Posted by: burusi | 21/06/2009

ზუგდიდის დადიანების სასახლე; Zugdidi Dadiali Palace

დადიანების მუზეუმი

ზუგდიდის დადიანების სასახლე

ისტორიული წარსულიდან ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად. ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ირკვევა, რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა: “დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდოლიანი”.

ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო.
სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.
დედოფლისეული სასახლე XIX ს – ის 60-იან წლებშია გადაკეთებულია გერმანელი არქიტექტორის გ. რაისის მიერ. გ. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა.

დადიანების მუზეუმი

სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმენლად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით ხუთ მეტრიანი მოზაიკა, სადა ცენტრალური ადგილი შვიდკუთხა გეომეტრიულ ფიგურას უჭირავს, მთლიანად აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50 ათასამდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული, ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია, ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემეპრატურაზეა მოხარშული, რითაც მათ სხვადასხვა ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად.

დადიანების მუზეუმი

ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ – საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია – მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მუზეუმის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აკაკი ჭანტურიას (1881-1941). დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში – პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა – მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 1937 წლიდან დაწყებული დევნის შედეგად 1940 წლის 23 ივლისს აკაკი ჭანტურიამ დატოვა დადიანების სასახლე. რის შემდეგ არაერთხელ განიძარცვა მუზეუმის საგანძური. 1990-იან წლებში საგამოფენო დარბაზიდან გაიქურდა ეკატერინეს ძვირფასი ჩაის სერვიზი, რომელიც მე-19 საუკუნეში პეტერბურგის საიმპერატორო ქარხანაში ძმებმა კუზნეცოვებმა დაამზადეს. მას ხუცური წარწერით გამოყვანილი დამღა “ეკატერინე” ამშვენებდა.

აკაკი ჭანტურია - მუზეუმის დამაარსებელი

აკაკი ჭანტურია - მუზეუმის დამაარსებელი

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები (50000- მდე ექსპონატი) და მართლმადიდებლური სიწმინდეები, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის რაიონისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას. კოლხეთის ძველი მოსახლეობის საქმიანობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა 1935 – 36 წლებში ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიის მახლობლად დიხა – გუძუბების გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალურ – კულტურული ძეგლები. მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII-XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ . წ . I _ ახ . წ . II – ის კოლხური ოქროს მონეტა, იუსტინიანე I- ის (527-565) მონეტა.

 

მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII _ XVII სს – თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი. აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები: მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII ს – ის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა . უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს – ისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ – ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.

ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმ მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით. ლუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან – დარეჯანი.
„…შევამკე ჻ და ფერვითა ჻ თვალითა ჻ მარგალიტითა ჻ მე ხელმწიფემან ჻ დადიანმა ჻ პატრონმა ჻ ლევან ჻ მისთვის ჻ საოხად ჻ შეგიმკვეთ ჻ ყოვლად წმიდაო ჻ ქერუბიმთა ჻ უმაღლესო ჻ სერაბიმთა ჻ უაღმატებულესო ჻ ქალწულო ჻ ყდ ჻ საგალობელო ჻ ლხინებაო ჻ ყოველთა ჻ ქრისტეანეთაო ჻ შეისმინე ჻ ვედრება ჻ ჩვენი ჻ და ჻ იხსენ ჻ და აცხოვნე ჻ განუსვენე ჻ და აკურთხე ჻ სული ჻ დედოფლისა ჻ ნესტან-დარეჯანისა ჻ და დაამკვიდრე ჻ სასუფეველსა ჻ ამინ ჻
მოიჭედა ყოვლად ჻ წმიდისა ჻ პერანგისა ჻ კუბო ესე ჻ ქკსა ჻ სამას ჻ ოცდა ჻ რვასა ჻“ (ქორონიკონი უდრის 1640 წელს).
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI_XIX სს. უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ – გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის, თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა. განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს სამხედრო არქივი _ რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია, მასალები რუსეთ – საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIX ს – ის დასაწყისი ), რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ – ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად.

დადიანების მუზეუმი

მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური, იაპონური, ფრანგული, რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები; ბროლის, ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი სერვიზი, ლარნაკები, ვაზები, ალბომი ოქროს ცურვილიანი ყდით, ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები – ვერცხლის ქამრები, ხმლები . განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ – კულტურული ძეგლები -სურათები და წიგნები, რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია, ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები . პრინცი აშილ მიურატი ნაპოლეონის ცნობილი მხედართმთავრისა და სიძის ( მისი დის, კაროლინ ბონაპარტის მეუღლის ), ნეაპოლის მეფის, მარშალ იოაჰიმის შვილიშვილი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე. საფრანგეთში მონარქიის გაუქმების (1879) შემდეგ აშილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიქვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა.

დადიანების მუზეუმი

მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი “დოქტორი ფ. ანტომარკი”, მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები “ლ. რიშარი და კენელი” და ჩამოსხმის ადგილი “პარიზი”. წინ ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია : “ნაპოლეონი – იმპერატორი და მეფე”, აგრეთვე “ფ . ანტომარკი” და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი «1833».

მუზეუმს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს XIX ს.-XX ს – ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული წიგნების შესანიშნავ კოლექციას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული და სხვა სახის ლიტერატურა. აქ ინახება ნაპოლეონ I- ის კორესპონდენციები 32 ტომად, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი სრულად შემორჩენილი ეგზემპლარია; ფრანჩესკო ანტომარკის წიგნი « ნაპოლეონის უკანასკნელი წუთები », რომელიც მან 2 ტომად გამოაქვეყნა 1823 წელს და ლ. გალუას “იოაჰიმ მიურატის ისტორია” (1828 წ .); აგრეთვე ფრანგული მხატვრული ლიტერატურის უმდიდრესი კოლექცია, ძვირფასი ენციკლოპედიები, ევროპული კლასიკური ოპერებისა და ოპერეტების კლავირები ; საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური თხზულებები, მათ შორის მარი ბროსეს «ქართლის ცხოვრება » თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფითა და მინაწერებით. ბიბლიოთეკას ამშვენებს სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის საჭადრაკო პარტიების ლამაზი დაბოლოებანი, ანდრიას მეგობრის შიფერსის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული კიევში 1903 წელს.

დადიანების მუზეუმი

მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს ქართველი, რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. მათ შორის განსაკუთრებულია გერმანელი ფერმწერის ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი. პორტრეტი პარიზშია შესრულებული 1865 წლის ახლო პერიოდში. სამეგრელოს სამთავროს გაუქმების (1857) შემდეგ ეკატერინე ჯერ რუსეთში, მერე კი ევროპაში ცხოვრობდა. პორტრეტზე გამოსახული წმ. გიორგის ბრინჯაოს მედალი დედოფალს გადაეცა 1853-1855 წლების რუსეთ – თურქეთის ომში გაწეული ღვაწლისათვის _ ერთ ბრძოლაში ის პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოს სამთავროს ჯარს. წმ. ეკატერინეს დიდი ჯვარი კი დედოფალს 1856 წელს უწყალობეს იმპერატორ ალექსანდრე II- ის კორონაციის დღეს.
1945 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინა საფრანგეთიდან დაბრუნებული უნიკალური საუნჯე, მათ შორის ეკატერინე ჭავჭავაძის ცნობილი დიადემა. თანამედროვენი იუწყებიან, რომ ამ დიადემის გადამრჩენელი მოხუცი ექვთიმე თაყაიშვილი ყავარჯნით ხელში, კოჭლობით, ბედნიერი სახით მიმოდიოდა დამთვალიერებელთა შორის. მეთვრამეტე საუკუნის სპარსი ოსტატის ნახელავ ამ სამკაულს თავის დროზე აღუფრთოვანებია პარიზელებიც. მხატვარ ფრანც ვინტერჰალტერის მიერ შესრულებულ ცნობილ ტილოზეც ეკატერინე ამ დიადემითაა წარმოდგენილი. ფირუზებით მოოჭვილ-მომინანქრებული დიადემა და საყურეები მემკვიდრეობით დარჩენია ეკატერინეს ასულის, სალომეს შვილს, ანტუანეტა მიურატს. ეს სამკაული სწორედ მისგან შეუსყიდია ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისთვის. ამ საქმეში მას დახმარებია მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა, ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონი.

დადიანების საგვარეულო კოლექციაში ინახება უცნობი მხატვრის შესრულებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის (1847-1903) პორტრეტი. აქვეა წარმოდგენილი ის იარაღი, რომლითაც ის და მისი ძმა ანდრია დადიანი დაჯილდოვდნენ ბალკანეთის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის . ნიკომ ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა დადიანთა უნიკალური ბიბლიოთეკა. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია , სასწავლებლები , უმწეოთა სახლები, აფთიაქები …

ანდრია დავითის ძე დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1900-1904 წლებში ანდრია მონტე – კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი “ლამაზი პარტიებისათვის”.

დადიანების სასახლეში დაცულია ფრანგი მხატვრის პიერ ბლანშარის რამდენიმე ათეული ნამუშევარი, რომლებიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II- მ საჩუქრად გადასცა ნიკო დადიანს. ბლანშარმა სამეგრელოს დედოფალი და დადიანები ოჯახის სხვა წარმომადგენლები პეტერბურგში, ალექსანდრე II- ის კორონაციის დღეს. კავკასიაში სტუმრობის დროს ბლანშარმა შექმნა ნამუშევრების მთელი სერია : “ დაღესტანი ”, “ კახეთი ”, “ ტფილისი ”, “ თავისუფლება ქართულად ” და ა . შ . ამ ლამაზი კუთხის ისტორიული წარსულიდან ცნობილია , რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად . ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი , შარდენი , ქრისტეფორე კასტელი . ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ირკვევა , რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა : “დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე – გოდლიანი”…

დადიანების ბაღი

დადიანების ბაღი

მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე – პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე – კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს ყოფილ მთავართა -დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან. როგორც ჩანს ის წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი, უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა.

1842 წელს ლევან V-მ ტახტი დავითს გადასცა, რომელიც შეუდგა ბაღებისა და არხების განახლებას. მან საფუძველი ჩაუყარა ევროპული სტილის დეკორატიულ ბაღს. მისი მართვა-გამგეობა კი მეუღლეს, ეკატერინე ჭავჭავაძეს გადასცა. ეკატერინემაც გამოიყენა უნარი და მაღალი კულტურული, ესთეტიკური გემოვნება და შექმნა ამიერკავკასიაში საუკეთესო ბოტანიკური ბაღი. გამოიწერა თესლეული და ნერგები ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან და გააშენა ზუგდიდში. მშენებლობის მთავარ ხელმძღვანელად მოწვეული იყო ქალაქ ტრესტიდან სპეციალისტი მებაღე ჟოსეფ ბაბინი. ბაღი დაიხვეწა და გაიწმინდა უხეირო, ველური, ჯიშებისაგან და დაირგო ახალი, ადგილობრივი და უცხო ჯიშები. იქ სადაც დღეს ნიკო დადიანის სასახლე დგას, მდგარა კაკლის უზარმაზარი ხე, რომლის დიამეტრი 1 მეტრს აღემატებოდა.ბაბინმა განსაზღვრა ბაღის ფართობი, მოაწყო სანერგე და ორანჟერეა. დაგეგმა ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილით. გააფორმა ცალიკეული ნაკვეთები, ყვავილნარები, გაზონები. ჩამოაყალიბა ხელოვნური, ბუნებრივთან ჩინებულად შეხამებული პეიზაჟები.ბოტანიკურ ბაღში გაჩნდა იტლიური და ფრანგული წარმოშობის მაგნოლია, ტულპანი, ბეგონია, მიმოზა, კორპის ხე, კვიპაროსი, კრიპტომერია, ლაგუსტრემია, ტუია, პავლონია, ქრისტეს-გვირგვინი, ცრუ აკაცია. დავითის გარდაცალებისა და სამეგრელოში აშილ მიურატის გადმოსახლების შემდეგ ხდება ეგზოტიკური მცენარეების შემოტანა.

დადიანის ბაღი

დადიანის ბაღი

ბაღში გაკეთდა აუზი, რომელსაც მდინარე ჩხოუშიიდან გამოყვანილი წყალი ასაზრდოებდა. ამ ადგილის ხშირი სტუმრები იყვნენ მთავრის ოჯახის წევრები. აუზის სამხრეთ მხარეს აგებული ყოფილა საყავე. ბაღის ერთ ნაწილში ყოფილა მესრებით შემოზღუდული ტერიტორია, სადაც 30 ირემი ყოფილა დამწყვდეული. ბაღის ყურეში ყოფილა სტამბოლიდან ჩამოტანილი ალაყაფის კარები, რომელიც დღესაც ამშვენებს ბაღის შესასვლელს.

დავითის გარდაცვალების შემდეგ 1853 წლიდან ბაღს ეკატერინე ჰპატრონობდა და კიდევ უფრო აუყვავებია იგი, მაგრამ 1856 წელს ომერ-ფაშამ გადაწვა სასახლე და ბაღი გაჩეხა. მან მთლიანად გაანადგურა ბაღის ორანჟერეა. ბაღი მიწასთან გაასწორა. ეს იყო მეგრელებისთვის გადახდილი სამაგიერო. გახმა და გადაშენდა მრავალი ეგზემპლიარი.ეკატერინემ ხელი მაინც არ ჩაიქნია და 1869 წელს ქალაქ ფარეზედან(იტალია) მებაღე-დეკორატორი, გაეტანო ზამბერლეტი მოიწვია. მალე მისი ძმა ჯიოვანიც ჩამოდის ეკატერინეს მოწვევით. მათ კვლავ აღადგინეს ბაღი. შემოტანეს ძვირფასი თესლები და ნერგები. გააფართოვეს მისი სივრცე და ხეივნები ამავე დროს ჩამოუტანიათ ჭადრები, რომლიებიც ბაღის მთელ სიგრძე-სიგანეზე, 1182 მეტრიან ხეივანს ქმნის. არის რცხილების 187 მეტრიანი ხეივანიც. ზუგდიდის პარკები განუმეორებელი სილამაზითა და თავისებურებებითაა გამორჩეული. უკანასკნელ წლებში ჩატარდა ხეივნებისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დადიანების მუზეუმი

მთავრისეული ტაძარი დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენებლობა 1825-1830 წლებში მიმდინარეობდა. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ IV-ის მეუღლეს-ელენეს. ტაძარი ეკუთვნოდა მთავარს და მის ოჯახს. მოუხატავთ XIX საუკუნის 50-იან წლებში.მაცხოვრის კარის ეკლესია ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. აქ ადრე ქალაქში შემოსასვლელი კარი ყოფილა და შესაძლოა მას სწორედ აქედან ეწოდა ეს სახელი. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით. მოუხატავთ XVII საუკუნის 60-70-იან წლებში. შემორჩენილია წმ. დიმიტრისა და თევდორეს ფრესკები, წმინდა გიორგის ქანდაკება. ეკლესიის კედლები მოუხატავს ცაიშელ-ბედიელ მიტროპოლიტს კუირილე (კირილე) ჟუანიძეს. 1855 წელს ტაძარი თურქებს დაუზიანებიათ. იგი შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძის მითითებით კვლავ განუახლებიათ.

გამოყენებული ლიტერატურა: ლილი ბერაია „ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი და წმიდა ნაწილები“, ზუგდიდი, 2000 წ. გაზეთი „კვრის პალიტრა“, 4-10 სექტმბერი, 2000 წ
დადიანების მუზეუმი
ვებ გვერდი - http://www.dgiuri.com
http://ka.wikipedia.org/wiki/დადიანების_საგვარეულო_სასახლე


Responses

  1. shabatobit an am shabats 6tebervals tu mushaobs muzeumi? vgegmavt eqskursias

  2. very good


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: