Posted by: burusi | 04/09/2009

თენგიზ ვერულავა – გოგჩა (ალექსანდრე ჭავჭავაძეს)

ხანძთა

თენგიზ ვერულავა -Tengiz Verulava

გოგჩა (ალექსანდრე ჭავჭავაძეს)

მოქურუხებულ ცას ტალებად აჩნდა ღრუბლები. მკრთალი მზე ანათებდა შაჰდაღის ქედს ზემოთ, ძლივს ატანდა ხეობაში ჩამოწოლილ ნისლებს.

ყარაბაღულ ბედაურზე ამხედრებული მხედარი მიაჭენებდა მთის უგზო ფერდებზე. ცხენის ალღოს მიჰყვებოდა, მიდიოდა, მაგრამ არ იცოდა სად.

სადავე მოქაჩა, ქარაფებს მიაგდო ცხენი, მწვანე კორომებით დაფარულ ხევს გადმოხედა. ქვევით მდინარე მოარღვევდა უფსკრულებს, მაგრამ სქელი ნისლი ფარავდა და მისი ხმაური ძლივს აღწევდა.

შორს მოჩანდა კავკასიონი, ორ ზღვას შუა გოლიათად გაწოლილი, მთაზე დამდგარი მთების ზურგით მზიდველი. ყინულოვანი მწვერვალებიდან მოსქდა ათასწლოვანი თოვლისგან შეკრული ზვავი. ყინულ-ლოდთა ბორცვებმა დაქანებულ ფერდებზე იწყო სრიალი. ცას წვდებოდა თოვლის მტვერი.

შავჩოხოსან მხედარს შავი ნაბადი წამოეგდო მხრებზე. მეფისტოფელივით გადაჰყურებდა მწვერვალებს შეფენილ ნისლთა ზღვაურს.

“ჩრდილოს ვაშატებმა” შელეწეს დასაბამითგან შეუვალად ცნობილი კავკასიის წიაღი. რუსთ მხედრად აღზრდილი ციციშვილი რომ მოადგა მიუვალ ზღუდეს, თერგმა და სალმა კლდეებმა ფართოდ გაუღეს კარი. გადამთიელი ბარბაროსნი არ მორიდებიან უძირო უფსკრულებს, აცერებულ ჭიუხებს. ქვათამკვეთელი ზარბაზნებით და ხელოვნური მეხით გლეჯდნენ ბუნებითგან ქმნილ უცვალებელ საზღვარს.

უწყალო სენად გადაექცა ახალდროება. ჩრდილოეთიდან, კავკასს გაღმა მონაქროლმა ცივმა ქარებმა გააუდაბურეს სავანენი, არ დატოვეს ეშყის წალკოტებში სახემტკბარი ვარდები. შეუწყალებელ ცეცხლის ალში ჩავარდა ღვთით ბოძებული პატარა სამოთხე. ყოვლთ მაწყენი გველი შემოეპარა ედემის ბაღებს, მოაშთო მსუბუქფრთოვანი ვარდები. მთიებთაგან დაშორებით სუსტქმნილი ბულბულები აღარ ეკარებიან მარადიული ზამთრით დამზრალ, უშლელ ვარდებს.

“წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი”! – ფიქრობდა იგი და ჭირთ მწველთა განსაქარვებლად მიელტვოდა მდელოთა სუნსა, მოსასურნსა.
მიაგელვებდა შავ ბედაურს უფსკრულების პირას დამრეცილ ბილიკებზე იბერიელთა ძველი, ჭეშმარიტი დანაშთი. მთიები მიიწევდა მოღუშულ ცაზე, როგორც ციკლოპური თვალი, მეწამული მელნის უძირო ტბა. ავდრის საგუბელი ბნელი ღრუბლები გადაფაროდნენ შარავანდის მფენ მზეს, თითქოს წამწამებია, ჰინდოთა ურიცხვი ჯარი.

აქედან შორს იყო უმეფო, პატივახდილი ტფილისი, მთავარმართებლის სვეტებიანი სასახლე, პასკევიჩის მიერ მონათლული ერევანსკის მოედანი თუ რუსების ჯარით გაძეძილი არსენალი. გუშაგებად დაყენებული, თავისუფალი ნების წარმტაცველი მთავარმართებლები ცვლიან ერთანეთს. კნორიგმა შეცვალა პავლე ციციანოვი, ციციანოვმა – გუდოვიჩი, შემდეგ ტორმასოვი, პაულიჩი, რტიშჩევი, ერმოლოვი, პასკევიჩი, როზენი, გოლოვინი, ნეიდგარტი, ვორონცოვი… ხვალ სხვანი მოვლენ მათ გამომცვლელად, გველივე ჰშთება გველად. ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისგან.

“მუხთლად გვესროლეს მაცთური ბადე. მოტყუებით ჩავცვივდით ქაჯების მახეში, რომელნიც არიან სიტყვა ლაქათნი, ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი, აქვსთ ყოვლთვის ხელად, სჯულად ძველად საბრხე, საცთურნი… ქაჯთ ყოფაქცევა, ჭამა-სმევა აქვსთ არეულად, დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელჰყოფენ მგლურად, ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად, მოყვარეთ ტკბილთა, ხანდაზმილთა გულთ სწყვლენ მტრულად, კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი. რა ხალხია: ღმეჭია, ღრეჭია, ფლიდი და მურტალი. დაგვახვიეს თავს ბნელნი ბურნი. გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან და აწ გვმართებს ხანგრძლივ ყმუნვა, ვიდრე ჟამმან მოგვცეს თბუნვა”.

გამოექცა ჩაბალახახდილ, დაჩოქებულ, შიშიან ჟამს და “სიყვარულით მტკბარი” ფეერიული ზმანებების სამყაროს მიაშურა. ქაჯთაგან თავისუფალი ვარდ-ბულბულიანი ედემი აწ მხოლოდ ოცნებაში შეიძლება იხილოს.

თავი მოსტაცეს ფერდაკარგულმა ლანდებმა და მწირ თვალებს ისევ მოეახლნენ დროით დათრგუნვილი “ძველი ხილვები”. ისევ დაიქროლა წარსული სიცოცხლის ნიავმა და ჭმუნვის ლახვრით გულ-პობილს გარდასულ აჩრდილთა ხსოვნით სიტკბო განუახლა.

იღებოდა კარი გაზაფხულისა. მზის სხივები შლიდა მაისის ვარდებს. ნიავისგან ნაბერი სუნით მთვრალი ბულბულები სტვენდნენ ტრფობას.

“მაგრამ პყრობილმან უწყისა ტრფობა?” – გაიფიქრა გულშეღონებულმა და ცხენიდან ჩამოხტა, ფეხით არჩია სიარული.

გზა ქვევით იწევდა. მშვენიერი სანახები იშლებოდა თვალ-საწიერზე. ფართოფოთლოვანი მუხნარი გადაიარა და მთებს შორის მომწყვდეულ გაშლილ ხეობას მიადგა.

შაჰდაღის და გეგამის ქედებს შორის ლივლივებდა გოგჩის ვრცელი ტბა. მისი აღქაფებული ტალღები ზღვასავით გამოსცემდნენ ხმას. აცერებული კლდიდან გადმოხედა ტბის თავანკარა ზედაპირს. უწყინარი სივრცით მოინუსხა, გაირინდა მეფური დიდებულების შემყურემ.

ტბის სარკისებრ მკერდზე ირეკლებოდა ცისა ლაჟვარდი და მწვანით მოსილი ხეობა. შეუცნობად კაეშანს მოეცვა უშფოთველად გაწოლილი ტბა.

კლდის ქიმზე სამეფო პალატთა ნანგრევები იდგნენ. უხორცო, ჩონჩხადქცეული გვამებივით გადმოჰყურებდნენ ჩამუქებულ ტბას. სევდა და დიდებულება ერთად დასტყობოდა ნასასახლარ ნაშთებს, ხავსგადაკრულ ლოდებს, ძაძით მოსილ ნაქცევებს, ჩაშავებულ ქვებს.

საკვირველი არქიტექტურის ჩანდა ეს ნაგებობა. ცხადი იყო, ძლიერების ჟამს აქ ჰყვაოდა ქალაქი ვრცელი, ციხე-დარბაზებითა და მდიდრად წყობილი სავაჭროებით. ქარავნები დადიოდნენ უშორესი გზებიდან. მომგებლობის ხელოვანნი არათუ ვერცხლით, ნდობითაც იყვნენ განთქმულნი დიდვაჭართა შორის. აქ იმართებოდა ტაიჭთა სრბოლა, ასპარეზობა, ჭაბუკ მხედრების გამოსაცდელად ჩოგნით ტაცება, შუბთა ტრიალი, ჯირითთა ტყორცნა და ისართ სროლა.

ახლა კი, ყველაფერი ეს ტკბილი მოგონებაა და გარდასული დიდების მოწმედ მხოლოდ უტყვი ნანგრევებიღა დარჩნენ. ჟამთა უკუღმა სვლას გაეუდაბურებინა, ოდენ ბუთა თავშესაფარ ადგილად ექცია.

“ეჰა, ჩვეულნო ყოფნას დიდებით, აწ რად ხართ ბურვილ ჭმუნვის რიდებით”?

ტაძრის მორღვეულ კედლებს შორის ხეებს გაეწვდინათ ტოტები. ყვავები შესეოდნენ ჩაბნელებულ ხეთა წვეროკინებს. ყრანტალით ბოინობდნენ ნანგრებებზე. მაღალი ბალახით დაფარულიყო ქვის აცვენილ იატაკი. სუროს მოეცვა ნახევრადჩამოშლილი საკურთხევლის მხარე. დახეთქილ კამარებზე ღამურებს დაედოთ ბინა.

იყო დროება, როცა აქ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლებს და ღვთის დიდებას აღავლენდნენ. ტკბილი ხმანი ფსალმუნთა გრგვინავდა ცისა მიმართ.

დღეს ეს ნაქცევი ტაძარი თავშესაფარია მხოლოდ პირუტყვთა, ნადირთა, მხეცთა. ზოგჯერ გზადმიმავალი მეჯოგე აქ შეაფარებს შორით მოყვანილ საქონელს.

მზე დასალიერისკენ იწურებოდა. ღამე ჩამოწვა. ვარსკვლავებმა იწყეს ციმციმი ფერმკრთალ ცის ტატნობზე. მთათა მწვერვალებიდან მთვარე ამოცურდა და ჭირისუფალივით დაადგა სამყაროს, შუქნი ნელნი მოჰფინა მიდამოს. ჩასთვლიმა ბუნებამ და ამ მკვდარ ძილს ტბაზე მორონინე ჭავლების მსუბუქი რხევა აკრთობდა მხოლოდ.

ციცაბოდ დაეშვა ტბისკენ. ცხენი დასალევად მიუშვა. პეშვით აიღო ცივი წყალი, სახე გაიგრილა. სასოებით ჩააცქერდა ვერცხლისფრად მოციმცამე ტბის ზედაპირს. სამეფო პალატთა ნანგრევნი ნარცისივით იჭვრიტებოდნენ წყალში.

ისევ მოეძალა სევდა. სწორედ ახლა მთელი სიცხადით იგრძნო თუ როგორ მიექანებოდა უფსკრულისაკენ წარსული დიდების ბოლო ნაშთი. ნაღვლიანად გააქნია თავი. თვალს ვერ უსწორებდა ნანგრევთა მზერას მწუხრის იისფერ ტბის სარკეზე. ასე ეჩვენა, რაღაც საშინელ საიდუმლოს ფარავსო ტბაზე გაკრული ლანდი ჩამოქცეულ პალატთა.

ღრუბლები გროვდებოდნენ ტბის თავზე. აგრუხუნდა ცა. ნათელმა გაჰკვეთა ბინდი. ატყდა ჭექა-ქუხილი.

ჩრდილოეთის ველური ტრამალებიდან მოვარდა მსუსხავი, ცოფიანი ქარი და პირსისხლიანი ძაღლივით ეძგერა ძველთუძველეს პალატებს.

თითქოს რაღაც მძიმედ ჩამოიქცაო უმრუმესი ციდან, ნგრევის ხმა გაისმა. ღამურები გამოფრინდნენ თაღებიდან, ბნელში იწყეს რიალი.

შეტორტმანდა კამარა, შეირყნენ თავწაჭრილი სვეტები, გაიბზარა დავარდნილი კედლები. ჩამოინგრა საძირკველმოშლილი გუმბათი.

თავბრუდამხვევი შხუილით ტბაში ცვიოდნენ, იძირებოდნენ ნანგრევები.

თითქოს კოშმარული სიზმრიდან გამოერკვა, დამფრთხალ ცხენს დაჰკივლა მხედარმა და გველნაკბენივით გაეცალა ხახადაღებულ, ყოველთამყლაპავ ტბას.

თხემზე ავარდა. თავი წაართვა ბორგნეულ ქარს და უკანასკნელად გადმოხედა გოგჩის აქუხებულ მიდამოს. მშუშხავ გრიგალს უკვე მოეტიტვლებინა ნანგრევთა ადგილი, მრუმე წყლის მორევს შთაენთქა სამეფო პალატთა უკანასკნელი ნაშთი.

აგვისტო, 2008 წელი
გორი


Responses

  1. momewona, kargia…(Y)

  2. გოგჩის ანალიზი

  3. ძაან მაგარია მსურს კიდეც ბევრჯელ წავიკითხო


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: