნი¨ , ¨ თემურის მებრძოლნი¨, ¨ასპინძის გმირები¨ და სხვანი, ¨ რომელთ შეჰღებეს მტრის სისხლით მტკვრის ზვირთნი აღელებულნი¨. ისტორიულ გმირთა ვრცელი სადღეგრძელო-ხოტბა მთავრდება აღა- მაჰმად-ხანის შემოსევისას სამასი არაგველის გმირობისა და თბილისისათვის ბრძოლის სურათის აღწერით, როდესაც ¨ წახდა თბილისი და მასთან დაემხო ძველი ივერი¨.

ამ ვრცელი სადღეგრძელოს უკანასკნელი სტროფი, რომელსაც მხედრები იმეორებენ, ისტორიული გმირების ღვაწლის ზოგად დახასიათებას შეიცავს:

გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!

თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა!

თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება,

მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!

ამ ტაეპებს მოსდევს სადღეგრძელო ნიკოლოზ I-ისა:

ხელმწიფევ ჩვენო,

ძლიერო ბრძენო,

ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა!

მხედარნი შენნი,

ერთგულნი, მხნენი

ვსვამთ შენს სადღეგრძელოს მოწიწებითა.

შემდეგ ხელმწიფის სადღეგრძელოში გაფანტულია ტაეპები (ზოგან შეცვლილი და ახალი რედაქციით) ლექსისა ¨ გულნი ივერთა¨.

პოეტი შეჰღაღადებს რუსეთის მონარქს ¨ძველად გამქრალი სწავლის ლამპარი კვალად აღუნთოს¨ ივერიას, დაუბრუნოს მას ¨თამარის დღენი, დიდების დღენი¨. როგორც აღნიშნული გვქონდა, პოემის ეს ადგილი- ხელმწიფის სადღეგრძელო – წარმოადგენს გავრცობილ ვარიანტს ლექსისა ¨ გულნი ივერთა¨. პოემაში მას ის ადგილი უჭირავს, რაც ალექსანდრე I-ის სადღეგრძელოს ჟუკოვსკის ¨მომღერალში¨.

თითქოს სრულიად მოულოდნელი იყო ამ პოეტური ღაღადისის შეტანა პოემაში 1870 წელს, როცა ნიკოლოზ I დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მაგრამ აქ ორი გარემოებაა გასათვალისწინებელი: 1. გრ. ორბელიანს თავიდანვე ჰქონია განზრახული პოემის საბოლოო ვარიანტში (ნაწარმოების დასრულებისას) მონარქის ქების შეტანა. ავტორს ამას თავიდანვე აიძულებდა კომპოზიციური პარალელიზმი ჟუკოვსკის პოემასთან. 2. ეს ქება ერთადერთი ადგილი უნდა ყოფილიყო ნაწარმოებისა, რომელიც მიუთითებდა პოემაში ნავარაუდევ ეპოქაზე, კერძოდ, 1827 წელს ერევნის აღებაზე, რაც ნიკოლოზ I-ის ხელმწიფობის პირველ წლებში მოხდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტაეპი ¨ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა¨ ბეჭდური სახით პირველად გამოჩნდა გრ. ორბელიანის ლექსების 1844 წლის გამოცემაში (პოეტის გარდაცვალების შემდეგ). ¨კრებულში¨ დაბეჭდილ ტექსტში და 1873 – 1879წწ. გამოცემაში იგი არ მოიპოვება: როგორც ჩანს, პოეტი დიდხანს მერყეობდა ადრესატის უშუალო დასახელებისას, ამიტომაც თავის სიცოცხლეში პოეტს იგი არ გამოუქვეყნებია.

შემდეგი სადღეგრძელო მიმართულია მამულისადმი, რომელსაც ავტორი გვიხატავს დედამიწის ულამაზეს კუთხედ:

სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?

ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!

მამულის სიყვარულით ანთებული პოეტი მოუწოდებს ქართველთ:

სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,

თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!

მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა

და მოვჰკვდეთ, თუ კი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!

ამ პოეტური ტირადის მწვერვალია განთქმული სტროფი:

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას:

ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას!

კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული;

მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!

მეგობრობის სადღეგრძელო თავდება მოწოდებით:

ვიყვნეთ ცოცხალი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს,

ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს[17] .

მომდევნო სადღეგრძელო ეძღვნება სიყვარულს. პოემის I და II ვარიანტები უკვე შეიცავენ ამ ადგილს და ჩვენ მას შევეხეთ პოეტის სატრფიალო მოტივების ანალიზის დროს. მაგრამ სიყვარულისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოს საბოლოო რედაქცია უფრო გავრცელებულია, გაღრმავებული და დახვეწილი, რაც აგრეთვე აღნიშნული გვქონდა ზემოთ. პოემა მთავრდება ბუნების გამოღვიძების აღწერით. ქართულ პოეზიაში იშვიათად მოიპოვება განთიადის ისეთი წარმტაცი სურათი, როგორიც გრ. ორბელიანის კალმითაა შესრულებული.

პოეტი მიესალმება ¨ მიძინებული ბუნების¨ გაღვიძებას, დილის შუქს და მიმართავს მას:

სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..

ამრიგად, პოემა იწყება ბინდის დაცემის აღწერით და მთავრდება განთიადის ზეიმის გამოსახვით.ღამისა და დილის კონტრასტული დაპირისპირების ასეთი, თითქოსდა მუსიკალური, სიმფონიის ლეიტმოტივის მსგავსი, განვითარება გრ. ორბელიანის უსიუჟეტო პოემას ერთგვარ კომპოზიციურ მთლიანობას ანიჭებს.

¨ სადღეგრძელოს¨ ბოლოში აქვს მიძღვნა ალექსანდრე ორბელიანისადმი. ამ მიძღვნაში პოეტი მოაგონებს თავის ადრესატს, რომ მათი ¨ძმანი და ტოლნი ვაჟკაცნი¨ აღარ არიან ცოცხალთა შორის და ¨ძველთაგან დავშთით მე და შენო¨. პოეტის ღრმა მწუხარებას გამოხატავს შემდეგი ელეგიური სტრიქონები:

ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა, ვერა ვჰსთქვი?

და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის წყლულად, გულს დაშთა და მით ვიტანჯი!

მაგრამ, თუ ვინმემ აქ ჰპოვა აზრი ნაცნობი გულისა,

ვივიწყებ, რაც ვსვი სიმწარე ეკლიანს გზაზე სოფლისა!..

1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილისათვის სრულიად გასაგები უნდა ყოფილიყო, რის ¨ თქმაც¨ ეწადა, მაგრამ ვერ თქვა გრ. ორბელიანმა. ალ. ორბელიანს, ალბათ, ჩინებულად ესმოდა აგრეთვე პოეტის მიერ ნართაულად აღნიშნული მის მიერ ¨შესმული სიმწარეც¨ (გრ. ორბელიანი,უეჭველია, თავის ძველ იარებზე მიუთითებს ამ მიძღვნაში!). უკანასკნელი ტაეპი მიძღვნისა ღრმა პესიმიზმითაა გამსჭვალული:

ვჰმზერ მწუხარებით მომავალს და ვჰსწყევლი ფუჭად წარსულსა!

თანაც ეს სტრიქონები, მთელ მიძღვნასთან ერთად, იდეურად აუქმებს რუსეთის მონარქისადმი მიმართულ პოეტურ ვედრებას.

¨ სადღეგრძელო¨ შესანიშნავი პოეტური ნაწარმოებია, მაგრამ მას თან ახლავს ზოგიერთი თვალსაჩინო ნაკლიც. ესაა: ალაგ-ალაგ სტილისტურად დაუხვეწავი სტრიქონები, სუსტი რითმები, ზედმეტი მჭერმეტყველებისა და დამრიგებლობის ტონი (რასაც თვით ავტორიც გრძნობს!) და სხვ.

საქართველოს წარსული დიდების აღდგენის სურვილი, აგრეთვე კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალები, რომლებიც ¨სადღეგრძელოშია გამოთქმული – ძირითადი მოტივებია გრ. ორბელიანის პოეტური შემოქმედებისა საერთოდ ამ პერიოდში. ამავე ხანებში წერს გრ. ორბელიანი აგრეთვე თავის საუკეთესო პატრიოტულ ლექსს ¨თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨, სოციალური მოტივის შემცველ განთქმულ ¨მუშა ბოქულაძეს¨ და შესანიშნავ ¨ ფსალმუნს¨, რომელიც პოეტის ზნეობრივი იდეალების გამომხატველ ნაწარმოებად უნდა მივიჩნიოთ.

¨თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨ წარმოადგენს ლირიკულ მონოლოგს მშობლიური ქვეყნის ბედზედ ღრმად ჩაფიქრებული მოხუცი პოეტისა, რომელიც ბეთანიის განთქმული ფრესკის წინაშე დგას და მოწიწებით შესცქერის თამარის სახეს; ¨ცრემლმორეული ემთხვევა¨ თამარის ¨ ფერხთ¨ და ამბობს:

მიხარის – გიმზერ

ვჰსწუხვარ და გიმზერ

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე,

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!…

იგი ევედრება თამარს ¨ მოხედოს ბედკრულს¨ მის ¨ სატრფოს მამულს¨ და აკურთხოს ჯვრით, რათა მისი ¨ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის¨ წმინდა საყდარით, მდიდარი ენით და ¨ სწავლისა შუქით განათებული¨. თამარის მიერ ნაკურთხი

მომავალი საქართველო პოეტს წარმოუდგენია ¨ ზნე-ამაღლებულ¨ და ¨სულიერად განახლებულ¨ ქვეყნად, სადაც ¨ გამქრალია ბნელი უმეცრებისა¨ და სადაც კვლავ ¨ისმის სიტყვა ქართული რუსთაველისა¨. მაგრამ გრ. ორბელიანისათვის დახშული იყო საქართველოს ასეთი მომავლის რწმენა. იგი კითხულობს:

ვაჰ თუ რაც წახდეს

ვეღარა აღსდგეს

ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით!

და რაც დაეცა,

ის წარიტაცა

შავმან ყორანმან, ვით უმწე მსხვერპლი!

ლექსს აქვს ტიპიური რომანტიკული დასასრული:

ჰე, ცრუ სოფელო,

დაუნდობელო,

შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?

დიდება ჩვენი

ცად სხივ–მიმფენი,

ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?

დაყრუებულსა,

გზა შეუვალსა,

უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,

სად სახე მეფის

დიდის თამარის

ჰსჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!…

გრ. ორბელიანის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემა – საქართველოს მძიმე და დუხჭირი აწმყოს საკითხი და ოცნება ¨ძლიერი ივერიის¨ წარსული დიდების აღდგენისა მის უკანასკნელ პატრიოტულ შედევრში სასოწარკვეთილების შეგნებითაა გაშუქებული, სასომიხდილი პოეტი თამარის აჩრდილს შესთხოვს თავის სამშობლოზე კურთხევის გარდმოვლენას, მაგრამ ეჭვით აღვსილს ივერიის ხელახალი აღორძინება არ სჯერა.

მიუხედავად გრ. ორბელიანის პატრიოტიზმის წოდებრივი ფესვებისა და ისტორიულ ასპექტში სრულიად გასაგები შეზღუდულობისა და ცალმხრიობისა, მისმა პატრიოტულმა

ქმნილებებმა, უწინარეს ყოვლისა ¨ სადღეგრძელომ ¨, ¨ იარალიმ¨ და ¨თამარის სახემ¨ დიდი როლი ითამაშეს ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების განმტკიცების მხრივ XIX საუკუნეში. ამავე დროს ზემოთ დასახელებულ ნაწარმოებთა მხატვრული ღირსებები დიდი და მრავალფეროვანია.

* * *

გრ. ორბელიანის შემოქმედების მესამე პერიოდში მკაფიოდაა აგრეთვე კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმისა და ამასთან დაკავშირებით სოცილური უთანასწორობის იდეებიც. ¨სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქციაში (1870) გამოთქმული აზრები ნიჭისა და ღირსებისადმი პატივისცემის შესახებ (წოდებრივი განსხვავებისაგან დამოუკიდებლად), ადამიანის სიცოცხლის მიზნად ¨კეთილი საქმისა¨ და ¨ დაცემულის აღდგენის¨ აღიარება შემდგომ გაღრმავებას პოულობს ლექსებში ¨ მუშა ბოქულაძე¨ და ¨ ფსალმუნი¨.

ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ლექსები ¨მუშა ბოქულაძე¨. ეს ერთადერთი ლირიკული ქმნილებაა პოეტისა, რომელიც სოციალურ მოტივს შეიცავს. ლექსი წარმოადგენს მონოლოგს მუშისას, რომელიც თვითონვე აგვიწერს და ახასიათებს თავის სულიერ, ფიზიკურ და ნივთიერ მდგომარეობას. ესაა აღსარება შრომისაგან წელში გაწყვეტილი, უილაჯო და ღონემიხდილი ადამიანისა, რომელიც სოციალური ანტაგონიზმის მსხვერპლი გამხდარა. ლექსი იწყება მუშის გარეგნობის აღწერით, მკითხველი ხედავს ¨ ოფლით გასვრილსა და მტვრიანს¨, ¨ კისერჩაჟანგებულს¨, ¨ ¨ბედით დაჩაგრულ¨ და ¨ სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილ¨ პროლეტარს, რომელსაც ¨ სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია ლუკმა პურის შოვნით¨. მას განუცდია ¨ ძმის ღალატი, მოყვასთაგან დაჩაგვრა¨, ¨ იუდასაგან ამბორი¨ და ¨ საყვარლისაგან წყეული სიყვარული¨. მუშას ¨ბედად დაშთენია¨ ¨ ტანჯვით შრომა, ოფლით ძებნა ლუკმისა¨, მან იცის, რომ სიღარიბე მეტად ძნელი ყოფილა მე ვმუშაობ… სხვანი კი იმღერიან! მუშას ¨ესმის ბაღით ჭიანურის, ლხინის ხმა¨ და ¨სავათნავას გულდამწველი სიტყვები¨, მაგრამ ხმის აყოლება ვერ გაუბედია, ¨რცხვენია¨! ¨ მე მათი რა ტოლი ვარო!¨ და თვალში ¨ ცრემლ-მორეული¨ თავისთვის კვნესის, თავის ხვედრს სწყევლის:

წყეულ იყროს, ვინცა მუშა აკურთხა,

მოკლებული ყოველგვარის შვებისა,

კაცთა შორის კაცად არ მიჩნეული!..

მაგრამ გრ. ორბელიანის მუშა ადამიანურ ღირსებებს მოკლებული როდია: მას ¨აქვს კეთილის გრძნობა¨ , იგი, მაგალითად, ¨გონებამიზიდული¨ ყურს უგდებს ხოლმე ¨მღვდლის ლაპარაკს¨ და თუმცა მისი სიტყვები ¨ ზოგჯერ არ ესმის¨ , მაინც ¨უხარიან მათი სმენა¨; მუშის სიტყვით ¨ სიღარიბე კაცის გულს ახდენს¨ და ¨ სულის სხივსა და გონებას აბნელებს¨. მონოლოგი მთავრდება ¨ განცხრომის ძისადმი¨ მიმართვით:

ჰე, ძმავ, წადი, შენ შენს გზაზე სიმღერით,

მე ჩემს ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი,

სად მე და შენ ვიქნებით თანასწორნი.

ამრიგად, გრ. ორბელიანის მუშის რწმენით, სოციალური უთანასწორობა, ღარიბისა და მდიდრის გათიშულობა მუდმივი და ფატალურად გარდუვალი მოვლენაა; ეს რწმენა გამორიცხავს მასში აქტიურ სულს, ბრძოლის სურვილს, არსებული სინამდვილის შეცვლის იმედს. გრ. ორბელიანის მუშა სოციალურ ფენებს შორის დისტანციისა და ზღვარის წაშლას მხოლოდ ¨ საუკუნოს განსასვენებელს ალაგს¨, ე. ი. საიქიოში, მოელის.

¨მუშა ბოქულაძე¨ ერთსა და იმავე დროს ასახავს როგორც თვითონ ავტორის ძალზედ განყენებულ, ზოგად ჰუმანურ თვალსაზრისს დაჩაგრული ფენის წარმომადგენლის სულიერ ვითარებაზე, ისე კონკრეტულ ისტორიულ სინამდვილეს, 80–იანი წლების ქართველი პროლეტარი ბოგანოს შეგნებასაც. მუშა ბოქულაძე, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საკუთარ არსებაში ზოგადკაცობრიულ თვისებებს, აგრეთვე რელიგიურ განწყობილებას (¨სულს მიმაგრებს ძალი ნუგეშცემისა, ზეციურის მადლით განათებული¨), ბოროტისა და კეთილის ბრძოლას თავის თავში და ა. შ. ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულიად მართებულად ხედავს ამ ¨ბოროტებისა¨ და ¨ სულიერი სიბნელის¨ სათავეს საზოგადოებაში ორი მოპირდაპირე ბანაკის – ღარიბებისა და მდიდრების- არსებობაში, საერთოდ-სოციალური დისჰარმონიის ფაქტში: ¨თვით მეც, მუშა, ჩემის ღონით, ოფლით, შენთვისა ვარ დაბადებით მსახურადო¨, – მიმართავს იგი¨ განცხრომის ძეს¨.

ნაწილობრივ რეალური ისტორიული საფუძველი მოეპოვება მუშა ბოქულაძის პასიმიზმსაც, მის უმოქმედობასა და სოციალური პერსპექტივის უქონლობას, რამდენადაც 80–იანი წლების ქართული პროლეტარი ჯერ კიდევ არ იყო რევოლუციური შეგნებით და მომავალში სოციალური უთანასწორობის მოსპობის რწმენით გამსჭვალული. ამიტომ მის ჩივილს შეუძლია მიიღოს ტიპიური სოციალური პრტესტის ფორმა ამ დროისათვის და გრ. ორბელიანსაც არ შეეძლო ბქუნებაში არსებული მოვლენის აღნიშვნა. ასეთი რამ, როგორც ცნობილია, არც ¨ მუშა ბოქულაძის¨ წინამორბედი ლექსის ავტორის ი. ჭავჭავაძეს აღუნიშნავს, თუმცა ¨ შრომის ახსნის¨ იდეას იგი ჯერ კიდევ 60 – იანი წლების გარიჟრაჟზე

ქადაგებდა.მიუხედავად ამისა, გრ. ორბელიანი უეჭველად აჭარბებს, რადგანაც მისი მუშა ბოქულაძე დაჯილდოებულია არატიპიური ნიშნებითაც, უწინარეს ყოვლისა-რელიგიური გრძნობით შეფერილი ბრმა მორჩილებით ბედისადმი, სრული სასოწარკვეთილებით, ფაქიზი თვითანალიზით. ყოველივე ეს იმდროინდელი ქართველი პრლეტარისათვის დამახასიათებელი არაა. მუშა ბოქულაძე არ გამოთქვამს მკაცრ სამდურავს განცხრომის ძეთა მიმართ, რომელთაც ემსახურება.

¨ მუშა ბოქულაძე ღირშესანიშნავი ნაწარმოებია გრ. ორბელიანის ლირიკაში. პოეტმა დაინახა საზოგადოების შინაგანი გათიშულობა და გულწრფელად უთანაგრძნო სოციალური უსამართლობის მსხვერპლთ მუშა ბოქულაძის სახით. გრ. ორბელიანის ლექსი აგრეთვე შესანიშნავია თავისი მხატვრული ღირსებებით: ¨მუშა ბოქულაძე¨ ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია ქართული თეთრი (ურითმო ) ლექსისა, თუმცა თეთრი ლექსის სხვა ნიმუშებიც მოეპოვება მას (¨ ჩემი ეპიტაფია¨,¨ფსალმუნი¨ , ¨ დავბერდი¨და სხვ.).

* * *

1864 წელს გრ. ორბელიანმა ¨ ლერმონტოვიდან¨ თარგმნა გოეთეს გენიალური ლექსი ¨მგზავრის ღამეული სიმღერა¨ (Wanderers Nachtlied, 1799), რომელსაც ლერმონტოვისეული თარგმანის მიხედვით Горные вершины ქართულში სათაურად აქვს ¨მთანი მაღალნი¨. რუსულ თარგმანსა და გერმანულ ორიგინალთან შედარებით გრ. ორბელიანი პირველი სერიოზული მთარგმნელია მსოფლიო კლასიკოსის ამ შესანიშნავი ქმნილებისა.

სიმშვიდისა და განცხრომისადმი მოწოდება, რომელიც გრ. ორბელიანის ამ თარგმანში ისმის, თვითონ პოეტისათვის მიუღწეველ ოცნებად დარჩა. იგი ღრმად იყო შეშფოთებული ძველი ივერიის დიდების აღდგენის შეუძლებლობით და თავისი წოდების

ისტორიული ხვედრით. გრ. ორბელიანის ლირიკული კრებული იხურება პოეტის გარდაცვალების წელს დაწერილი ორტაეპიანი ლექსით, რომელიც მთელი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ტრაგიკულ ფინალად ჟღერს:

დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო,

გულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ სიმწარით.

გრ. ორბელიანის ეს თვითგამოტირილი იმავე დროს მთელი ქართული რომანტიკული პოეზიის უკანასკნელი მნიშვნელოვანი პოეტური სიტყვაა, აღსავსე არა მარტო ბიოგრაფიული, არამედ ღრმა საზოგადოებრივი და ისტორიული შინაარსით.

* * *

გრ. ორბელიანის შემოქმედების განხილვა სრული არ იქნებოდა, თუ ჩვენ არ შევეხებოდით მის ადგილს ე. წ. ¨ მამათა და შვილთა ¨ ბრძოლაში, აგრეთვე პოეტის შეხედულებებს ენისა და სტილის საკითხებზე.

როგორც ცნობილია, მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა დაიწყო 60–იან წლებში, როდესაც ჟურნ. ¨ცისკარში¨ დაიბეჭდა თერგდალეულთა ბელადის ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატია¨ ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან ¨ შეშლილის¨ თარგმანზედა¨ (¨ცისკარი¨, 1861, № 4 ). ძველ და ახალ თაობათა პირველი ბრძოლა, რომელშიც გრ. ორბელიანს მონაწილეობა არ მიუღია (უეჭველია- სამსახურებრივი მოუცლელობის გამო) მიმდინარეობდა ¨ცისკრის¨ ფურცლებზე 1861-1863 წლებში . თავდაპირველად ეს ბრძოლა უმთავრესად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა; ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, ძველი ენობრივი ნორმების, კერძოდ, ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმის უკუგდებას, ისინი ილაშქრებდნენ ანტონ კათალიკოსის ავტორიტეტის წინააღმდეგ, უარყოფდნენ მაღალ სტილს და ა. შ. ყოველივე ეს ¨მამების¨ უკმაყოფილებას და გულისწყრომას იწვევდა.

ხელმეორედ პოლემიკა ახალი სიმწვავით დაიწყო 1871 წელს. შეტაკების საბაბი გახდა ისევ ი. ჭავჭავაძის გამოსვლა, კერძოდ, მისი ცნობილი ¨გამოცანები¨ (1871 წ. დეკემბერი), რომლებიც ხელნაწერების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია ¨ მამებს¨ შორის. ¨გამოცანებში¨ იგულისხმებოდნენ ქართველი თავადაზნაურების წარჩინებული წარმომადგენლები – მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე მუხრანბატონები, იასე ჭავაჭავაძე, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, გრ. ორბელიანი და სხვ. ამ პირთ არ შეუსრულებიათ ახალი თაობის (¨ თერგდალეულთა¨) ზეგავლენით სპეციალურად მოწვეული თავადაზნაურობის ყრილობის მიერ გამოტანილი

დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-სათვის ადრესის მირთმევას თბილისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ. მეფისნაცვლისა და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის ზეგავლენით ანდრონიკაშვილს შეუცვლია ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად უთხოვია თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა[18]. ილიას მერვე გამოცემა ეხებობა გრ. ორბელიანს. ეს ეპიგრამა, დანარჩენი გამოცანებისაგან განსხვავებით, პოეტისადმი განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული. მიუხედავად ამისა, ¨გამოცანებმა¨ გრ. ორბელიანის აღშფოთება გამოიწვია. 1872 წელს მან დაწერა ¨გამოცანების პასუხი¨, რომელიც ამჟამად¨ ¨ პასუხი შვილთას ¨ პირველი ვარინტის სახითაა ცნობილი. იგი ახალი

თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება:

კოღო –ბუზებო,

ლიბერალებო,

ჭკუით გლახებო, პატრიოტებო,

გზა დაკარგულნო,

წყალ-წაღებულნო.

კატის კნუტებო, სიდგანა კნავით? და სხვ.

გრ. ორბელიანმა თავისი პასუხი დაბეჭდა ჟურნ. ¨ცისკარში¨ 1874 წელს სათაურით ¨პასუხი უღირსთა შვილებთა¨. ესაა მეორე, საბოლოო ვარიანტი ¨პასუხი შვილთასი¨. მკვახე ტონი აქ შერბილებულია, ამოღებულია ძალზე დამამცირებელი ეპითეტებიც, რომლებიც პირველ ვარიანტში გვხვდება ( ¨კოღო – ბუზებო¨, ¨კატის კნუტებო¨, ვირი წავიდა, ვირი მოვიდა¨ და მისთ.), სამაგიეროდ იგი უფრო გავრცობილია და იდეური თვალსაზრისით საინტერესო მასალას შეიცავს.

ცნობილია ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საპასუხო ლექსები გრ. ორბელიანის ¨პასუხზე¨ ( ილიას ¨პასუხის პასუხი¨, აკაკის ¨ხარაბუზა ღენერალს¨, კოღო-ბუზების პასუხი¨, პატრიოტის აღსარება¨, ს. მესხის წერილი ¨ ჩვენი მამები და შვილები¨ და სხვ)[19].

ამგვარად, გრ. ორბელიანი ძველი და ახალი თაობის ბრძოლაში აქტიურად მხოლოდ 70-იან წლებში ჩაება. გრ. ორბელიანის ¨ პასუხის¨ ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის (¨ შვილების¨) შესახებ. ყველა მათ გრ. ორბელიანი უწოდებს ¨ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს¨, რომელნიც ¨გაბოროტებით სწყევლიან მამებს¨. ამათი ( მამების) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო ¨ დრო მამაცობისა¨. იგი მოაგონებს შვილებს, რომ:

მამანი თქვენნი,

თავის დროს ძენი,

თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!

ოსმალ- სპარსები,

დაღისტნის მთები

ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ.

მამებს ¨ სისხლით დაუცავთ მამული თვისი¨, ¨ ენა, საყდარი სარწმუნოება¨ შემდეგ ¨დრო შეცვლილა¨, სწავლა გამეფებულა¨ და ¨შვილებისათვის გაღებულა სახლი სიბრძნისა¨, მაგრამ მათ არ გაუმართლებიათ მამების იმედი:¨ სწავლად მისულნი წამხდარან ზნეობით¨ და სამშობლოში დაბრუნებულთ პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობის დროს ¨უსასოება და ურწმუნოება უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგიათ¨. ¨ და დაიწყევლა თქვენი აქ მოსვლა და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამიო¨, – ამბობს პოეტი, განსაკუთრებით აღშფოთებულია გრ. ორბელიანი შვილთა ერთი ნაწილის, ¨ჟურნალისტი მწერლების¨ მიერ მშობლიური ენის დაკნინების გამო: ¨ მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა სულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი! მის ძალი, მადლი უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელშიო¨ – აცხადებს იგი და დასძენს: ¨ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას¨. ისტორიული ასპექტის გარეშეც ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა.

შემდეგ გრ.ორბელიანი მოითხოვს შვილებისაგან:¨ აჰა, დიდების და სახელ–ქების ასპარეზია თქვენთვის დაცლილი¨ და ¨ ხმალის ტრიალით, ძლევის ყიჟინით¨ რომელიმე ¨იმ თქვენმა გმირმა¨ ¨ ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი¨. პოეტს ეეჭვება ახალი თაობის

მაღალი ფრაზები¨ ¨ საზოგადოების სულით აღდგენაზე¨. ¨ ერთობისა, ძმობისა და მამულისათვის თავის განწირვის¨ შესახებ; ¨ სიტყვა–სიტყვაა, საქმე კი –სხვაა¨, – გნმარტავს იგი. და ბოლოს ახალი თაობის ¨სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს¨ უწოდებს, აბრალებს მათ ¨უქმობას, არარაობასა და უმეცრების ამაყობას¨.

ახალი თაობის საუკეთესო ნაწილის მისამართით არც ერთ ამ ბრალდებას არ გააჩნია საფუძველი. ¨შვილების¨ განსაკუთრებული ღვაწლი ქართველი ხალხისა და მისი კულტურის წინაშე ბოლოს თვითონ გრ. ორბელიანმაც შეიგნო: ცნობილია მამათა და შვილთა ორი ბანაკის მეთაურების, თვითონ გრ. ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის საუკეთესო პირადული და საზოგადოებრივი ურთიერთობანი 80–იან წლებში, როცა თაობათა ბრძოლა დაცხრა და იგი ისტორიის კუთვნილება შეიქმნა.

* * *

გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. დამახასიათებელია პოეტის შემდეგი სიტყვები: ¨ვისაც არ უყვარს თავის სამშობლო ენა, მას, უეჭველია, არ უყვარს თავის მშობელნიცა, თავის წინაპარნიცა, თავის მამულიცა; ენა არის შემნახველი მამა-პაპის ყოფა-ცხოვრებისა, მათი სარწმუნოებისა, ჩვეულებისა, ესე იგი თვით ისტორია¨ (წერილი სალომე მიურატისადმი 1877 წ. 12 აგვისტოს თარიღით[20]). ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა ¨ჟურნალისტი მწერლების¨ (ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას. გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის სპეციალური კრიტიკული წერილი ¨მგზავრობა სვანეთისაკენ, გ.წ.¨, რომელიც მან ¨ძველი სემინარისტის¨ ფსევდონიმით დაბეჭდა ჟურნ. ¨ცისკარში¨ 1874 წელს ( № 9-10), აგრეთვე სატირული ლექსი ¨დროების ათი წლის იუბილე¨ , მიმართული ს. მესხისა და მისი გაზეთის წინააღმდეგ (1876). ეს ორი პოლემიკური ხასიათის წერილი შუქს ფენს გრ. ორბელიანის შეხედულებებს გრამატიკისა და სტილის საკითხებზე, აგრეთვე მის დამოკიდებულებას თერგდალეულთა მოღვაწეობისადმი 70-იან წლებში.

კრიტიკული ¨ განხილვა¨ ეხება ცნობილი თერგდალეულის გ. წერეთლის მოთხრობას ¨მგზავრის წერილები, ანუ კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა¨. წერილის ავტორი აფრთხილებს მკითხველს: ¨ მე არ შევეხები ავტორის იდეასა, არცა მისსა მიმართუასა. მე ვეძებ ქართულს მოთხრობასში მხოლოდ ქართულის ენის სიწმინდესა. მსგავსად სხუათა ენათა ქართულსაცა აქვს თავისი თვისება, თავისნი კანონები მართლწერისა და უბნობისა, ესე იგი თვისი ღრამატიკა, რომელიცა ასწავლის ყოველსა ამას თეორეტიკულად და რომლისა ზედმიწევნით ცოდნა საჭირო არის მწერალთათვის¨. ¨ მწერალმან უნდა იცოდეს ენა, რომელზედაც სწერს, ან ტეორეტიკულად, და ანუ პრაქტიკულად¨. გრ. ორბელიანი დამსახურებად უთვლის ¨ეხლანდელ მწერალთ¨, რომ ¨იგინი გულმხურვალედ¨ შეუდგნენ ¨ აღდგენას ჩუენისა დავრდომილისა ენისა, მაგრამ ზოგიერთის წერასში მოჰსჩანს მრავალი შეცდომილება¨, იმის გამო, რომ ¨ მათ არ ჰქონიათ შემთხვევა ღრმად შესწავლებისათვის ქართულისა ენისა¨ და ¨არა არიან ჩვეულნიცა საღმრთოს წერილისა, რომელიცა არის, მართლად, გამოულეველი საუნჯე ჩვენის ენისაო¨. შემდეგ პოეტი თავს იმართლებს ქალების წინაშე (¨რომელნიცა ყოველსა დროსა ყოფილან და ახლაცა არიან უკეთესნი ენის დამფასებელნი¨) გრამატიკის საკითხებზე რომ უხდება საუბარი და დასძენს:¨ რა ვჰქმნა, არც მე მაქვს ამასში ბრალი.

ეს გახლავსთ ერთი ნამცეცა ნაწილი პლატონის ღრამატიკისაო¨ (იგულისხმება პლატონ იოსელიანი, ავტორი ¨ ქართული ენის ღრამატიკისა¨).როგორც პოეტის განცხადებიდან ჩანს, იგი თავისი გრამატიკული ხასიათის შენიშვნებში პლატონ იოსელიანის ნორმებს ემყარება. პლატონ იოსელიანი კი გრამატიკული არქაიზმის დამცველი იყო. გრ. ორბელიანის კრიტიკულ ¨ განხილვაში¨ მოიპოვება მთელი რიგი ადგილები, რომლებიც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებენ პლატონ იოსელიანის შეხედულებებს ქართული ენისა და, საერთოდ, სალიტერატურო მეტყველების ნორმებისა და სტილის შესახებ. გრ. ორბელიანი ამ წერილში იცავს:

1) ძველ ორთოგრაფიას. იგი წერს: ¨იშვიადსა ენასა აქვს ისეთი სრული ანაბანა, როგორიცა ქართულსა …მაშასადამე, ამ ასოების უარის-ყოფა, გადაგდება უეჭველად სავნებელი არის ენისათვის…¨ ¨ანტონ კათალიკოსმა, დიდად მცოდნემ ქართულისა ენისა, არა თუ დააკლო, არამედ მიუმატა ასო Φ¨.

2) მორფოლოგიაში, მაგალითად, თავგამოდებით იცავს იმ აზრს, რომ ¨ყოველი შემოქმედებითი ზმნა საზღურებით სქესში პირველი პირი უნდა დაიწეროს ისე, რომ მეორე ასო ზმნისა იყოს ჰ, რადგან ხმის ამოსვლაშიაც სწორედ ასე გვესმის, მაგალ. ვჰსწერ, ვჰგალობ, ვჰკლავ და სხუანი, ხოლო მეორესა და მესამე პირში დაიწერება ასოთი ჰ, მაგალ. ჰსწერ, ჰსწერს, ჰგრძნობს, ჰკლავს და სხუანი¨. ასეთივეა დაახლოებით ავტორის შეხედულებანი ქართული სინტაქსის საკითხზე.

3) ქართული სალიტერატურო ენის ნიმუშად გრ. ორბელიანს, უწინარეს ყოვლისა, მიაჩნია ¨სირიის და ბერძნულის ენით გადმოღებული ქართულად საღმრთო წერილი ესრეთის მშუენიერ სიტყუაობითა და ძლიერებითა¨. იგი მომხრეა ძველთაგან შემუშავებული არქაული ნორმები უცვლელად დარჩეს.

4) ენაში პროგრესისა და ახალი სტილის მიმართ გრ. ორბელიანი კონსერვატორი რჩება. იგი წერს:¨ ახალი სტილი ვერასოდეს ვერ შესცვლის ენის ბუნებითსა თვისებასა… ენის თვისება მყოფობს მარადის შეურყეველად. ენა არ არის მოგონებული ერთისა ვისგანმე, რომ მეორესა შეეძლოს ძირიანად შეცულა მისი¨.

5) ენის დემოკრატიზაცია, რომელსაც თერგდალეულები მოითხოვდნენ, გრ. ორბელიანის ასეთს კორექტივს იწვევს: ¨ხშირად ამბობენ აწინდელი მწერალნი:¨ ხალხის ენაზედ ვსწეროთ¨. მაშ რა ენაზე უნდა დასწერონ ? მაგრამ ეს კი უნდა ახსოვდეთ: ხალხის ენა არის მხოლოდ მასალა შემუშავებული. ვიდრე დახელოვნებული მწერალი მასალას მას არ გადაარჩევს კარგსა უვარგისისაგან, არ გაჰსწმენდს, ან გაამშუენიერებს და დიდებულებითა არ აღიყუანს სალიტერატუროს სამფლობელოში… ტალახი დარჩება ისევ

ტალახად¨.

ყველა ამ პრინციპების უგულებელყოფასა და ¨ ენის წახდენას¨ ხედავს პოეტი გ. წერეთლის პროზასა და, საერთოდ, ¨ახალი მწერლების¨ მეტი ნაწილის მოღვაწეობაში.¨ კიკოლიკის¨ ენობრივი და სტილისტური შეცდომების აღნუსხვის შემდეგ გრ. ორბელიანი მიმართავს ახალ თაობას: ¨ ყოვლის მხრით ღაღადებდა ყვედრებისა ქართულის ენის წახდენისათვის უნდა გესმოდესთო¨. მისი შეხედულებით, ქართულ ენას, რომელიც ¨ესრეთ ლამაზად და დიდებულებით ჰბრწყინავს ჩვენს საღმრთოს წერილში¨, უფრთხილდებოდნენ და ინახავდნენ შეურყევლად ¨ ბერები მონასტრებში, ეკლესიებში მღუდლები¨ და ¨ჩუენი ქალები¨, ახლა კი რედაქციებში ირყვნება იგიო. პოეტი განსაკუთრებით თავს ესხმოდა გაზეთ ¨ დროებასა¨ და მის რედაქტორ ს. მესხს. პოეტის სატირული ლექსი ¨ დროების ათი წლის იუბილე¨ (1876) ასე იწყება:

ვერ ისწავლა მესხიმ წერა

ვერა!.. ვერა!..

ამ ლექსში იგივე საყვედურებია გამოთქმული, რასაც ავტორი გ. წერეთლის მოთხრობის ¨განხილვაში¨ გამოთქვამდა ენის ¨წაბილწვისა¨ და ¨გაბაზრების¨ შესახებ. ამგვარი შეხედულებისათვის გრ. ორბელიანს არ უღალატნია. იგი ბოლომდე დარჩა აგრეთვე ძველი სალიტერატურო ენის ნორმების დამცველი…[21]

გრ. ორბელიანი ზოგჯერ ენის დემოკრატიზაციის დამცველის როლშიაც კი გამოჰყავთ. ამის საბუთად მიუთითებენ პოეტის ზოგიერთ გამონათქვამებზე, რომელნიც არ ეთანხმებიან პოეტის თეორიულ დებულებებს, მაგრამ ერთია თეორია და მეორე – მისი პრაქტიკული რეალიზაცია. ჯერ კიდევ ი. მეუნარგია აღნიშნავდა – თვითონ პოეტი არ მისდევდა თავის თეორიას თავის ნაწერებშიო.

თუმცა არც ეს შეხედულებაა მთლად საფუძვლიანი: გრ. ორბელიანი მხოლოდ ზიგიერთი ჟანრის ნაწარმოებებში არ იცავს გარკვეული კანონებით გაპირობებულ თავის სტილს. ასეთია, მაგალითად, Ι და ΙΙ პერიოდის (1832 – 1858) კერძო ბარათები, რომელთა გამოქვეყნება მას არ უფიქრია. ეს ბარათები ყოფის დოკუმენტებია, რუსიციზმებით აჭრელებული, ჩვეულებრივი სასაუბრო მეტყველების ნიმუშები.

სამაგიეროდ ამ პერიოდში გრ. ორბელიანს თავისი სტილისა და ენის შესაბამისად აქვს დამუშავებული ¨ დღიურის¨ ერთი ნაწილი (¨მგზავრობა ჩემი…¨), პროზაული ესკიზები და თარგმანების ნაწილი (ნიმუშები ზემოთ გვაქვს მოყვანილი). საკმარისია მათი თუნდაც ზერელე გაცნობა, რომ დავრწმუნდეთ – რაოდენ დიდი უფსკრულია გრ. ორბელიანის შეგნებულ ლიტერატურულ მეტყველებასა და შემთხვევით დაწერილ კერძო ბარათებს შორის. გრ. ორბელიანის ¨სადღეგრძელო¨ და მისი ლირიკული ლექსები ¨ჩემს დას ეფემიას¨, ¨იარალის¨, ¨ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨ – ამაღლებული, კეთილშობილი პათეტიკისა და არქაისტული მეტყველების ნიმუშებია. გრ. ორბელიანის ენა და სტილი ამ შედევრებშია გამოხატული. რაც შეეხება პოეტის ¨ მუხამბაზებს¨, მათი ენობრივი სისადავე თვითონ ჟანრის მზამზარეული ფაქტურიდან მომდინარეობს: ესაა ინტონაცია და სასაუბრო მეტყველება ქალაქური ფოლკლორისა, გამოყენებული პოეტის მიერ დაბალი ფენების მოქალაქეთა ტიპიზაციისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმული იმას როდი ნიშნავს, თითქოს გრ. ორბელიანისათვის სრულიად უცხო იყო კომპრომისები ახალი სალიტერატურო ენის ფორმირების წინაშე. თვით პლატონ იოსელიანიც მიესალმა გ. ერისთავის მიერ ¨ ახალი ენის დაბადებას¨ , მაგრამ ეს გარემოება არ მოწმობს ცნობილი არქაისტის მიერ საკუთარი პოზიციების დათმობას. გრ. ორბელინსაც გამოუთქვამს თავისი აზრი ზოგიერთი ¨მკვდარი სიტყვების¨ გამოყენების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს საერთო წარმოდგენას პოეტის ენობრივი პოზიციების შესახებ.როგორც ზოგიერთი მისი რეალისტური ლექსი (მაგ., ¨ მუხამბაზები¨,) გრ. ორბელიანს რეალიტურად არ აქცევს, ასევე პოეტის ნაწილობრივი კომპრომისები ახალი სალიტერატურო ენის წინაშე არ მოწმობს მის პრინციპულ გადახრას ენის დემოკრატიზაციისაკენ.

* * *

გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. ამას თვითონ პოეტიც გრძნობს.

გრ. ორბელიანის პოეტური შემოქმედება ასახავს ქართული სალიტერატურო ენის საერთო ვითარებას გასული საუკუნის პირველ ნახევარში, განვითარების იმ ეტაპს, როცა ძველი და ახალი სამწერლობო ენის გაყრის პროცესი დაიწყო.

გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას ( მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა ( რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს, მაგ., გვეპყრას: სუფრას, უძრავად: ორად; გმირი: ძლიერი (¨იარალის¨); სასიხარულოდ: მხოლოდ, ესრეთ: ფრთეთ; ქვეშ: უნუგეშ; ნელიად: სოფლად; კვალთ: სიხარულით (¨ ჩემს დას ეფემიას¨); უკანასკნელ რითმაში კი მარტო ბოლო თანხმოვნებია შერითმული (კვალთ: სიხარულთ). ეს ნაკლი შესამჩნევია ალ. ჭავჭავაძის პოეზიაშიც, ნაკლებ შესამჩნევი – ნ. ბარათაშვილთან.

ნაწილობრივ ეს გარემოება უნდა იყოს აგრეთვე მიზეზი იმისა, რომ გრ. ორბელიანი ქართული ურითმო ( თეთრი) ლექსის შესანიშნავ ოსტატად გვევლინება.

შედარებით სწორი რითმებით გრ. ორბელიანს დაწერილი აქვს ¨მუხამბაზი¨, მაგრამ ეს აიხსნება ჟანრის სტერეოტიპული, მზამზარეული კადენციით (ვინავარ: ვინა ვარ; : სადა ვარ: მზადა ვარ და ა. შ.), არასწორი, ყრუ რითმები მის ტაეპებს ზოგჯერ სილაბურ ლექსწყობას უახლოვებენ ( მათი მეტრული პროფილი ყოველთვის მკაფიო არაა, მიუხედავად ზომათა მრავალფეროვნებისა). მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.

გრ. ორბელიანის ლირიკაში დაძლეულია აღმოსავლურ-ირანული ყვავილოვნება სტილისა, პოეტური ¨ სამკაულების¨ თვითმიზნული სიჭარბე. ყველა კომპონენტი ლექსისა ორგანულად მომდინარეობს თემის ხასიათიდან, მეტწილად ისინი პოეტის შინაგან არსებაში ემოციის ან აზრის აღმოცენების უშუალო შედეგს წარმოადგენს.

ამ უშუალობითაა აღბეჭდილი გრ. ორბელიანის პატრიოტული პათოსი, ღრმა გრძნობებით აღსავსე მისი სატრფიალო ლირიკა და, ბოლოს, მისი ფერებით მოელვარე პეიზაჟი.

ლიტერატურა

[1] ჯ.ჭუმბურიძე, გრ. ორბელიანის ¨ სადღეგრძელო¨ და ვ. ჟუკოვსკის ¨ მომღერალი რუს მეომართა ბანაკში¨ ( თბილისის სახ. უნივ. შრომები, ტ. 53, გვ. 179-204. 1954).

[2] აღსანიშნავია ფრაზული პარალელები ამ ლექსისა ¨ აღსარების¨ ცალკეულ ტაეპებთან. მაგ., ¨ ვიდრე იყო ქედმოდრეკილი…¨ შდრ. ¨ ქვემოდრეკილი უღელქვეშ¨ ან ¨ უღელქვეშ დამწარებული¨ ( ¨ აღსარ¨.). აგრეთვე: ¨ ერი ღაღადებს ვაებას¨ ( აღსარ.), გდრ. ¨ განიღვიძე, ისმენდ ვაებას¨ (ჰე, ივერიავ¨) და ა. შ.

[3] იგულისხმება კახეთის აჯანყება 1812 წ.

[4] შდრ. ტაეპი ¨ აღსარებიდან¨: … და ვერავინ აღსდგა მფარველად¨.

[5] საკითხისათვის იხ. პ. ინგოროყვას წერილი ( ¨ მნათობი¨, 1940, №2. და ¨ქართული მწერლობა¨, 1928, № 6-7).

[6] ¨ 1832 წლის საქმე¨, რვ. XXI, 4050 (საქ. არქივი).

[7] სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თვითონ ავტორის მინაწერის ქების მეორე, ყირიმის ომის დროინდელი (1854წლის) ვარიანტი აშიაზე:¨ ესეც ტოლუბაშის არის¨. პოეტს არ შეეძლო ¨ ტოლუბაშში ¨ შეეტანა ხელმწიფის ქება მეორე ვარიანტის სახით, რადგან ეს დაარღვევდა ისტორიულ პერსპექტივას: 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომთან დაკავშირებით ყირიმის ომის ამბებზე ლაპარაკი ძალზე სახამუშო ანაქრონიზმი იქნებოდა. აშკარაა გრ. ორბელიანს მხედველობაში ჰქონდა მეორე ვარიანტის ის ნაწილი, რომელიც ¨ გულნი ივერთას¨ სახით (Iვარიანტი) დაუწერია ჯერ კიდევ 1832 წ. მართლაცდა პოემის საბოლოო რედაქციაში ხომ ეს ნაწილი მოხვდა!

[8] გავიხსენოთ ¨ აღსარება¨, აგრეთვე ლექსი ¨ ჰე ივერიავ¨, რომლის ბოლო სტროფი ავტორს ცალკე ჰქონია დაწერილი (¨ ცხოვარს ვემსგავსეთ….¨) და შემდეგ შეუერთებია ლექსისათვის.

[9] ამასთან:¨ ტოლუბაშის¨ პირველი ვარიანტი დაიწერა 1827 წელს, როცა გრ. ორბელიანის პოლიტიკური რადიკალიზმი მთლად ჩამოყალიბებული არ ყოფილა. საქართველოში ცირიზმის წინააღმდეგ შეთქმულება მხოლოდ 1829 წლიდან მწიფდებოდა.

[10] გრ. ორბელიანი, წერილები, ტ. III ( ხელნაწერი).

[11] ამ სტროფის უკანასკნელი ორი ტაეპი პოემის ბოლო რედაქციაში ( 1870) შეცვლილია უფრო სრულყოფილი და მრავლისმთქმელი ტაეპებით:¨ რომლის შუქი აღგვამაღლებს, რომლით სული გვინათლდება, რომლით კაცი მშვენიერებს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება¨. მაგრამ ფრიად დამახასიათებელია, რომ სიყვარულის ასეთი ღრმა გაგება გრ. ორბელიანს მოცემული აქვს ერთ თავის პროზაულ ეტიუდში ¨ ზამთრისა ქარი გრიალებს¨, რომელიც მას 1829 წელს დაუწერია ნინოწმიდაში. აი სათანადო ადგილიც: ( სიყვარული ) გვატკბობს, გვახარებს თვით ტანჯვასაცა შინა თვისსა და აღგუამაღლებს ყოველთა მდაბალთა და უღირსთა სხვათა ვნებათაგან¨.

[12] საბოლოო ვარიანტი:¨ სიყვარულისა ალითა¨.

[13] ¨ წერილები¨, ტ. 1, გვ. 25 ; შდრ. იქვე, გვ. 230, აგრეთვე ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I,გვ. 54.

[14] იხ.¨ წერილები¨ , ტ. II, გვ. 63 ( საადის შესახებ) და 163 (¨ ვაღუფის¨ შესახებ),

[15] შდრ. გამოთქმა ლექსში ¨ ნინოსადმი¨ ( 1830): ¨ მაშინ მე, შმაგი¨… და სხვ.

[16] ჯერ კიდევ 1853 წელს პოლონეთში მყოფ პოეტს სწერდა ნინო ჭავჭავაძე: Когда бог приведет Вас опятъ в Цинандали, каждое местечко и уголок здесъ напоминает вас. როცა მე და კატინა ვთამაშობთ ბილიარდს, მაშინვე ფუცკ მოგვაგონდება.

[17] ეს ადგილი ასევეა ¨ ტოლუბაშის¨ I და II ვარიანტებშიც.

[18] ი. ჭავჭავაძე, თხზ. სრული კრებული, ტ. I, გვ. 387 –390; თბ. 1951.

[19] გრ. ორბელიანისა და ¨ შვილების¨ პოლემიკა საკმაოდ ამომწურავადაა შესწავლილი ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევართა მიერ და ამიტომ აქ ზედმეტად ვთვლით დაწვრილებით ვილაპარაკოთ მის შესახებ. ჩვენ სრულიად განზე ვტოვებთ ახალი თაობის მეთაურთა ¨ პასუხებს¨, რადგან ის დიდ ადგილს დაიკავებდა.

[20] ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I,1945, გვ. 105.

[21] ნ. ალანია, ჟურნ ¨ ივერიის¨ ერთ- ერთ ნომერში ( ხელნაწერი). ამ მკვლევარის დასკვნით ¨ძველი სამწერლო ენის მოტრფიალე პოეტს 80 –იან წლებშიც არ სურდა დრომოჭმული ენობრივი ფორმების განდევნა მართლწერიდან¨.


Responses

  1. tqveni momsaxureba da am masalis googlesh chagdeba dzalian mnishvnelovania

  2. vrceli da amomwuravi ganxilvaa,didi madloba avtorebs:)

  3. ძალიან მომეწონა დიდი მადლობა ყველას ძალიან დამეხმარეთ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: