Posted by: burusi | 16/09/2009

იაკობ გოგებაშვილი – იავნანამ რა ჰქმნა?

იავნანამ რა ჰქმნა ოსკარ შმერლინგი

იავნანამ რა ჰქმნა, მხატვარი ოსკარ შმერლინგი

იაკობ გოგებაშვილი – იავნანამ რა ჰქმნა?

სამშობლო ღვინისა

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.

ოსკარ შმერლინგი იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა, მხატვარი ოსკარ შმერლინგი

სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.

ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.

ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა.

ლეკები კახეთში

ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ.

იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა

ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო…

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:

იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა.

– როგორ? – ჰკითხა ამხანაგმა.

– ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? – ჰკითხა მან.

– ჰო, მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? – უპასუხა მან.

– გვარგებს, თუ ჭკუით მოვიქცევით. ამ მდიდარს კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი?

– უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან?

– ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს როგორმე მოვიტაცებთ და ტყვედ წავიყვანთ დარესტანში, როგორ გგონია, ქართველაძე განა თავის შეძლებას დაიშურებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნას შვილი? ჰაი, ჰაი, რომ არ დაიშურებს.

ამხანაგსაც მოეწონდა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი, ატეხილი ტყე, ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგათ. ერთხელ ქეთოს გამდელმა საღამოს ჟამს ამ ტყისაკენ გამოისეირნა და თან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა: ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გაფრთხიალდა, ბავშვიც უკან დაედევნა.

ამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში, გამდელიც უკან მისდევდა. უცებ საიდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა, გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი დაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.

მდევარი

ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა რას იპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყეს ძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: – ქეთო სადღა არის? – გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: – არიქა, მდევარიო!

მაშინდელს დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში და გამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე. ამიტომ ზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომ მისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული… სწრაფად გამოვიდა იარაღში ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა და გაუძღვა წინ.

ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მთაზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოს მომტაცმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არ ევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბ ქართველაძე თავის ამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო.

ქეთოს ნაიბი ყიდულობს

ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიც იყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდა ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არ ჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.

საღამო ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს, ნაიბი და მისი ცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთს მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა, რომლიდგანაც ბავშვის თავის და სახე სჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკები მოწიწებით მოვიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს, მბრძანებელსა. ლეკებს ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინოდათ და ამიტომ მართალი დაუმალეს, – უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთო.

პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელს ბავშვად ხდიდა მას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: – რა მოგცეთ, რომ ეს ბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? – რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო, თუ გნებავთ, ფეშქაში გახლდეთო. – ნაიბი ადგა, შევიდა სახლში. გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე, და მისცა ლეკებს. ქეთო გამოართვა ლეკსა ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა, ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვის ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლება და ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველს ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად სტიროდა, როცა თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავის სოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისი ქმარი ისეთი სიყვარულითა, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელი ყველაფერი.

იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა

ქეთო ლეკ ქალად იქცა

ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამ გრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა და ადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად.

ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი, იმათით სცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი თითქოს მთლად წაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით, დღითი-დღე შეასუსტა ქართული ენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთს დანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომი გამეფდა ქეთოს სულში და წარსული ჯერედ მკრთალი გახადა და მერმე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი დაღესტნის შვილად.

ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო.

ამაო ცდა ქეთოს მამისა

რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა?

დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ზურაბს თავის ქალი უფრო შუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდან იყვნენ. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანა ამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორც საკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალა პასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მე თვითონ დაგიბრუნებდიო, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეცა და ჩემს ცოლსაც მზე ამ ბავშვზე ამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია, თქვენ სრულიად დავიწყებული ჰყავხართ და ამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროო.

ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა მხოლოდ ძალით ან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მათი დედ-მამისათვის, მით უმეტეს, რომ მაგდანას ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერ გაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად, მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდა წადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომ ყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულს ლეკებს იმისთანა ადგილას, სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა. სიმრავლეც ქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდე.

როცა ამ გზით ვერასფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომ გულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ეს ხმა მივიდა ნაიბამდინაც და მან ჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კი დაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამიჩუმიც არ ისმოდა. აქამდე ქეთოს დიდის სიფრთხილით უშვებდა კარში, ახლა კი მაშინდელის დროის ლეკების სხვა ქალებივით თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანში თავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკების შუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა.

ოსკარ შმერლინგიოსკარ შმერლინგი

ქეთოს მამა იტაცებს

დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე. ზურაბმა იხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული, გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამო ჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სახლში, ყველაფერი გაიგო და დილა სისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა: ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმე ერთის თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებული ნაიბისა, რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყო მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.

ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეების ჯგუფსა და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც უნდა ქეთოს გამოევლო. ქართველაძიდ პირდაპირ გზის იქით ამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად, ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო და ასულიყო ზემო უბანში. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. ასე, რომ ზურაბმა იფიქრა, ვაითუ დღეს ქეთო სულაც არ ფიქრობდეს ზემო უბანში ასვლასაო. მაგრამ აგერ შორს გამოჩნდა ქალი, ახლად შეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული… ზურაბი თვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა, თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდაო. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყო ბევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირისახე სულ პატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად შეიცნო. ქეთომ მიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბი ამოჰფარებოდა. ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთო შეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.

– ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო, წავიდეთ შინა, – უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით უსმენდა უცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცსა. ზურაბმა იფიქრა, თუ ლაპარაკში დრო დავკარგეო, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფად მივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცა ტყისკენ. ქეთომ შექმნა საშინელი წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერ შეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო და ამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შესწუხდა და სთქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბა ოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმა სამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთ გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნა მესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმის ვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბის და ქეთოს კვალი ვერ მიაგნეს; ისინი თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომ ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაც იცოდა კარგად, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზასა, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო, მაგრამ ვაი ამ მშვიდობასა.

იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა

ქეთო საშინლად იტანჯება

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით; სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო, შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: – აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, – ეუბნებოდა მაგდანი ქეთოსა… აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აი შენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდე იჯექი, – მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანეს წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც პატარაობისას ის ხშირად თამაშობდა; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისი დედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

დედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა ყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი…

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებას ნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

- არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლსა. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, – უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა.

ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.

იავნანამ რა ჰქმნა?

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა და გამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.

შეუდარებელი დილა იყო: არე-მარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდგომოდა მთელი შადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრად აებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო და გარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდების მახლობლად ტკბილად დასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა, დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო. ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიან გულსაცა და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა, რომელიც აქამდე მაჯლაჯუნასავით აწვა მის გულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა, გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულსა უცხო ადამიანები და რადა სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.

დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. ცალკე ამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მან სრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათის წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყო მოთავსებული პატარა ტახტზე ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თან ხმას აძლევდა მომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა, ამ სახეზედ ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა. ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა და პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი, განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით „დედავ!“ მსწარფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა. დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა.

იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა

პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოშულს, დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია.

შემდეგ დაბრუნდა დედასთან, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაც აზრი შეეშალა. სწრაფად მოშორდა სარკესა, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან. დაუდგა გვერდით, შეადარა სახეები, ააშკარად დაინახა, რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოიკიდა ყელზე და ხელახლად დაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე ქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედება თვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულით მიეალერსა თავის უწინდელს მეგობრებსა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სანატრელი სიპატარავის დრო. აქამდის ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არე-მარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც. თუმცა სიტყვები ბლომად აკლდა. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა ან ლეკურს სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულს სიტყვებს ასწვალიდა.

აღმოჩნდა, რომ პირველის წლების ჩაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არ გამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე ღრმად ეძინათ, დამარხულნი იყვნენ მისი სახსოვრის სიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლია დამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარებათ მთელი ათის წლის ნანახი და ნაცადი დაღესტანშიყოფნის დროსა. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძება შეეძლო მხოლოდ რომელსამე ძლიერსა და ღრმა ჩაბეჭდილებას, სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლს ზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო – სინათლე. ამისთანა მზეებრივი ჩაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვო სიმღერამ „იავნანამ“, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილში გამჯდარი.

ყოველი ვაშლოვნელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით, მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარსა და შეჰხაროდნენ ქეთოსა. ქართველაძის სახლში ტრიალებდა იმისთანა დიდი სიხარული, რომელსაც ქრისტეს დროს გამოივლიდნენ ხოლმე ისინი, ვისაც მაცხოვარი მომაკვდავს მოურჩენდა, ან მკვდარს აღუდგენდა. ამ ძლიერს სიმხიარულეს სწორედ შეფეროდა და ბანს აძლევდა ხშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყალოდ ტოფილი შველი ხარბად ეწაფება წმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათს წელიწადს მოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერას და მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთს ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორეს ათქმევინებდა, მერე მესამეს, მეოთხეს. ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: გენაცვა, შვილო, ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარა მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამ დაღალულობისა: მხურვალე ხვევნა და კოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედის მშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას.

ქეთო და მისი დედობილ-მამობილი

ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: – დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?

მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.

- ფიქრი ნუ გაქვს, დედა! – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, – შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთა და ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა.

მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.

ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: – იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა. – მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.

ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამის ნება-დართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.

ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.

იავნანამ რა ჰქმნაიავნანამ რა ჰქმნა

ქეთოს ბედნიერება

მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვა დროსაც.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული, მოყვასისადმი თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.

ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულსა და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ დედობილ-მამობილის სიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლის დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გული გახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო, თავისი მოსიყვარულე გულით, გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურს სურნელებასა და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველა შეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა ბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?

ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთა ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს…


Responses

  1. magariaaaaa

  2. magariaaaaaa

  3. magaria

  4. მომწონს

  5. მაგარიააააააააააააააა

  6. ძაან კარგია

  7. Dzan MaGaRiaa

  8. me dzalian momwons es motxroba

  9. me es motxroba zalian momwons masshi gadmocemulia tanjva tkivili da yoveli sxva


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: