Posted by: burusi | 23/05/2009

ნატო ვაჩნაძე – მშვენიერება, რომელსაც შემოდგომა არასოდეს დასდგომია

ნატო ვაჩნაძე

ნატო ვაჩნაძე – Nato Vachnadze (1904 – 1953)

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს დაიბადა ვარშავაში. მაშინ პოლონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზიის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოდის. დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი გახლდათ. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი იყო, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს.  თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.

ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. მაგრამ გიორგი მაინც წასულა. ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია. ცოტა ხანში ვიღაცეებს ზელიმხანიც მოუკლიათ.

დარჩა ოთხი უმწეო ბავშვი ობლად. უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი წლის ნახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალებში დაფარვას დასჭირდა. უბინაოები ბიძამ შეიფარა სოფელ ფხომელში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. ნატო და მისი უფროსი და, კირა, სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში.

ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, სწავლის დამთავრებას აღარც დაუცადა, მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად მოიყვანა. ვაჩნაძესთან ნატოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. 1939 წ. მერაბი ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.

ნატო შემთხვევით აღმოაჩინეს. თბილისში 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომა იდგა. ნატო თბილისში მუშაობდა მუშად, მუსიკის მასწავლებლად. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ნება-ნება დასეირნობს და ფილმის, “მამის მკვლელის”, მთავარ გმირს დაეძებს ყველგან – ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე (ამ ეპიზოდს ბეკ–ნაზაროვი აღწერს მემუარებში). როცა ე.წ. „დვარცოვზე“ ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ნატიფმა და ძალიან სათნო სახემ მიიზიდა, აღფრთოვანებული დარჩა ფოტოსურათით. გახარებული შევარდა ფოტოატელიეში და მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო. იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი შაქრო ბერიშვილი გურჯაანს ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო უცნობის მისამართი, კითხვა-კითხვით ჩააგნო გურჯაანში და მცირედი ყოყმანის შემდეგ ნატო ვაჩნაძე სურათ “არსენა ყაჩაღის” გადაღებაზე დაითანხმა.

ჩამოვიდა ნატო თბილისში და მაშინვე ხმა გავარდა – ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო. 1923 წელს თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო გადაღება მუნჯი მხატვრული ფილმისა “არსენა ყაჩაღი”. სცენარის ავტორი და რეჟისორი იყო ვლადიმერ ბარსკი, ოპერატორი ა. დიღმელოვი, მხატვარი ვ. სიდამონ-ერისთავი. მთავარ როლებში: არსენა ოძელაშვილი – ქუთაისელი ჭაბუკი გრიგოლ ჩეჩელაშვილი; ნენო, არსენას საცოლე – ნატო ანდრონიკაშვილი – ვაჩნაძე.

სულ რამდენიმე თვის შემდეგ, არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო ნატო. მისი ფოტოები უმალ გავრცელდა ჟურნალებში. 1920-30-იან წლებში ნატო ვაჩნაძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახდა. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძემ შეასრულა მრავალი როლი: ნინო (არსენა ყაჩაღი 1914 წ), ნუნუ (,,მამის მკვლელი”, 1924 წ), ესმა (,,სამი სიცოცხლე”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925 წ), დესპინე (,,ჩვენი ქვეყნის რაინდი”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925წ), ფატი (,,ვინ არის დამნაშავე”, რეჟ. ა. წუწუნავა 1925 წ), გიული (,,გიული” რეჟ. ნ. შენგელაია), ლ. პუში (,,ამოკი”, რეჟისორი კ. მარჯანიშვილი, 1927წ.), ევროპელი ქალი, ჯემა (,,კრაზანა”, 1928 წ ფილმის რეჟისორი კ. მარჯანიშვილი), ციცია (ს. დოლიძის ფილმი ,,უკანასკნელი ჯვაროსნები” 1933წ.), ხმოვან კინოში შეასრულა: თამარი (,,უკანასკნელი მასკარადი’’, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1933 წ.), ნენო (,,არსენა” 1937 წ. რეჟ. მ. ჭიაურელი), მეჩაიე ნანი (,,ნარინჯის ველი”, რეჟ. ნ. შენგელია, 1937 წ.) რისთვისაც 1941 წ. მიიღო სახელმწიფო პრემია, მართა (,,ქაჯანა” რეჟ კ. პიპინაშვილი,1941 წ.) ნათელა (,,სამშობლო” რეჟ. ნ. შენგელაია,1939 წ.), გვირისტინე (,,ხიდონელი ქალიშვილი”, რეჟ. დ. ანთაძე,1940 წ.), მანანა (“ის კვლავ დაბრუნდება” რეჟ. ნ. შენგელაია, დ. ანთაძე 1943 წ.), ძიძის მანოს როლი (რეჟ. კ. პიპინაშვილი ,,აკაკის აკვანი” 1947 წ.), ვაჩნაძის უკანასკნელი როლია ელისაბედი (მწვერვალთა დაპყრობანი”, რეჟ. დ. რონდელი,1952წ.) სხვა ფილმები: ,,წარსულის საშინელებანი” (ეპიზოდური როლი, რეჟ. ვ. ბარსკი, 1925 წ.), ნათელა (,,ნათელა”რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926 წ.) მაშა (“ცოცხალი ლეში” სსრკ -გერმ. ერთობლივი ნამუშევარი, რეჟ. ფ. ოცეპი 1929 წ.), დორა (,,გარეუბნის კვარტლები”,კიევის კინოსტუდია, რეჟ. გ. გრიჩერჩერიკოვერი,1930წ), გრიჩის მეუღლე (“რკინის ბრიგადა”, რეჟ. გ. ვერნერი, 1930 წ).

ნატო ვაჩნაძე ქართველი ვერა ხოლოდნაია“. – ასე ამცნობდა აფიშები საზოგადოებას ნატოს დაბადებას. სხვათა შორის, ივანე პერესტიანი, რომელიც ორიოდე წლის შემდეგ, იღებს ნატოს ფილმში „ტარიელ მკლავაძის საქმე“ არ კმაყოფილდება მის მიერ ვარა ხოლოდნაიას მსგავსი მანერით მუშაობას და ნატოს მიზნად უსახავს საკუთარი ხატის ძიებას. ვაჩნაძე ერთხანს უარზეცაა იმუშაოს პერესტიანთან, ამ მოთხოვნათა გამო, მაგრამ საბოლოოდ თანხმდება და თანდათანობით იწყებს პროფესიონალი კინომსახიობის ოსტატობის დაუფლებას. შემდეგ მონაწილეობს ფილმებში: „ვინ არის დამნაშავე“, „ნათელა“…

1926 წ. ნატო მეორედ დაოჯახდა. ამჯერად მისი მეუღლე გახლდათ ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:

ერთ საღამოს თბილისელებმა მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – გიორგი.

1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე “გიული” მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში – არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები – “თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო”, საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. “ნათელა”, “გიული”, “ნარინჯის ველი”, “სამშობლო” ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას “ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა”.

ნიკოლოზ შენგელაია კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა. თავზარდამცემი იყო ნატოსთვის მეუღლის სიკვდილი. შვებას ერთ რამეში პოვებდა – მიუჯდებოდა თავის “პობედას” და კახეთისკენ მიქროდა. ყოველთვის ჩერდებოდა იმ ადგილას, სადაც ნიკოლოზი დაიღუპა. თითქოს შორს გადაკარგულ ქმარს ელოდებაო, საათობით იდგა გარინდებული.

ნატოს ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრამაც. ეს მოხდა შტეფან ცვაიგის ნოველის, „ამოკის“ გადაღების დროს. მარჯანიშვილს ნატოსთვის მიუმართავს: „შენ იტალიელს უნდა დაგამსგავსო. შენ მშვენივრად ითამაშებ ჩემს სურათში, მე შენგან მსახიობს შევქმნი…“ მართლაც, მარჯანიშვილის ფილმში ნატოს გმირი უკვე თავისუფალი და თამამი ქალია, მას შესანიშნავი პლასტიკა აქვს, იგი შესანიშნავად ატარებს სამოსს. მარჯანიშვილი მას საჭირო რჩევებს აძლევს და გაკვეთილებსაც უტარებს, საბოლოო ჯამში _ ამპლუას უცვლის. შემდგომში მარჯანიშვილმა კვლავ მიიწვია ნატო ფილმ “კრაზანაში”, ჯემას როლზე.

ნატო ვაჩნაძე საკმაოდ მომთხოვნი ადამიანი იყო და ეს თვისება უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ვრცელდებოდა. თავის წიგნში მრავალგზის აღნიშნავს, რომ სურს არა მხოლოდ პოპულარულ მსახიობად დარჩენა, არამედ ჭეშმარიტ პროფესიონალად ჩამოყალიბება.

20-30-იანი წლების მიჯნაზე უხმო კინო თანდათან ადგილს უთმობდა ტექნიკის სიახლეს – ხმოვან კინოს. ამ ცვლილებამ, ამეტყველებულმა ეკრანმა მუნჯი კინოს ბევრი ვარსკვლავი სამუშაოს ჩამოაშორა. კინემატოგრაფი აღარ საჭიროებდა ტიპაჟს და ასპარეზზე თეატრის აქტიორები გამოვიდნენ. როგორც ნატო ვაჩნაძე იხსენებს, თეატრალური მსახიობი მათ ხმით და პროფესიონალიზმით ეჯიბრებოდა. კინომსახიობი კოლოსალურ შრომას საჭიროებდა, უხმო და ხმოვანი კინოს ბარიერის გადალახვა ყველამ ვერ შეძლო.

ნატო ვაჩნაძემ დროებით ტაიმ-აუტი აიღო და მოსკოვს გაემგზავრა იმ პირობით, რომ იგი იქ მხოლოდ კინემატოგრაფით დაკავდებოდა.

1932 წელს რუსეთის დედაქალაქში დიდი რეჟისორის – გრიგოლი კოზინცევის რეკომენდაციით რუსული დოკუმენტური კინოს უდიდეს ოსტატ ქალს ესთერ შუბს დაუახლოვდა და მის გადამღებ ჯგუფში ჩაირიცხა ასისტენტ-პრაქტიკანტად.

რეჟისორი იღებდა ფილმს “კომკავშირი – ელექტროფიკაციის შეფი”. მასზე მუშაობა ერთ წელიწადს გაგრძელდა. იღებდნენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით: უკრაინაში, დნეპროჰესზე, ციმბირში, ლენინგრადში, ბრიანსკის ტყეებში, სომხეთში.

სამუშაო უაღრესად საინტერესო იყო. ესთერ შუბი აღნიშნავდა, რომ ამ მოულოდნელი შეხვედრით ნატო ვაჩნაძის სახით უდიდესი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა.

ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ნატო ვაჩნაძე სამშობლოს და ეროვნულ კინოს დაუბრუნდა

1934 წელს ნატო მიხეილ ჭიაურელის ფილმ “უკანასკნელ მასკარადში” მონაწილეობს. მიეხედავად იმისა, რომ ჭიაურელმა მას ვერ ანდო სიტყვიერი როლი, ვაჩნაძემ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ამ ეტაპს მსახიობის ახალ ხარისხში მოღვაწეობა უნდა ვუწოდოთ. “უკანასკნელი ჯვაროსნები” (რეჯ. სიკო დოლიძე), მსახიობისათვის ერთ–ერთი პირველი ხმოვანი ფილმია, სადაც ნატომ ციციას როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ნატო ვაჩნაძეს კვლავ მიხეილ ჭიაურელი იწვევს ფილმში “არსენა”.

საკუთარი თავისადმი უკომპრომისო ნატო მუდმივად ფიქრობდა თვითგანვითარებაზე და როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა რიგით კინემატოგრაფისტად იწყებდა მუშაობას. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსახიობის ბიოგრაფიისთვის, მაგრამ მას პროფესიის ათვისების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. ნატო ვაჩნაძემ მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი კინოროლები შეასრულა ფილმებში “ქაჯანა”, “აკაკის აკვანი”, “მწვერვალთა დამპყრობნი”.

1935 წელს მიენიჭა რსფსრ-ს დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1941 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისათვის “ოქროს დაბლობი”. დაჯილდოებულია ოთხი ორდენით. ვარშავაში ერთ-ერთ ქუჩას ნატო ვაჩნაძის სახელი დაერქვა, სადაც მის პატივსაცემად მსახიობის ბიუსტი დადგეს.

1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა საქმეზე, იქიდან მოსკოვში გამოიარა. თბილისისკენ არც ერთი ბილეთი არ დახვდა. მაშინ მორიდებით უთხრა მოლარეს, რომ სახალხო არტისტი ნატო ვაჩნაძე იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გახარებულმა მოლარემ, აქაოდა, ამისთანა ადამიანი მესტუმრაო, ჯავშანი მოხსნა… ასე ერგო ნატოს საბედისწერო ბილეთი.

მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ, მაგრამ მაშინ ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ნატო ბერიას შურისძიების მსხვერპლი გახდა.

ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ნატოს ფერფლი და გადარჩენილი ხელი კი დიდუბის მიწას მიაბარეს.

ალბათ, ვარსკვლავმა ეშხი გაგიყო -
ეცილებოდი მას ხომ ტოლივით,
ნუთუ თბილისი ღირსი არ იყო,
ენახე ნაზად თმადათოვლილი.

მრავალი ასეთი სტრიქონი იბადებოდა მისი სიკვდილის დღეებშიც და მერეც.
იდგა ნამდვილი სახალხო გლოვა. ტიროდა ხალხი, როგორც შეიძლება ხალხმა დაიტიროს სიკვდილი მშვენიერებისა.

არ დაიჯეროთ! _ გულს ხომ არ სჯერა, _
ის თვითმფრინავი აგერ მოფრინავს,
მოულოდნელი ხანძრის გაჩენა
კინოსურათის კადრი ყოფილა…

ნატო ვაჩნაძის (1904-1953) მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნილია ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გურჯაანის სოფელ გურჯაანში (გაიხსნა 1981 წ.). მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები; აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.

თენგიზ ვერულავა


Responses

  1. აუ ძალიან მჭირდება ნატო ვაჩნაძის ცხოვრებისეულ მომენტებზე რაც შეიძლება საინტერესო ინფორმაციებიიიი…..თუ იცით დამიწერეეთ რაა,ან მომწერეთ MAIL-ზე chachibaia.mariam@mail.ru
    წინასწარ მადლობაა
    @>—


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: