“…თამარის ციხის ნანგრევები, გაუვალ ტყეებს თავზე რომ გადმოჰკიდებია, ჯერ კიდევ მზით არის განათებული.
…მალე გამოვემშვიდობებით ამ სამეფოს. მაგრამ აქეთ ყოველთვის გამომიწევს გული, იმიტომ, რომ მტკვრის წყალი დავლიე”.
1903 წელს ამ სიტყვებით დაამთავრებს კავკასიაში თავისი სამი წლის წინანდელი მოგზაურობის წიგნს “ზღაპრულ სამეფოს” ნორვეგიელი ნობელიანტი. იმავე წელს იბეჭდება მისივე პიესა “დედოფალი თამარი”, რადგან ჯვრის უღელტეხილზე ნანახი თამარ დედოფლის ჯვარი და თამარ დედოფლის დროინდელი ქართული აღორძინების ეპოქა დაუფლებია მის წარმოსახვას. ეს პიესა, რომლისთვისაც საგანგებოდ დაწერს მუსიკას იუჰან ჰალვორსენი, მომდევნო წლის იანვარში დაიდგმება კიდეც ქრისტიანიის ნაციონალურ თეატრში…
ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდესო, – დაგნი კრისტენსენს სწერს წერილში, – განსაკუთრებით მშვენიერი იყო ვლადიკავკაზიდან მთებზე გადავლით თბილისში ჩასვლა… ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ მაღალი. და მე ვფიქრობ, რომ ყაზბეგის სიახლოვეს მთელი წელი ცხოვრობს ღმერთიო…
და ვინ იცის, იქნებ ამ “ღმერთში” თამარ დედოფალს გულისხმობს, რომლის კვალი – ციხის სახელი იქნება, წყაროსი თუ მთისა, მთელ საქართველოში უნახავს – თბილისიდან ბათუმამდე…
ასე იცის მტკვრის წყალმა – დალევ თუ არა, თუნდ კნუტ ჰამსუნი იყო, შენი ეპოქიდან შვიდი საუკუნით უკან დაგწევს და თამარ დედოფალს შეგაყვარებს…
























ბოლო კომენტარები