Posted by: burusi | 13/07/2009

მასხარათა მეფე და არასოდეს მეფეთა მასხარა (სერგო ფარაჯანოვი)

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი (სარქის ფარაჯანიანი) დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისელი სომხების ოჯახში. მამამისი, იოსებ ფარაჯანიანი ანტიკვარიატით ვაჭრობდა. სერგო იტალიურ, ტრადიციული გრავირებული აივნიანი სახლებით გარშემოტყმულ ეზოში გაიზარდა, სადაც ყველა მეზობელი ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ებრაელი, მოლდოველი, ქურთი, იეზიდი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდა. „ჩემი თეატრი“ – ასე ეძახდა რეჟისორი ამ ეზოს. თითქოს ამ ეზოს თეატრიდან გამოჰყვა მასხარის ხასიათი, მაგრამ როგორც ერთმა თქვა: “იყო რა მასხარათა მეფე, იგი არასოდეს არ გახდა მეფეთა მასხარა!”.
ოციანი წლების შემდეგ ფარაჯანოვების ოჯახის მატერიალური მდგომარეობა შეირყა. მამამისს ჯერ ქონება ჩამოართვეს, მერე ციხეშიც უკრეს თავი. მას შემდეგ არაერთხელ დააპატიმრეს, ჩასვამდნენ – გამოუშვებდნენ, ჩასვამდნენ – ისევ გაათავისუფლებდნენ. სერგო ხუმრობდა: მამაჩემი, როგორც სამაგალითო საბჭოთა დამკვრელი მუშა, ხუთწლედის გეგმას ოთხ წელიწადში ასრულებდა. მისი მეუღლე სირანი კი გულმოდგინედ უმალავდა ბოლშევიკებს შემორჩენილ ქონებას… წავის ქურქი ჰქონდა… ბეწვს ყინვა და თოვლი უხდებაო და ზამთრის ცივ, მთვარიან ღამეებში სახურავზე ადიოდა უჩუმრად, მთვარის შუქზე ასეირნებდა ქურქსო…
სერგო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, მუსიკით, სწავლობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1942 წელს თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ერთ წელიწადში მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად ოპერასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა. 1945 წელს ფარაჯანოვი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა (პროფ. ნინო დორლიაკის კლასი), ხოლო 1946 წელს ჩაირიცხა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე (იგორ სავჩენკოს სახელოსნო).
ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო თათარი გოგონა ნიგიარი. ხანმოკლე რომანი ქორწინებით დამთავრდა… სერგო ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ მოსკოვში ნიგიარის ძმები ჩავიდნენ და სტუდენტ სიძეს გამოსასყიდი მოსთხოვეს. სერგომ მამას მისწერა, – ოღონდ ახლა დამეხმარე და ამ სესხს კაპიკ-კაპიკ დაგიბრუნებო… იოსებმა ყურიც არ გააპარტყუნა. ნიგიარი ძმებმა, როგორც ამას მათი ადათი მოითხოვდა, სასიკვდილო განაჩენით მატარებლის ქვეშ შეაგდეს… ასე ტრაგიკულად დამთავრდა მისი პირველი, უიღბლო სიყვარული.
პირველი ნათლობა ფარაჯანოვმა ი. სავჩენკოს სტუდიაში მიიღო. მასწავლებელმა იგი ასისტენტად აიყვანა ფილმების – “მესამე შეჯახება” (1948 წ.) და “ტარას შევჩენკოს” (1951წ.) გადაღებებისას. 1952 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, იმავე წელს გადაიღო სადიპლომო ფილმი “მოლდავური ზღაპარი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კიევის ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში. აქვე შედგა მისი დებიუტი მოკლემეტრაჟიანი ფილმით “ანდრიუშა” (1954 წ.).
რამოდენიმე მოკლე სრულმეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, 1964 წელს ფარაჯანოვმა გადაიღო პირველი შედევრი “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. ფილმი საფრანგეთში აჩვენეს “ცეცხლის ცხენების” სახელწოდებით.
1965-66 წლების ზამთარში ს. ფარაჯანოვი მუშაობდა ფილმზე “კიევის ფრესკები.” ხელმძღვანელობამ შეაწყვეტინა მუშაობა და ფირი განადგურეულ იქნა. 1968 წელს სტუდია “არმენფილმში” სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი – “ბროწეულის ფერი” – თბილისელი ცნობილი აშუღის, საიათნოვასადმი მიძღვნილი ფილმი. ფილმმა საბჭოთა რეჟიმის რისხვა დაიმსახურა. ოფიციოზი თვლიდა, რომ ფილმი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა.
ფარაჯანოვის უდიდესი ღირსება ის იყო, რომ იგი ცდილობდა წინააღმდეგობა არ გაეწია თავისი სინდისისათვის და ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა, რასაც სწორად თვლიდა. ოფიციოზისადმი მიუღებელი იყო ფარაჯანოვის ქიმერული, მისტიკურ-სუბიექტური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რაც არ შეესაბამებოდა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების წესს.
რას აღარ აბრალებდნენ: ვალუტით ვაჭრობას, ეკლესიების ძარცვას, მექრთამეობას… ერთმა არქიტექტორმა, მიხაილ სენინმა ვენები გადაიჭრა. მისი სიკვდილიც ფარაჯანოვს დააბრალეს. 1973 წლის დეკემბერში მოსკოვიდან კიევში მიმავალი ფარაჯანოვი დააპატიმრეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
“გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია, – წერდა იგი საკანში, – რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლე­ბოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა რამ გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან… მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია – ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან. და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ “თავისუფლებას”. განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე “იზოლაცია”? აქ მე დღეში 36 კაპიკი ვღირვარ. 2 ზეწარი და 2 ბალიშისპირი მაქვს. კვირაში ერთხელ – კინო, აბანო! გაზეთი “ტრუდოვაია ჟიზნ” და სამუშაო! არცთუ ისე მძიმე. ცოცხი, ელექტროდები – რა, ძალიან ცუდია ეს?! რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს…”
საკანში ყოფნისას შექმნა მან სერიების პირველი კოლაჟი, რომელსაც “მტირალა ჯოკონდა” დაარქვა. “თუ მე აქ სიმარტოვეში მოვკდები, მხოლოდ ის დამიტირებს მე” – წერდა იგი თავის წერილში სატუსაღო ბანაკიდან. კოლაჟების საშუალებით რეჟისორმა საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები წარმოაჩინა. ჯოკონდას სახე იცვლება – ხან იღიმის, ხან ტირის, სევდიანია და მაინც ჯოკონდად რჩება.
ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა. საპროტესტო წერილები იბეჭდებოდა მსოფლიო პრესაშიც. მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 1978 წელს გაანთავისუფლეს გამოჩენილი ფრანგი მწერლის-ლუი არაგონის შუამდგომლობით.
რეჟისორი თბილისში დაბრუნდა, თუმცა ძალიან დიდხანს ფილმის გადაღების უფლებას არ აძლევდნენ. უარს ეუბნებოდნენ ყველა სცენარსა და პროექტზე (როცა ფრანგ რეჟისორთა საზოგადოებამ იგი კანის ფესტივალზე მიიწვია, ოფიციოზმა არ გაუშვა).
ერთხელ ელდარ შენგელაიამ გადაწყვიტა, კინოს სახლში მისი არაჩვეულებრივი კოლაჟების გამოფენა მოეწყო. გახარებულმა ფარაჯანოვმა კოლაჟები საგამოფენოდ მოამზადა… მაგრამ ოფიციოზმა, რომელსაც ყოველთვის აღიზიანედა მისი კოლაჟები, გამოფენის ჩატარების უფლება არ მისცა. ელდარმა ფარაჯანოვს სთხოვა – ეგებ, რამდენიმე ისეთი კოლაჟი გააკეთო, რომ ვერაფერი გვითხრან, თორემ გულაგის თემაზე შექმნილებს არ გამოგვაფენინებენო. თვალები გაუბრწყინდა სერგოს – ორ დღეში გავაკეთებო… ჯერ თვალები აუხვია ბატონ ელდარს, მერე სტენდთან მიიყვანა, სახვევი მოხსნა და… ელდარ შენგელაიას გული კინაღამ გაუჩერდა… კედელზე ლენინის კოლაჟები ეკიდა. ახლა კი აუცილებლად დაგვიჭერენო, – იფიქრა, მაგრამ სერგოს აზრს ადვილად ვერ შეაცვლევინებდი. ცენზორებმა რომ ნახეს, ფერი ეცვალათ – ოღონდ ესენი ჩამოხსენით და სხვა რაც გინდათ, გამოფინეთო. ელდარ შენგელაია სიხარულით დასთანხმდა. სერგო ნაწყენი დარჩა – საუკეთესო კოლაჟები როგორ ჩამომიხსნესო!

როგორც იქნა, 1984 წელს ფარაჯანოვს დ. აბაშიძესთან ერთად ფილმის “ამბავი სურამის ციხისა” გადაღების უფლება დართეს. ფილმი როტერდამის ფესტივალზე წარადგინეს.
1988 წელს გამოვიდა მისი ფილმი “აშუღ ყარიბი” (“აშიკი ქერიბი”). ფილმი მიუნხენის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. სწორედ ამ ფილმმა დასავლეთ გერმანიის ფესტივალზე მიიღო პირველი ევროპული ოსკარი – “ფელიქსი”.

სიცოცხლის ბოლოს ფარაჯანოვი მუშაობდა სცენარზე ფილმისთვის ”შუშანიკის წამება”, რომელშიც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელს უნდა შეესრულებინა. სოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის ფილმების მუზად იყო ქცეული. რეჟისორი სოფიკოს ისეთ თილისმას უწოდებდა, რომელიც თვალისმომჭრელ, ათასფერ სხივებს აფრქვევს.
ფარაჯანოვს არ მისცეს ფილმის გადაღების უფლება. ქართულმა კინემატოგრაფიულმა ელიტამაც უარყოფითად მიიღო ფარაჯანოვის სურვილი. “ჩვენს ეროვნულ სიამაყეს “გაასომხებსო!” “სომეხმა არ შეიძლება გადაიღოს ეს ფილმიო” – აყვირდნენ თურმე კინემატოგრაფისტები.
“საიათნოვას, აშუღ ყარიბის მსგავსად, ფარაჯანოვსაც უნდოდა, გამიჯვნოდა უმრავლესობას, რომელიც ყველგან და ყოველთვის აგრესიულია. მაშინაც, როცა მართალია და მაშინაც, როცა მტყუანია. “შუშანიკის” გადაღებაც ამიტომ მოინდომა ალბათ. ამბისა ქალზე, რომელიც სულ მარტო დარჩა კოლაბორაციონისტი, კონფორმისტი, გულგრილი უმრავლესობის ფონზე, ქალზე, რომელიც გამოეყო ამ ფონს და დაიღუპა…” (გოგი გვახარია)

გაჭირვებების, დაპატიმრებების, სხვადასხვა ციხის ბანაკებში გატარებული დროის და 15 წლის განმავლობაში ფილმების შექმნის აკრძალვის მიუხედავად, 1988 წელს სერგო ფარაჯანოვს მიენიჭა მაესტრო 21-ის წოდება. ამ წლებში მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო ფესტივალებზე, მრავალ ქვეყანაში ეწყობა მისი ფილმების ჩვენებები.
ერთხელ ლონდონში ბანკეტზე დაპატიჟეს, სადაც მამაკაცებს აუცილებლად უნდა სცმოდათ სმოკინგი. ფარაჯანოვს სმოკინგი არ აღმოაჩნდა, მაგრამ არ დაბნეულა, იქვე, ვესტიბიულში ჩამოხსნა აბრა და ამ აბრით ხელში გამოცხადდა ბანკეტზე. მის დანახვაზე სტუმრებს სიცილი აუტყდათ და რეჟისორს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. აბრაზე ინგლისურად ეწერა: “ნო სმოკინგ!”.

1989 წელს სერგო ფარაჯანოვმა დაიწყო თავისი ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღება. ფილმი თავის საყვარელ ქალაქს, თბილისს მიუძღვნა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი დამთავრება ავადმყოფობის გამო არ დასცალდა. საფრანგეთის მთავრობის მიწვევით პარიზს გაემგზავრა სამკურნალოდ, თუმცა სენი უკურნებელი აღმოჩნდა.
«…- Я умер в своем детстве. Я умираю, и как я умираю ето не важно, я сщастлив что обманул себя.» – სერგო ფარაჯანოვი.
ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალეს ერევნის პანთეონში. ამავე წელს მიენიჭა უკრაინისა და სომხეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება.

„მე გამაჩნია სამი სამშობლო“ – აღიარა მან, – „საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე“.
ერევანში გაიხსნა სერგო ფარაჯონოვის მუზეუმი. ნივთები თბილისიდან, ფარაჯანოვის სახლიდან წაიღეს. სამწუხაროდ, თბილისმა ვერ შეძლო, ამ დიდი ადამიანის მემკვიდრეობის შენახვა. მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ, თბილისში, ბამბის რიგთან მისი ქანდაკება დადგეს, ცნობილი ფოტოგრაფის, იურა მეჩითოვის ფოტოს მიხედვით…

სოფიკო ჭიაურელი: ”ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. იგი უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი – ნუ გვეშინია ამ სიტყვის. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდზე. ჩვენ ეს კაცი გვყავდა, მან თავისი ხელით შექმნა მუზეუმი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ… მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში ”საიათნოვა”, მან მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ იგი იგონებდა როლებს ჩემთვის”.

რეზო კვესელავა: “ის ქმნიდა კარნავალს, ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა, კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი პირი. ხელისუფლების სიმბოლოებს არად აგდებდა. იტაცებდა თავისივე გამბედაობა, მით უმეტეს, თუ ამის გამო მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია დოგმა, რომელსაც ფარაჯანოვი გუნდუკის კმევას დაუწყებდა. იერარქია მისთვის არ არსებობდა, არც რამე კომპლექსი. ის ეფლობოდა ცხოვრებაში, როგორც მორევში, რათა მთელი ძალით ეგრძნო არსებობა (ფიზიკურიც, რომელიც იმდენად წარმტაცია, რამდენადაც წარმავალი). მისმა ბრწყინვალე ფილმმა “წინაპართა აჩრდილები” განმათავისუფლებელი როლი შეასრულა. ეს იყო სილამაზის იდეოლოგიური სიმძიმეებისგან გათავისუფლების მაგალითი. ყოველივე, რაც ფარაჯანოვმა შემდეგ შექმნა, არსებითად, “წინაპართა აჩრდილებიდან” გამოდის: “კიევის ფრესკებიც”, “საიათნოვაც”, “სურამის ციხეც”, “აშუღ-ყარიბიც”!… მას სევდიანი თვალები ჰქონდა, აღმოსავლური, ამიტომ ღიმილი უხდებოდა. თბილისელი იყო, უყვარდა თბილისის ქუჩები, ბაღები, მოედნები, მაგრამ მისი უხმო ცრემლები მდინარე არაქსში ცვიოდა. ის ყოველთვის სასოებით ლაპარაკობდა სომეხი ხალხის რელიგიურ კულტურაზე. მოძრაობა მისთვის ყველაფერი იყო. საერთოდ, ძნელია დაწყნარებული ფარაჯანოვის წარმოდგენა. ყველგან, ქუჩა იქნებოდა ეს თუ დარბაზი, მას გარს ეხვია ცნობისმოყვარეთა ამალა და ფარაჯანოვი, მათ თვალწინ, როგორც ჯადოქარი, სინამდვილესა და წარმოსახვას შორის არსებულ ზღვარს შლიდა”.

რეზო ესაძე: “ფარაჯანოვი მაქსიმალისტი იყო შეფასებაში. ეს გამომდინარეობდა მისი მაქსიმალისტური დამოკიდებულებიდან მშვენიერებისადმი. მშვენიერებათა კატეგორია მისთვის სხვა ატრიბუტს მოიცავდა… მას შეიძლებოდა მოსწონებოდა ცალკეული, თითქოსდა ულამაზო ატრიბუტებისგან შექმნილი რამ. ეს ატრიბუტები კომპლექსში ქმნიან საოცრებას. აიღეთ თუნდაც მისი ნახატები. თუ ვინმე იტყვის – ეს ფოტოგრაფიებია, კოლაჟებიაო, – ცოდოა ასეთი კაცი. ეს კოლაჟების გროვა კი არ არის, მთელი სხეულით გააზრებული საგნებით შექმნილი საკუთარი სამყაროა. მე მინახავს ფარაჯანოვი ატირებული თავისი კადრების წინ. მე ის მიყვარდა ასეთი, მინდოდა თანაგრძნობა მეთქვა, ისე განიცდიდა იმ კადრის შინაგანობას, მის სულთან თანასწორობას… მივხვდი, რომ ეს იყო მისი აღსარება. ასეთი დარჩა ის ჩემში და რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ, რომ ის იყო დიდი ადამიანური სიმარტოვე, თუმცა ის არასდროს იყო მარტო. ის თავის საგნებთან იყო, გრძნობდა მათ… მიუხედავად მისი ენამწარობისა, სერგო ძალიან დაუცველი და ბავშვური იყო… მას ბავშვობა არ დაუმთავრებია, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან”.

რობერტ სტურუა: “სერგო ფარაჯანოვი ნამდვილად არ იყო ერთი უბრალო რეჟისორი. მას თავისი ფილმებით სასწაულების მოხდენა შეეძლო. საოცრად ღრმა და შთამბეჭდავია მისი თითოეული ნამუშევარი. სამწუხაროდ, მას საკმარისად არ მიეცა გასაქანი, რომ თავისი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად წარმოეჩინა, ალბათ, სწორედ ამიტომ არ არის ასეთი მდიდარი მისი ფილმოგრაფია, მსაგრამ რისი გადაღებაც მოასწრო, ყველაფერი საოცრად საინტერესო და უნიკალურია. ვწუხვარ, რომ მას საკადრისი პატივი არ მივაგეთ საქართველოში, რასაც ვერ ვიტყვი სომხეთზე. ჩვენი პირდაპირი ვალია, სერგო ფარაჯანოვის სახელი დავიწყებას არ მიეცეს.

გარი კუნცევი: სერგო ფარაჯანოვი საოცარი ადამიანი იყო -ჰქონდა უამრავი უცნაური თვისება. გენიალური შემოქმედისგან გასაკვირი როდია, რომ გამოირჩეოდეს უდიდესი არტისტული ბუნებითა და არაორდინარული ქცევით. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ორიგინალობდა და მისგან მუდმივად რაღაც სასწაულების მოლოდინში ვიყავით. სასწაულები კი ეხერხებოდა. მახსოვს, “ლეგენდა სურამის ციხეზე” მუშაობისას მოვიდა და გადაღებული მასალა დამიტოვა: “-აი, მე შევქმენი შედევრი, შენ კი შეგიძლია გააფუჭო!” ყველაფერი ვიღონე იმისთვის, რომ მისი შედევრი (ეს ფილმი კი ნამდვილად შედევრია) არ “გამეფუჭებინა” და, მგონი, შევძელი კიდეც”.

კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი: “კიევში ყოფნისას სერგო ფარაჯანოვი მიყვებოდა: ძალიან მიყვარს სოციალისტური დღესასწაულები. დღე და ღამ პირველი მაისისადმი მიძღვნილი ფილმის გადაღებაზე ვოცნებობ. მახსოვს, ჩემი სახლის წინ (მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, გამარჯვების მოედანზე), პირველი მაისის წინა საღამოს სატვირთო მანქანა გაჩერდა. ჯანიანმა მუშებმა ვეება გრაგნილი ძლივს გადმოიღეს ასფალტზე. შემდეგ რამდენიმე კაცი მოპირდაპირე სახლის სადარბაზოში შევიდა და სამიოდ წუთში რვასართულიან შენობას სახურავზე მოექცნენ. ერთმა თითი პირში იტაკა და ქუჩაში მდგომთ ჩამოსტვინა. დანარჩენები კრამიტებზე გაწვნენ და ქვევით გრძელი თოკები ჩამოუშვეს. დაიწყო საოცარი სანახაობა: უზარმაზარ აფრასავით დაჭიმეს გრძელი, დაგრაგნილი ტილო. ჯერ გამოჩნდა ხშირი, მუქი თმა, მერე ცხვირი, წვერი, ნაცნობი ნაკვთები და კარლ მარქსიც დაიბადა…
ამასობაში ქარმა დაქროლა. აივსო ჰაერით ბელადის აფრა-პორტრეტი. მარქსმა ლოყები ისე დაბერა, თითქოს თავის დამჭიმავთ დაუბღვირაო. იმათაც უფრო ენერგიულად განაგრძეს საქმიანობა, მით უმეტეს, რომ ამ წინასადღესასწაულო აქციას გაბარდინის ლაბადიანი პიროვნება ადევნებდა თვალს. დიდი შრომა-გარჯით გაბერილ-დაჭიმული მარქსი პროლეტარიატის შთამომავლებმა მრავალსართულიანი სახლის ფასადზე დაამაგრეს. “შაბაშ!” – დაიბღავლა დამსტვენმა, უმალ მანქანის ძარაში ასკუპდნენ და წავიდნენ.
ჩამობნელდა. აინთო ლამპიონები. აკაშკაშდა უზარმაზრი აბრა ცირკის შენობის სახურავზე: “ЦИРК!”, შემდეგ მის წინ წითლად აბრიალდა: “СЛАВА КПСС!”
სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი. ცირკის ადმინისტრაციის ნომერი ავკრიფე:
- ამხანაგო ზაიაც, – ვუსაყვედურე ცირკის მთავარ ადმინისტრატორს, რომლის სახელი და გვარი აბრამ ზაიაცი გახლდათ, – რას ჰგავს ეს?! განა შეიძლება ის ორი რეკლამა, რომელიც თქვენი დაწესებულების სახურავზე ციმციმებს, გვერდიგვერდ იყოს?
- დავიღუპე, სერგეი იოსიფოვიჩ! მიშველე, მირჩიე, რა ვქნა! – დაიკივლა ყურმილმა.
- ჩემო კარგო, არც მწვადი უნდა დაიწვას და არც შამფური. ამიტომ გირჩევთ, “СЛАВА КПСС!” მუდმივად უნდა ენთოს, ხოლო “ЦИРК!”-ი თანაბარი პაუზებით უნდა ქრებოდეს და ინთებოდეს: აი, ასე: “ЦИРК!”, “ЦИРК!”, “ЦИРК!”. გაიგე?
ყურმილმა შვებით ამოისუნთქა. ჩვენი საზოგადოების მესაჭის აღმნიშვნელი წითელი წარწერა წინანდებურად განაგრძობდა ბრიალს, ხოლო უძველესი და ხალხის საყვარელი ხელოვნების რეკლამამ თანაბარი ინტერვალით იწყო ციმციმი. ამასობაში კი მარქსის მარჯვენა თვალი აინთო – ვიღაც შინ დაბრუნდა. მალე მეორე თვალიც აბრჭყვიალდა. მერე ჩაქრა. ეტყობა, პატრონმა წყლის პროცედურები ჩაიტარა და ელექტროენერგიის დაზოგვაც არ დაავიწყდა. შემდეგ კლასიკოსს პირი აენთო. კარლმა უზარმაზარი ბრიალა ზონდის ჩაყლაპვა დაიწყო. ჯერ ყელში ჩასრიალდა ზონდი. მერე ქვევით, კიდევ – პირველი სართულის მინაჩამტვრეულ კართან გაჩერდა გადაყლაპული ლიფტი და კარებიდან ჩასუქებული ქალბატონი გადმოაგდო…
დილით რადიორეპროდუქტორის გრიალმა გამაღვიძა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანამ ზეიმი დაიწყო. ვეცი ფანჯარას და… ჰოი, სოაცრებავ! ღამით უწვიმია. მარქსს ლოყები ჩავარდნოდა, თმა დასველებოდა, გაფუებული წვერი დაგრძელებოდა და ჩემს წინ მარქსი კი არა… ენგელსი იყო!”

იური მეჩითოვი: “მარტო ის, რომ ძველ თბილისში სერგო ფარაჯანოვის ძეგლი დგას, არაფერს ნიშნავს. საჭიროა, უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი სახელი არც შეიძლება ბევრმა თაობამ იცოდეს. სერგო ფარაჯანოვი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი სომეხი რეჟისორი იყო, რომელიც თავის ჩანაფიქრებს საოცრად ოსტატურად გადმოსცემდა საკუთარ ნამუშევრებში. ყველასთვის დიდი ბედნიერება იყო მასთან ურთიერთობა და მიხარია, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი”.

ფარაჯანოვის წვლილი მსოფლიო კინოს საგანძურში, მის მიერ შექმნილი კინოენაა. იგი მუდამ ადამიანებით იყო გარემოცული, ესწრაფვოდა სიცოცხლეს, უძღვნიდა საჩუქრებსა და დღესასწაულებს თავის ახლობლებსა და მეგობრებს და რაც მთავარია, იყო თავისუფალი მაშინ, როცა ეს ძალიან რთული იყო, იყო თავისუფალი ციხის საკანშიც კი.

ფილმოგრაფია

მოლდავური ზღაპარი (1951)
ანდრიუშა (1954)
ოქროს ხელები (1957)
ნატალია უშვიჰ (1957)
დუმკა (1957)
პერვი პარენ (1959)
უკრაინული რაფსოდია (1961)
ყვავილი ქვაზე (1962)
მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები (1964)
ჰაკობ ჰოვნატანიანი (1967)
საიათ ნოვა (1968) … ასევე ცნობილი როგორც “ბროწეულთა ფერი” (1968)
ამბავი სურამის ციხისა (1984)
არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985)
აშუღი ქერიბი (1988) … ასევე ცნობილი როგორც აშიკი ქერიბი (1988) (აზერბაიჯანულ ენაზე)
ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული (1992) (სეგმენტი “აღიარება”)


Leave a response

Your response:

კატეგორიები