Posted by: burusi | 11/09/2009

ნიკო ლორთქიფანიძე – გულთამხილავის მსჯავრი

ვერტიკალი, სერიიდან მხედრები და წმინდანები, ლევან მინდიაშვილი - warriors and saints, Levan Mindiashvili, 2008

ვერტიკალი, სერიიდან მხედრები და წმინდანები, ლევან მინდიაშვილი - warriors and saints, Levan Mindiashvili, 2008

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

- იცოდით ნება ჩემი?

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ ვიცი, არ წამიკითხავს.

- შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, – მიუგო პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

- შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.

მეორე ისევ სდუმდა.

- შენ?

- რა?

- მოგიკლავს ადამიანი?

- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.

- გითქვამს ტყუილი?

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი.

- გიმრუშია?

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

- გიგმია ღმერთი?

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.

- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?

- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.

ყველა დადუმდა.

- რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ?

- ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!

- მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.

- მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.

- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

1913 წ.


Responses

  1. amis damweri aris absoluturad beci qristianul religiashi,man sheidsleba waikitxa,magram wakitxva ar nishnavs gagebas,da shemecnebas.

  2. shen vin xar sxvas becs ro uwodeb???? amaze dsapiqrebulxar saertod? shen rom kargad icode religia da uplis wesebi sxvas sheuracyopas ar
    miayenebdi…

  3. ნიკო ლორთქიფანიძეზე რომ იტყვი ბეციაო ან ყოვლად განუვითარებელი და გონებასუსტი უნდა იყო ან უბრალოდ შიგ გაქვს

  4. პირველი კომენტარის ავტორს მშვენივრად შეუძლია ნაწარმოების გაანალიზება.

  5. გთხოვთ, პატივი ეცით ერთმანეთს. რაც შეეხება ნაწარმოებს, ეს ლიტერატურაა. აქ ფანტაზია მეტი უნდა იყოს ვიდრე დოგმატიკა.ყველამ კარგად ვიცით, რომ უფალი მასეთ დიალოგს არ გაგვიმართავს.ჩემი აზრით პირველი კომენტარის ავტორს არ შეუძლია ნაწარმოების სწორად გაანალიზება.

  6. პირველი კომენტარის ავტორს ვურჩევდი შეიხვიოს მეტანიებისგან გადატყავებული მუხლები და იცხოვროს ისე ,როგორც ამას სინდისი უკარნახებს ..ის სინდისი ,რომელიც ,როგორც ვაჟა იტყოდა , არის უფლის ხმა ადამიანში !!!
    თუმცა თქვენ შეიძლება ვაჟაც ბეცად მიიჩნიოთ :)))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: