Posted by: burusi | 31/07/2009

როსტომ ჩხეიძე – დედის აჩრდილი (ლადო ასათიანი)

ლადო ასათიანი, 1930-იანი წლები

ლადო ასათიანი, 1930-იანი წლები

როსტომ ჩხეიძე – დედის აჩრდილი

ლადო ასათიანის დღემდე გამოცემულ პოეტურ კრეულებს აკლდა ერთი ლექსი, თავის დროზე გამოქვეყნებული და მხოლოდ თვითგამოცემით ჟურნალში (“ოქროს საწმისი”,1975, №3) დაბეჭდილი, ვიდრე ბოლოსდაბოლოს დროება შეიცვლებოდა და ჟურნალ “განთიადის” მეოხებით საქვეყნოდ გამომზეურდებოდა (1988, №1). მაშინ ცენზურა ჯერ ისევ ეპოტინებოდა თავის უფლებებებს და ერთი სიტყვა მაინც ჩაასწორა: “დაუბანელმა გლეხის კაცებმა” ასე შეცვალა-”გაუხარებელმა…”

ამითაც იოლი მისახვედრია, რაოდენ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ლექსი.

ამიტომაც აკლდა არა როგორც ერთ-ერთი, თუნდ შესანიშნავი, ნიმუში, არამედ როგორც გარკვეული ქვაკუთხედი.

ეს დაბეჯითებით ითქმის, რადგან თანდათან სულ უფრო სახიერად გამოიკვეთა მაშინდელი საზოგადოებრივი მოვლენებიც, ლიტერატურული ყოფაც და თვითონ ლადოს ბიოგრაფიის ცალკეული, აქამდე მიჩქმალული შემთხვევები.

ჩვენს შეხედულებას ლადო ასათიანის პიროვნულ ხასიათსა, ცხოვრების ყაიდასა და, რაც მთავარია, მხატვრული აზროვნების თვისებურებაზე მნიშვნელოვნად ავსებდა მისი ეპისტოლეები, უბის წგნაკის ჩანაწერები და ის პოეტური მახვილსიტყვიანობანი,რაც შემოგვინახეს და პაოლო იაშვილის ექსპრომტებივით არ გამქრალა.ავსებდა მოგონებანიც ლადოზე: აქ ის გარემოც იყო წარმოსახული, სადაც მას და მის თანატოლებს მოუხდათ ცხოვრება.ნიკა აგიაშვილის დოკუმენტურ რომანში “ჭაბუკები დარჩნენ მარად” გარემო და ფონი მთლიანად რომანტიკულია და ეს ვითარება სულაც არ ყოფილა რაიმეს შელამაზება- ესეც რეალობა გახლდათ, უფრო ზუსტად, რეალობის ერთი მხარე, რადგან თანამოაზრეთა, მეგობართა წრფელი და მართალი ურთიერთობანი, ერთმანეთის ნუგეშისცემა და მძიმე პირობების გაადვილება, მათი სწრაფვა სულიერების გადასარჩენად ძალდაუტანებლად ეხვევა რომანტიკული საბურველში… ხოლო მოგვიანებით ვატანგ ჭელიძის ლიტრატურულ-მემუარულ ნარკვევში “ჩვენი ლადო ასათიანი” უკვე მძაფრად იჭრება დრამატული ნაკადი, თუმც საერთო განწყობილებებს, ბუნებრივია, კვლავ რომანტიკული ელფერი დაჰკრავს.

თითქოს უცნაურია ჭაბუკის ჭლექით გატანჯული ხანმოკლე ცხოვრება (თვითონ მკვდრების გაყვითლებულ მზეს რომ ადარებდა) და ეს რომანტიკული ფონი, მაგრამ ლადო ასათიანის პოეზიის თავისებურება და სილამაზე, მისი ღრმა ექსპრესია ყველაზე უკეთ სწორედ ამ მკვეთრი კონტრასტის, მათი თანაზომიერი მონაცვლეობისა თუ ურთიერთშერწყმის მეოხებით აიხსნება.

მარტო ჭლექით გატანჯული?

მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, კიდევ რა უშავს – ამ ნებისყოფისა და სიმტკიცის შემოქმედს ის ვერ დათრგუნავდა სულიერად და აკი ვერც დათრგუნა, იუმორით, შინაგანი ხალისით იგერიებდა მის შავ ჩრდილებს და მოახლოებული სიკვდილის წინაშეც სიცოცხლის საგალობელს ქმნიდა, მაგრამ სხვა რამ უწეწდა და უფორიაქებდა სულს, სხვა რამ ანადგურებდა.

ის დრამატული ნაკადი, რაც ლადო ასათიანზე ჩვენს წარმოდგენას შეემატა, ეყრდნობა იმ უნიშვნელოვანეს რეალიებს, რაც შორს სცილდება კერძო პიროვნების სულიერ განცდებსა და ტკივილებს და ზოგად-ტრაგიკულ სიმბოლოდ გვევლინება.

და, აი, ამაღლებულ რომანტიკულ წარმოსახვებში ჩნდება სილუეტი იმ ლადოსიც: ვინც იძულებულია საჯაროდ მოინანიოს და კიდეც ინანიებს ზოგიერთი ლექსის იდეურ სიღარიბეს, იდეურ ჩამორჩენილობას, სასიყვარულო განცდების, წმინდა ადამიანური განწყობილებების გამოდევნებას, პირდულ განცდებს და ნამდვილი სოციალური მოტივის უგულებელყოფას. რაოდენ მწარეც უნდა ყოფილიყო ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვა გზა არ გააჩნია, რათა არალიტერატურული თავდასხმები შეეკავებინა და თავის მრწამსს მიჰყოლოდა.

ჩნდება სილუეტი იმ ლადოსიც, სასოებით და მოუთმენლობით რომ მოელის პირველი წიგნის გამოცემას, იმედოვნებს – იქნებ მისმა გამოსვლამ ცოტა სული მომათქმევინოს, გამახალისოს და ეს ხანმოკლე და უღიმღამო სიცოცხლე ოდნავ გამიხანგრძლივოსო; წუხს, საშველი არ დაადგაო და 1941 წლის 10 მარტს მეუღლეს იმასაც მისწერს, “რა ეშმაკი მოუვიდა მა ”ერთცახე” წიგნს, მაგან გამიჩინა ჭლექი”. არადა, დღის სინათლეს მხოლოდ სასიგნალო ცალი იხილავს, რადგან მთელ ტირაჟს დაჭრიან და ცეცხლს მისცემენ.

იმ ლადოსიც: ვისაც მეტად გაძნელებია ლექსების გამოქვეყნება, რადგან ვერაფრისდიდებით ვერ შეგუებია, არ დამორჩილებია უსახურების მღვრიე ნაკადს და ახლა უნდა იწვნიოს, რასაც ნიშნავს ძალმომრეობის პირობებში ამაღლებულისაკენ სწრაფვა. იწვნიოს: როგორ ამოუყრიან უკეთეს ლექსებს, გადაუხაზავენ უკეთეს სტრიქონებს… მოშურნეობისათვის იდეალური ასპარეზი გადაშლილიყო და, როგორც გამორჩეულ სახელს ახალთაობაში, ლადოს ყველაზე დაუნდობლად ეპყრობოდნენ. ის არა თმობდა – რაც ყველაზე ძვირფასი ეჩვენებოდა , იმის წაშლასა და ამოგდებას არ თანმხდებოდა და ეს სიჯიუტე იყო, რაც ულმობელი ლოგიკით აახლოებდა პირველი წიგნის განადგურებას. ის მაინც ბორგავდა და ეს მღელვარება მის ბარათებშიცაა გაფანტული, ყველაზე გულისმომკვლელად მაინც ერთ ბარათში (დაუთარიღებელია) – თვითონ აბასთუმნისათვის ვერ დაუღწევია თავი და მეუღლეს სულს ხელში უდებს: “გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია)… უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მინდა, თუ რაიმე შეიცვლება, თუ გინდა ერთი სიტყვა, არც მაშინ არ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი და არც სადაოა რამე.. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები, რომ სხვანაირად რამე მოხდეს. ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ გადააბეჭდვინებ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს”. თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ მღელვარება ვერა და ვერ დამცხრალა: “კიდევ გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდა , არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე”.

ეს სიძნელე ასე ცალკე რა აუცილებლად გასახსნელი იქნებოდა, მაგრამ იმ დრამატული მოვლენების ფონზე – იძულებითი მონანიება და წიგნის განადგურება – სხვაგვარ მნიშვნელობას იძენს და ლადო ასათიანის ბიოგრაფიის დაუვიწყარ რგოლად წარმოგვიდგება.

კიდევ უფრო დაუვიწყარია დედის მონატრება, მისი გადასახლებით გამოწვეული ღრმა და გაუნელებელი ნაღველი, რაც ლადოს ყველაზე სახიერ სილუეტს ამოზიდავს ჩვენს თვალწინ.

ამ წუხილის ნატეხები ცალკეულ ლექსებშიც გამოკრთის, თუმც შეფარულად, რადგან მონატრებისა თუ ცრემლის დაღვრის ნებას სხვაგვარად არ დართავდნენ, არც სიცოცხლეში და არც მერე: პოეტურ კრებულებში კვლავ გაფანტული უნდა ყოფილიყო ეს ტკივილი, რათა გამჭვირვალე ასოციაციები არ გამოეწვია და არც დრამატულ გოდებად აღექვა მკითხველს. მხოლოდ ბოლო ხანს გახდება შესაძლებელი ამ სტრიქონთა ერთმანეთთან დაკავშირება – “ავდექი დარდით გულგასერილი… გინატრა შვილმა, იტირა ლექსმა… ნეტავ სადა ხარ ან რომელ მხარეს, სულზე უტკბესო დედილო ჩემო?” – ან “…როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს დედის ძვირფასი ხელით შეკერილს…” – ანდა: ”შენ, მამაჩემო, რას დარდობ, რამ დაგისველა თვალები? ან შენ სადა ხარ, დედილო, რომ ლექსი გამაბედვინო?” – რათა მათი ღრმა მნიშვნელობაც გამოკვეთილიყო და, ბოლოსდაბოლოს, დედისადმი მიძღვნილი ის ლექსიც ჩართვოდა ლადო ასათიანის პოეტურ მემკვიდრეობას, ჩართვოდა არა – ვიმეორებ – თავისთავად შესანიშნავ ნიმუშად, არამედ იმ ძირად და ფესვად, რომელზეც ეს გამორჩეული პოეზია ამოიზარდა.

აი, ეს ლექსი – მეტყველად და ექსპრესიულად გამომხატველი თაობის ბედისწერის, სულისკვეთებისა და უსაზღვრო სევდის – აკლდა ლადოს პოეტურ კრებულს, აკლდა მის შემოქმედებაზე მსჯელობას, რის გამოც აუხსნელი რჩებოდა მთავარი: საიდან მოდის ლირიზმისა და აღსარების ეს თავისებური კილო, ეს პირდაპირობა და სულიერი გაუტეხელობა, საიდან მოდის “ასათიანური” და ყაყაჩოების ციკლი, “ოთხი უსათაურო” და “ბარდნალა”, “სასაფლაო” და “სარწყული”, “როგორ არ მინდა, ძლიერო სენო” და “უცნობი პოეტის რვეულიდან”.

დედისადმი მიძღვნილ ლექსში გაბნეულია ბიოგრაფიული დეტალები (“დედა, სიზმრებმა არ მომასვენა, შენს ბნელ საკანში გადმომახედა”; “გეძახი, მინდა გაგესაუბრო შუა აზიის ურწყულ მხარეში”; “ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს დაუბანელმა გლეხის კაცებმა”; “მამა ბუხართან ზის თავდახრილი, ცეცხლში აფურთხებს და იგინება”…), ეს მწარე პირადი ტკივილები, მაგრამ უპირველესია იმ ძარღვის მიგნება, რაც განაზოგადებს პიროვნულ ტრაგედიას, ყოფით სურათებს სიმბოლური აზრით განმსჭვალავს და მთელი ერის სულიერ ცხოვრებად განგვაცდევინებს. პირადი და საქვეყნო ტკივილები ერთმანეთს გადაეჭდო და ჭაბუკს თვალნათლივ გადაეშალა გარემომცველი სინამდვილე მთელი თავისი ულმობელობითა და იდეოლოგიური საბურველით. მაგრამ ლადო ასათიანის მზერას უკვე ვერავითარი საბურველი ვეღარ აცდუნებდა და ერის სულიერი ცხოვრება ამ ლექსში ამიტომაც წარმოგვიდგება დარღვეული და დაცემულ ზნეობად და ამ ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ნათელ და ძვირფას სამყაროდ, რომლის დაბრუნებაც მხოლოდ სიზმრებსა და ხილვებში თუ მოხერხდება:
ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე,
არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.
ინგრევა შენი ნაამაგარი,
და არ გახსენო, არ შემიძლია,
აღარ გაჰკივის რთველში მაყარი
ვენახში თოფებს აღარ ისვრიან…
დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,
ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევენებს,
წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,
დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.
დანატრებულან ციხე-კოშკები,
“მრავალჟამიერ” არსად გუგუნებს…

ეს მხოლოდ გარეგნული გადასხვაფერება არ არის, მაშინ ასეთ მწუხარებასაც არ აღძრავენ: ფერისცვალება იმ გულისგულს განუცდია, რამაც უნდა ასაზრდოვოს და გადაარჩინოს სულიერება.

ეს მძაფრი განცდები, შერწყმული გადაკარგული და ქრისტეს ხატივით წმინდა დედის სახებას, ეხმაურება გალაკტიონის “მამულის” განწყობილებებს, სადაც ლირიკულ გმირს გულს უკლავს ძველი დიდებული სამყაროს გაქრობა, რაც ნიავის წიაღში მოლანდებული მამის ხატებასთანაა გაიგივებული. ოღონდ ლადო ასათიანის ლექსში სინანულთან და მწუხარებასთან ერთად საკუთარი და თანატოლთა ბედიცაა ნაწინასწარმეტყველევი:
მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,
მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.

რა ვუყოთ – ესაა დაწყევლილი თაობის ბედისწერა, მისი ტრაგიკული ხვედრი და ამ მრწამსზეა ამოზრდილი ლადო ასათიანის პოეზია: მხოლოდ ამ განცდათა ღრმა მხატვრული გააზრებით შეძლო გაერღვია შემოგარსული სივრცე და სიმართლისა და სიკეთის სხივად აკიაფებულიყო. რადგან თაობის ტრაგედიას ვარამთან ერთად რომანტიკული ყაიდით დადასტურებული – ეს განცდა მის სხვა ლექსში ასე გამოითქმოდა:
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს.

წინათგრძნობა ერთნაირია, ეგ არის, უნუგეშო სევდა აქ რომანტიკულ საბურველში გახვეულა.

თავისი მრწამსით ლადო ასათიანიც იქ იდგა, მეორე მსოფლიო ომის გუგუნში მისი თანატოლები და მეგობრები ქვეყნის ბედის შემოტრიალებაზე რომ ბჭობდნენ.

კოტე ხიმშიაშვილი დაკითხვაზე ამტკიცებდა: შეთქმულებაზე, ჩვენს საიდუმლო ორგანიზაციაზე ლადომ არაფერი იცოდა, ვაპირებდი მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხო. შესაძლოა, ლადოს გადარჩენას ლამობდეს და “ვერ მოვახერხე” ამისთვის იყო გამიზნული; ყოველ შემთხვევაში, ლადო, როგორც მძიმე სნეულებით გატანჯული, აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებდა შეთქმულებაში… თუმც მეტი მონაწილეობა რაღა უნდა ყოფილიყო, როცა თაობის ბედისწერის მესიტყვედ დარჩა…

“მე – დაწყევლილი ლადო ასათიანიო”, ასე რომ მისწერეს ნიკა აგიაშვილს 1942 წლის 24 სექტემბერს, ეს სწორედ მისი და მთელი თაობის ბედის მეტაფორაა.

ისიც ნიშანდობლივია, რომ თაობისა და ლადო ასათიანის პიროვნულ ტრაგედიას მისი წიგნის მწარე ბედიც შეემატა: ის სიცრუე, თითქოს “ვეფხისტყაოსანს” ვინმე დევნიდა და სწვავდა, თითქოს სასულიერო პირებს კოცონები აეგიზგიზებინოთ საერო მხატვრულ ქმნილებათა მოსაშთობად. ეს და ამგვარები მხოლოდ სამღვდელოებისათვის სახელის გასატეხად შეითხზა, ოღონდ ცდილობდნენ კია, რომ ადამიანთა გონებაში მტკიცედ ჩაებეჭდათ… სიმართლე ისაა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში არ არსებობდა ინკვიზიცია და არც “ვეფხისტყაოსანი” დაუწვავთ და არც სხვა თხზულებანი… ხოლო ახალი დროის ინკვიზიციამ არც ეს ითაკილა: და ასე გაიწირა ლადო ასათიანის პირველი პოეტური კრებულიც “წინაპრები”. მოსპეს იმ საბაბით, რომ ხელისუფლებასა და ახალ პოლიტიკურ რეჟიმს საგალობლებს არ უძღვნიდა და არც ბელადებს ეთაყვანებოდა. ეს უჩვეულო მოვლენა გახლდათ და ხელისუფლებას თუ შეატყობინებდნენ, წიგნს აღარაფერი უშველიდა.

მუშები სინანულით ხევდნენ და ჭრიდნენ დაბეჭდილ გვერდებს, ერთმა კეთილისმსურველმა – სახელდობრ, მარიკა ჯაფარიძემ (ვინც მოსალოდნელი ხიფათის მიუხედავად რამდენიმე ეგზემპლარი მალულად გამოიტანა სტამბიდან და გადაარჩინა) – ლადოს მოძებნა რომ სცადა, იქნებ რაიმე იმედი მაინც არსებობდა, მაგრამ იმას უკვე სცოდნია, რა მეხიც დაატყდა და ცოცხლ-მკვდარს უთქვამს: აღარაფერი ეშველებაო.

ასე დააჩქარეს პოეტის სიკვდილი.

ჩვენ მხოლოდ დოკუმენტური ჩანაწერები შემოგვრჩა, რომლის მეოხებითაც “წინაპრების” განადგურების პირუთვნელი ისტორია თავის დროზე დეტალურად გამომჟღავნდება.

ოღონდ როგორი კანონზომიერიც იყო ამ წიგნის დაწვა, ისევე კანონზომიერი გახლდათ გადარჩენილი ეგზემპლარის მიხედვით მისი აღდგენა და გამოცემა რამდენიმე წლის შემდეგ. საბედნიეროდ,ასეთი პიროვნებანიც არსებობდნენ, ვინც ავ ბედისწერას არ დაუთმობდნენ ლადო ასათიანის სახელს. და სიმონ ჩიქოვანს საშუალება მიეცა თუ არა, უპირველესად ეს მოიმოქმედა – “წინაპრების” გამოცემაზე იზრუნა.

ასეთი კანონზომიერების მღვრიე ნაკადში სამართლიანობის, მაცოცხლებელი ძარღვის არსებობის იმედი ლადოს არასოდეს გადაუწურავს.

სულ ამის დამადასტურებელ ნიმუშებს დაეძებდა და განაზოგადებდა.

თავისებურად სიმბოლურია ის სურათიც, რაც ერთ მივარდნილ ადგილას უხილავს. დიდხანს აწვალებდა ფიქრი, სასაფლაოზე ლექსი დაეწერა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა, რაღაც სხვა სურდა, თავისი პოეტური მრწანმსისათვის შესაფერისი თვალთახედვისათვის ვერ მიეგნო. ესწრაფვოდა იმას, რასაც იდუმალად გრძნობდა, ოღონდ ახსნით თვითონაც ვერ აეხსნა. და, აი, არა შემთხვევითობამ, არამედ შინაგანმა ლტოლვამ აპოვნინა ის მოპოვებული სასაფლაო, რომლის ხილვაც ერთ ბარათში აღტაცებული ათქმევინებს: მე მგონი, შესანიშნავია, ასეთ რამეებს იგონებენ ხოლმე, მე კი ვნახეო; და ლექსის კომპოზიცია ძალდაუტანელად შეიკრა ამ სურათის ირგვლივ-

საფლავებს შორის მოჰქრის ნაკადული, მთის ნაკადული, ორ ნაწილად ჰყოფს სასაფლაოს. მოჰქრის როგორც სიცოცხლე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: