Posted by: burusi | 10/07/2009

თავისუფლების (ერევანსკის) მოედანი – Freedom (Erevanski) square

ერევანსკის მოედანი

სახელწოდება

მოედანმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახელი გამოიცვალა. თავდაპირველად მოედანს “შტაბის მოედანს“ უწოდებდნენ.
1825 წლიდან ამიერკავკასიის ჯარების სარდალი, ხოლო 1827 წლიდან კავკასიის მეფისნაცვალი იყო გენერალი პასკევიჩი. 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში პასკევიჩმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის მრავალრიცხოვანი არმია და გაათავისუფლა მისგან მიტაცებული ქართული ტერიტორიები – ახალციხე და ახლქალაქი, აგრეთვე თურქები გარეკა სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან.

ივანე თევდორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკი(1827-1831)

1828 წელს რუს გენერალს პასკევიჩს ერევნის ციხე-სიმაგრის აღების გამო ერევნის გრაფის – “პასკევიჩ-ერევანსკის“ წოდება მიანიჭეს. 1851 წელს მოედანზე დასრულდა თეატრისა და ქარვასლას შენობა, ამიტომ მოედანს ერთხანს “თეატრალურს” უწოდებდნენ. როცა 1856 წელს პასკევიჩი გარდაიცვალა, მის პატივსაცემად ცენტრალურ მოედანს თბილისში დაარქვეს ყოფილი მეფის ნაცვალის “გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის“ სახელი. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ამ მოედანს თბილისში შემოკლებით “ერევანსკის“ მოედანს უწოდებდნენ. ხოლო უფრო გვიან, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაუმკვიდრდა სახელი “ერევნის მოედანი“.
1918 საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მოედანს სახელი შეეცვალა და “თავისუფლების მოედანი“ ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მას ჯერ “ზაკფედერაციის მოედანი” (“ამიერკავკასიის მოედანი“) ერქვა (ამიერკავკასიის სფსრ–ს შექმნის გამო), შემდეგ კი — “ლენინის მოედანი”. ძალიან მოკლე დროით მოედანმა იარსება “ბერიას მოედნის” სახელით (1953 წლამდე). 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს დაუბრუნდა ძველი სახელი — “თავისუფლების მოედანი”.

მოედნის ისტორია

თბილისის მთავარ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. მოედანი არცთუ შორეულ წარსულში ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელ ადგილს წარმოადგენდა, მეფეთა ბაღებით გარშემორტყმული და ლეღვის ხეებით და შირაზის ვარდებით დამშვენებული. გალავნის კედელი დაახლოებით დღევანდელი მოედნის აღმოსავლეთ მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩის მოშენების სწვრივად ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქ. ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ–ერთი მთავარი კარიბჭე – “კოჯრის კარი” იყო. აქედან ორი გზა იწყებოდა. ერთი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა (ამჟამინდელ რუსთაველი გამზირის ხაზზე), მეორე კი კოჯრისკენ მიდიოდა დღევანდელი ლეონიძის ქუჩის გაყოლებით.

XIX ს. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით, დღევანდელი მოედნის ჩრდილოთ მხარეზე დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია, XVII ს. მიწურულს მეფის ქარვასლა მდგარა. იგი საკმაოდ დიდი ყოფილა და ოთხმოცამდე სადგომს მოიცავდა. მისივე ცნობით, ქარვასლა თურქებს დაუნგრევიათ 1724 წლის შემოსევისას. ვახუშტის და XVIII ს. 80–იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე მოედნის ტერიტორია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ბაღებითაა გარშემორტყმული. ვახუშტის მიხედვით, აქ იყო მეფის, დედოფლის და მამასახლისის ბაღები, ხოლო პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმაზე მეფის და დედოფლის ბაღების გარდა, გიორგი ბატონიშვილის ბაღიც არის აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილს ამ ადგილებში ერთადერთი შენობა აქვს ნაჩვენები, რომელსაც იგი “ბეჟანის ქარვასლას” უწოდებს. იგი დაახლოებით იქ იდგა, სადაც ქალაქის თვითმართველობის შენობა.

ვრცელ მინდორს სოლოლაკის ხევი (გვიანდელი “ავანაანთ ხევი”) კვეთდა. ხევს სოლოლაკის ქედის ფერდობიდან წამოსული ნიაღვარი ჩაუყვებოდა მტკვრისკენ. ძალიან ღრმა და განიერი ხევი იყო.
„ერევანსკის“ მოედანზე ხევის არსებობის ხანაში, მოედანი პრაკტიკულად ორად იყო გაყოფილი. უფრო სწორად კი მოედანი რეალურად 1824-1825 წწ აგებული „საქალაქო სახლის“ (მოგვიანებით „კავკასიის კორპუსის შტაბი“) წინ ჩამოყალიბდა (დღევანდელი პუშკინის სკვერის ტერიტორია). იგი სამი მხრიდან მოშენებული იყო, ხოლო სამხრეთიდან ხევი საზღვრავდა, რომელიც მოგიანებით თეატრის შენობამ ამოავსო. შედეგად თეატრსა და საქალაქო პოლიციის შენობას შორის გაჩნდა ახალი მოედანი, რომელსაც უწოდებდნენ სწორედ „თეატრალურს“. უკვე 1934 წ. როდესაც დამწვარი თეატრის შენობა აიღეს მოედანი გაერთიანდა და შეიქმნა ის ურბანული სივრცე, რომელსაც დღეს უკვე – „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია.

1847-1851 წწ გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი ნაწილი (ლეონიძის ქ. და მოედანი) ეს გამოწვეული იყო ამავე წლებში მოედანზე თეატრისა და ქარვასლის მონუმენტური შენობის აგებით (იტალიური კლასიციზმი; არქ. ჯოვანი სკუდიერი). ერევანსკის მოედნის ქვეშ გაყვანილ იქნა ვეებერთელა ხვრელი წყლის გასასვლელად. ერთ-ერთი თანამედროვის მოგონებით, ერთხელ ურემი ჩავარდნილა ცხენით და მუხრან ბატონის ბორანთან ამოუყვია თავი.
1850 წ. გაზეთ “კავკაზსში” ვკითხულობთ: “26 ივლისს, ნაშუადღევის 5 სთ-ზე თბილიში მოვიდა კოკისპირული წვიმა, წყალმა სოლოლაკში მოიტაცა ძროხა, გაატარა ერევნის მოედნის ქვეშ გაყვანილ ვეებერთელა ხვრელში და ჩაიტანა მუხრანის ხევთან”. ეს ხევი იწყებოდა სოლოლაკის ყელიდან (ამაღლების ეკლესიის ტერფი, ამჟამად დავითაშვილის ქუჩა), სჭრიდა გუდოვიჩის (ჭონქაძის), რტიშჩევის (ჯაფარიძის), პასკევიჩის (მახარაძის), სერგიევის (მაჩაბლის) დაუსახლებელ ქუჩებს, გზას იკაფავდა ერევნის მოედნისკენ და ჩადიოდა მტკვარში მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდის ქვეშ.

მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ერევანსკის მოედნის შუაგულში გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი იყო, კირაობით კი დიდი და აურზაურიანი ბაზრობა იმართებოდა. რა არ იყიდებოდა აქ, მწვანილი, და ფართალი, ავეჯი და ოთხფეხი საქონელი, ქათიბი და მუნდირი, შეშა და თივა, ყარამანიანის პორტრეტები და ბუკინისტური წიგნებიც.
პუშკინის ქუჩაზე ძველად ჩაიხანები და მიკიტნის დუქნები მეფობდნენ, სადაც ყომარი და სხვა აზარტული თამაშები იყო გავრცელებული. ქუჩებში საზანდარი თავისუფლად მღეროდა ქალაქურ მუსტაზადებს.

როცა ვორონცოვის ბრძანებით 1847 წ. თამამშევმა მოედანზე თეატრი და ქარვასლა ააგო, ბაზარი ცოტა ქვევით დასწიეს, სწორედ იქ, სადაც ახლა პუშკინის სკვერია. ბაზრის ხალხის მოსაზიდად, და გასართობად ბალაგანები იყო გამართული. აქ იაფფასიანი ცირკის არტისტები ოინბაზობდნენ (პ. უმიკაშვილი ივერია 1899 წ. ნ-209). ერთ მხარეს ჯამბაზი გადიოდა თოკზე, მეორე მხარეს ცნობილი აბელა იდგა ოჩოფეხებზე და ხალხს აცინებდა. ამ უბანს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იყო, საღამოთი – ცირკი. პოლიცია, რომელიც ჯარში ნამყოფ ინვალიდებისგან შედგებოდა, ყურსაც არ იბერტყავდა ქალაქში წესრიგის დასაცავად. ერევნის მოედანი სრულიად მოუვლელი და უყურადღებოდ იყო მიგდებული. უჩვეულო ბაზარს ზედ ერთვოდა ჭუჭყი, ტალახი. ქვაფენილები ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. ნამტვრევი წვეტიანი ქვები ისე უშნოდ იყო მიყრილ-მოყრილი, რომ ადამიანს უჭირდა მასზე სიარული.
ერევნის მოედნის ეს ბაზარი 1885 წლამდე ბოგინობდა. 1885 წლის 23 ივნისიდან ბაზარი ვერაზე გადაიტანეს. მოვაჭრეებს ყაზახები ძალისძალათ ერეკებოდნენ. ურმები, პოვოსკები გარეკეს ვერაზე, კვერცხის, ქათმის და მაწვნის გამყიდველებიც მიაყოლეს. “სოლოლაკში მცხოვრებს ერთი ქილა მაწონი რომ უნდოდეს ვერაზე უნდა წავიდეს” – წერდა თანამედროვე.
ბაზრის ადგილზე ბაღი გაშენდა, რომელსაც ხალხი “ახალ ბაღს” უწოდებდა. 1892 წ. 25 მაისს ერევანსკის მოედნის ”ახალ ბაღში” ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე დაიდგა პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი (მოქანდაკე რ. ხუდოროვიჩ), რის შემდეგაც მას “პუშკინის სკვერი” დაერქვა. ბაღის ხშირი სტუმრეი იყვნენ სემინარიის მოწაფეები, რომლებიც თაისუფალ დროს საუბრობდნენ პოეზიაზე, პოლიტიკაზე…

მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX ს. პირველ მეოთხედში დაიწყო. მოედნის დღევანდელი მოშენება, ერთი–ორი ნაგებობის გარდა, XIX ს. არის ჩამოყალიბებული და სტილისტურად საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის.
1824-1825 წლებში აგებულ იქნა “საქალაქო სახლი” (შემდგომ კავკასიის კორპუსის შტაბი). 1825 წელს იაკობ ზუბალაშვილის მიერ, ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ იქნა სასტუმრო “პალასი”. 1838 წელს შენობა საეკლესიო უწყებამ შეიძინა სასულიერო სემინარიის განსათავსებლად.

1830–იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ სადაც ადრე “ბეჟანის ქარვასლა” იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა (ყოფილი მერია), პოლიცმეისტერის კანცელარიით.
1851 წელს ერევანსკის მოედანზე, ქალაქის პოლიციის წინ გაკეთდა შადრევანი. წყალი გამოყვანილი იყო სოლოლაკის წყაროებიდან. 1878-1879 წწ. პოლიციის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა “საქალაქო სახლი”. 1921 წლიდან შენობაში განთავსდა სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თბილისის მერია.

თეატრი-ქარვასლის შენობის წინ, შესასვლელთან რკინის ლომები დადგეს (ახლა ამ ლომების ნახვა შეგიძლიათ სიონის ცენტრალური შესასვლელის მახლობლად, ქარვასლის წინ). 1874 წელს ხანძრის შემდეგ აღადგინეს მარტო ქარვასლა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930-იან წლებში მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რამაც იმსხვერპლა ქარვასლის შენობაც (1934 წ.). 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ვ. ი. ლენინის ძეგლი (მოქანდაკე ვ. თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით, არქოტექტორები: გ. მელქაძე, კ. ჩხეიძე, კ. ხეჩინაშვილი, შ. ყავლაშვილი). ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის პარადულად ხალხის თანდასწრბით მოანგრიეს. მისი ადგილი მოგვიანებით შადრევანმა დაიკავა. 1967 წელს მოედნის ქვეშ ამოქმედდა ამავე სახელწოდების მეტროსადგური.

მოედნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის სწვრივად ერთ–ორ სართულიანი სახლები აშენდა, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით, რომელთაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ქონდა. ერთ ასეთ სახლში, რომელიც ყოფილი მეგობრობის მუზეუმის ადგილას იდგა, 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. ეს სახლები XIX ს. მეორე ნახევარში სხვა ნაგებობემა შეცვალა, რომელთა დიდმა ნაწილმა დღემდე მოაღწია.

მოედნის შუაგულში 1956 წლის 21 აპრილს ლენინის მოედანზე დადგმულ იქნა ლენინის მონუმენტი.

1991-1992 წლების ე. წ. “თბილისის ომის” დროს მოედანზე რამდენიმე შენობა განადგურდა. 1992 წელსვე გამოცხადდა საავტორო უფლებების მოსაპოვებელი არქიტექტურული კონკურისი დანგრეული კვარტლის რეკონსტრუქციაზე. რომელიც განხორციელდა კიდეც 1999 წლიდან 2 საცხოვრებელი სახლის აშენებით (ლეონიძის ქ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კორპუსის რეკონსტრუქციით (არქ. გიორგი გეგეშიძე). თუმცა იმავე წელსვე გამოცხადდა ახალი კონკურსი უკვე მრავალფუნქციურ ნაგებობაზე, უშუალოდ მოედნის მიმდებარედ. შედეგად 2002 წ. მოედანზე გაიხსნა ახალი სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”, საკმაოდ მონუმენტური მრავალფუნქციური ნაგებობის სახით.

2006 წლის 23 ნოემბერს, მოდანზე საზეიმოდ გაიხსნა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი – ავტორის საჩუქარია ქალაქისთვის). 27 ტონიანი 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკებაზე ორი კგ. ოქრო დაიხარჯა.

ლიტერატურა:
ი. გრიშაშვილი. ლენინის მოედანი, თხზულეანი ტომი მეოთხე. თბილისი, 1985 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: