Posted by: burusi | 29/05/2009

ნიკო მარი – ბიოგრაფია

ნიკო მარი, 1905

ნიკო მარი – Niko Marr. 1905

ენათმეცნიერი, ფილოლოგი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

დაიბადა ქუთაისში. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა – ქართველი. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1890 წელს – პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. ქართული ხელნაწერების შესასწავლად მუშაობდა სტრასბურგში, ვატიკანში, რომში. მონაწილეობდა ათონის მთაზე ნ. კონდაკოვის ექსპედიციაში. 1902 წელს ივ. ჯავახიშვილთან ერთად იყო ექსპედიციაში სინას მთაზე.
ნიკო მარმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქართული ენა ენათესავება სემიტურ ენებს და ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა. მოგვიანებით მან მიიჩნია, თითქოს იაფეტიზმი დასტურდება მსოფლიოს ხალხთა ყველა ენაში და ამიტომ იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად, ხოლო ენათა ოჯახის ცნება უარყო. ნიკო მარი მიიჩნევდა, რომ ათასწლეულების წინ იაფეტური (ქართველური) ენები მოიცავდა მსოფლიოს ვრცელ რეგიონს. ამ დროისათვის, მისი აზრით, ქართველური ენები გავლენას ახდენდნენ ფუძე ინდოევროპულზე, ურთიერთობა ჰქონდათ სემიტურთან, სომხურ ენას კი ნიკო მარი მიიჩნევს “ნარევი ტიპის” ენად.

ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში. გამოაქვეყნა “ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები”, “ჭანურის გრამატიკა”, “ძველი ქართული სალიტერატურო ენა”, რიგი საინტერესო წერილებისა სვანური და აფხაზური ენების შესახებ, სომხურის, როგორც ნარევი ენის შესახებ. ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს. პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებით “აბდულმესია” და “თამარიანი”. საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. დიდია მისი დამსახურება ისტორიასა და არქეოლოგიაში. მან გაშიფრა ი. ორბელის მიერ აღმოჩენილი ურარტუს მეფის სარდური II-ის (ძვ. წ. 760-730) ცნობილი სოლისებური წარწერა, რომლის ერთ-ერთ მუხლში მოხსენიებულია კულხას (კოლხას) ქვეყანა. მან აღმოაჩინა მამალაძეების მიერ აგებული მეათე საუკუნის ეკლესია შავშეთში, სოფელ ოქრობაგეთში და გამოსცა მისი წარწერა.
მას შემდეგ რაც მე-19 საუკუნეში გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” აღმოაჩინეს და გაშიფრეს, ქართველი მეცნიერების ძალისხმევა გრიგოლ ხანძთელის 12 სავანეს მოსაძებნად წარიმართა. ტაოსა და კლარჯეთს ძირითადად ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა, ხოლო შავშეთსა და კლარჯეთს – ნიკო მარი. ექსპედიციებმა ნაყოფი გამოიღო და ყველა ძეგლი დაფიქსირდა, გარდა შატბერდისა და ხანძთისა.
როგორც 1911 წელს გამოცემული ნიკო მარის დღიური გვიყვება, მას ისე გულით სურდა შატბერდის პოვნა, რომ 1904 წელს ანისის გათხრები მიატოვა და კლარჯეთში მასშტაბური ექსპედიცია მოაწყო მტკიცე გადაწყვეტილებით – როგორმე შატბერდი ეპოვა. მისი სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ხანძთაში რომ ავიდა, ჩათვალა, რომ შატბერდს მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდებარეობა წინააღმდეგობაში მოდიოდა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტთან – შატბერდი დაშორებული უნდა ყოფილიყო სხვა სავანეებისგან, უნდა ჰქონოდა სავარგულები და ა.შ.
ნიკო მარი იმდენად მოხიბლული იყო თავისი აღმოჩენით, რომ თავის დღიურში წერდა: “არ გამიკვირდებოდა, თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი?”
ნიკო მარი ქვემო ფორთაში (Y. Porta) მდებარე სამონასტრო კომპლექსს შატბერდთან აიგივებს: „…აქ [ქვემო ფორთაში]… პირველივე შთაბეჭდილება ისეთი მქონდა, რომ ვიმყოფები ძველ სავანეში – შატბერდში, მიუხედავად მისი გვიანდელი მოპირკეთებისა. …და აქ შევიგრძენი ისეთი სიახლოვე ამ მიყრუებული კუთხის წარსულის რეალობისა, რომ არ გამიკვირდებოდა თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი? …შატბერდში (ამიერიდან ასე ვუწოდებ ქვემო ფორთას) არაა სწორი ადგილი. თითოეული ნაგებობისთვის და თვით ბაღებისთვისაც კი… უნდა გაკეთდეს ტერასები“ [3],გვ.139-142.
ქართული კულტურის დიდმა მოამაგემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის შემსწავლელ სამ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, გაიზიარა ნიკო მარის მოსაზრება და ქვემო ფორთის მონასტერი შატბერდად მიიჩნია [4],გვ.220.
ხანძთის მონასტერი შატბერდად მიიჩნია ქართული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელმა აკადემიკოსმა ივ.ჯავახიშვილმაც. 1923 წელს მისი რედაქტორობით გამოსულ საქართველოს ისტორიულ რუკაზე ხანძთის მონასტერს შატბერდი აწერია, ხოლო ხანძთა მითითებულია მის ჩრდილოეთით, კარჩხალის მთასთან. ამჟამად უკვე დადგენილ ფაქტად ითვლება, რომ ქვემო ფორთაში არსებული მონასტერი ხანძთაა.
ნიკო მარმა აფხაზური ენისათვის ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული ანბანი შეიმუშავა (აფხაზური ანბანი არსებობდა 1862 წლიდან, სლავურ-კირილური დამწერლობის საფუძველზე შეიმუშავა ბარონმა პეტერ ფონ უსლარმა),რომელიც 1926—1928 წლებში გამოიყენებოდა. ნიკო მარისეულ ანბანში 75 ლათინური ასო იყო. 1937 წლიდან აფხაზური ენის ჩაწერა ქართული ანბანით ხდებოდა, 1954 წლიდან კი კვლავ კირილიცათი იწერება.

ნიკო მარი უდიდესი მეცნიერი იყო, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა. კონსტანტინე გამსახურდიას გადმოცემით ნიკო მარს რუსთველის პოემას თვლიდა თარგმნილად და ეძებდა მის დედანს სპარსეთში და სომხეთში. ნიკო მარი ქართული უნივერსიტეტის გახსნის მაგივრად მოითხოვდა კავკასიური უნივერსიტეტის გახსნას, სადაც სწავლა რუსულ ენაზე იქნებოდა, რაც რუსეთის იმპერიის სამსახურს ნიშნავს. კონსტანტინე გამსახურდიას გარდა ნიკო მარზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესაც.
ნიკო მარს ეგონა რომ მდინარე სუფსის სახელწოდება აფსუურია, მისი ვარაუდი გაიზიარა არაერთმა მეცნიერმა. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ “ფსი” არ არის აფსუური ძირი. აღმოსავლეთ საქართველოში არის მდინარე ფცა. ბერძნულ ენაში ეს ძირი იბერიულიდან არის შესული, ხოლო იბერიული ძირი არ ნიშნავს აფსუურს და აღმოსავლეთ საქართველოში აფსუები მდინარეს ვერ დაარქმევდნენ სახელს.
მიუხედავად აღნიშნულისა ნიკო მარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენათმეცნიერების კვლევაში. იგი იყო ენციკლოპედიური განათლების მეცნიერი. ნიკო მარი ძლიერ აფასებდა ქართულ ენას, რასაც ზვიად გამსახურდიაც აღნიშნავს “საქართველოს სულიერ მისია”-ში. ნიკო მარი მიიჩნევდა, რომ “ქართული ენით ნებისმიერი აზრის გადმოცემა შეიძლება და ბევრ განვითარებულ ევროპულ ენას არ ჩამორჩებაო“.
ნიკო მარის არაერთი თვალსაზრისი გადახედული და უარყოფილ იქნა თანამედროვე მეცნიერების მიერ.

1934 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. ამავე წელს გარდაიცვალა ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი).


Responses

  1. ნიკო მარი.. ნიკო მარი..
    ჩემი შორეული ახალგაზრდობის სიზმარი…
    რატომ არის ეს მეცნიერი მივიწყებული ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში.
    ვინ ყავს საქართველოს მასზე უკეთესი… ეს ხომ ბუმბერაზი მეცნიერი და მომნუსხველი პიროვნება იყო.
    იქნებ მოხერხდეს მისი შემოქმედების უბრალო, გასაგები ენით აღწერა და გამოცემა. ამ წიგნს ხომ დიდი მოთხოვნილება ექნება. ათასჯერ გაამართლებს დახარჯულ შრომას.
    მისი გახსენება როგორ გააუმჯობესებს კლიმატს საზოგადოებაში.. დღეებს ნათელს გაუხდის ხალხს ამ გამუქებულ ცხოვრებაში


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: