Posted by: burusi | 01/05/2009

გიორგი ლეონიძე – “მარიტა”

ლიკა ქავჟარაძე

ვის არ უყვარს მზე?
მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.
პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!
როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!
მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.
არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!
მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.
ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! – ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!
ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, – მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!
მარიტა!
მარიტა – თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!
ქალი კი არა, – მთვარის გამოახლება იყო!
მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.
– შენ „მზევარ“ უნდა გერქვას, „მზევინარა“, ბევრს უთქვამს მარიტასათვის.
მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.
– ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.
– რამ წარმოქმნაო? – ჰკვირობდნენ.
მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.
ახლაც ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი – მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე; ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.
მართლაც , პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!
გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე – მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე!
მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება!
მარიტას სულის მშვენიერება აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა !

ლიკა ქავჟარაძე

თვითონვე გრძობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს, თავისი ზნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა…იცოდა რომ უხვად იყო დასაჩუქრებული! იცოდა, აფასებდა, უფთხილდებოდა!
რამდენ ვაჟს უნატრია: ნეტამც შვილად გავჩენოდი შენს დედამთილსო!
-ახ, ვინ ბედნიერი გაისაკუთრებს?ვინ იქნება მისი მისი მკუთვნელიო?
– გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?
– განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?
ჩემი სახლის გასწვრივ მოჩანდა ჩაჩიკას ქოხი, ვეება ლეღვის ხეს გამობმული! ამ ქოხი შვილი იყო მარიტა! _ჩვენი ნათლული და ჩემი მეგობარი; დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაზრდილი.
მაშინ ის პატარა გოგო იყო, მეც მისი ტოლი ბიჭი ვიყავი!
ენკენისთვის მიწურულები იყო, როცა ყურძნები დაკრეფილია, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი ახლად არის წახურული, ეზოებში კი მოდებულია ბრელო ახლადმოჭრილი სიმინდისა. ამ დროს მოყვითლული დღეები კელაპტარივით იწვიან. ჰაერი გამჭირვალეა, ცა ლურჯად ჩამდნარი, უციაგესი…
უჩუმრად იდგნენ ცივ_გომბორის მთები, ჩემი მშობელი მთები. ქვევით იორი ლაპლაპებდა ომში ამოღებული ხმალივით. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო – ბიჭები ჰაერში გაბმულ “ირმის დორბლებს“ ვიჭერდით, დავკუნტრუშობდით, ვღეროდით.
უეცრივ, ჩვენს ეზოში შემოვიდა შუახნის, შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა – მარიტა.
ყვითელი აბრეშუმივით თმა-კულული… ლურჯი თვალები….ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა… მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და… მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!
ახლად დაქვრივებული ჩაჩიკა ჩვენსას სტუმრად მოსულიყო თავისი დაობლებული პატარა გოგოთი. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა-დიდედა ლელაური!
დედაჩემს ძალზე გაეხარდა ნათლულის ნახვა. კარგადაც დახვდა. მთელი დღე ჩვენთან დაიმყოფეს მარიტაანთ. მეორე დღეს, ჩაჩიკა სიდედრის ქოხში ჩასახლდა.
იმ დღიდანვე მუშაობას შეუდგა შრომამოუწყენელი ჩაჩიკა თავისი სიდედრის, მამულში, თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ დადგა, ცოლის სიყვარულით მის სოფელს შემოეხიზნა.
მშვენიერი ვენახიც გააშენა! სულ ერთთავად შიგ მუშაობდა! მეზობლები დიდ პატივსა სცემდნენ შრომისათვის:
-სირცხვილია, ჩაჩიკას ღვინო საქეიფოდ დაილიოს, წამლად უნდა მიიღო და წვეთეულად იხმაროო!
ღარიბი იყო ჩაჩიკას ოჯახი, თუმცა ჩაჩიკას გარდა დიდედა ლელაურიც მხნეობდა.
წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა ახლა სხვას ასწავლიდა ანაბანას დიდის გულმოდგინებით. რომ წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა! გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ჰქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით!
მეც იმ დროებში დავიწყე ლექსების წერა. ორივემ ვიგრძენით, რომ ხელოვანნი ვიყავით და ალბათ ამიტომ სულის თვისტომები გავხდით… შეიძლება ესეც იყო ცჩვენი ასე დამეგობრებისა; მაგრამ, მაშინ რომ ჩემთვის გეკითხათ, გეტყოდით, რომ მიზეზი,- მარიტას უნაზესი ხმა იყო და კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე.
რატომღაც ზედმეტად სჯეროდა ჩემი პოეტობისა:
-მომეცი შენი ლექსი, ამ ფარდაგზე ამოვქსელო! – მეხვეწებოდა, – აქეთ-იქიდან კი, ვარდებს ამოუქარგამო.
მაგრამ სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა?
ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას,რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!
ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა:
– ჩქარა “საქართველოს ჰიმნისათვის“ ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო!
ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასათვის სჯეროდა ჩემი ნიჭისა!
ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა.
ეს იყო 1916 წელს,რევოლუციის წინა წელიწადს!
საოცარია, როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!
საოცარი მშრომელი იყო ჭირდებული დიდედა ლელაური, მარიტაც მას მიემგვანა, მასაც სწყუროდა ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი!
მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით და ფანცი_ფუნცებით მორთული წინსაფარი ჰქონდა აკრული__მარწყვის ყვავილით მოჩითული.
საშინლად მეცოდებოდნენ “მეთავთავე ქალები“თუ ბალღები. მკათათვის სასტიკ სიცხეში ტვინი უნდა აედუღებინათ ცხარე მზის გულზე! წაღუნულებს, სისხლდაწკრეტილებს, ნამგლისაგან გაბნეული, დანარჩენი თავთავი უნდა მოეკრიფათ. წინსაფრით შინ ეზიდებოდნენ.
ეს მათი წლიური სარჩო იყო, ხოლო თუ ქალს ქმარიცა ჰყავდა, ეს მონაკრეფი თავთავი მაინც მისი პირადი ქონება იყო, ქმარი ვერ შეეხებოდა, ამას მიუმატებდნენ კალოს გალეწილ ჯელჯს და ბოლოს საკუთრად ლეწავდნენ. ამ პაპანაქებაში, სიცხეში, საშინელი ჯაფით შეგროვილი გროშებით ქალს შეეძლო მეწვრილმანისაგან ქმრის დაუკითხავად ეყიდა თავიჩითი საკაბე თუ ბამბაზია, საკუთრივ ან თავის შეუმოსავ ბავშვებისათვის.
მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავს. მე ვერ ვიტანდი მარიტას სიცხიგულზე შრომას და ვეშველებოდი. ბევრჯერ დედაჩემი გამჯავრებია, მზე არ ჩაგვარდესო, მაგრამ თავთავებზე წახრილ მარიტას არ წავხმარებოდი, არ შემეძლო.
-წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო! – წყნარად მეტყოდა მარიტა და მისი უნაზესი ხმა უფრო მაბამდა იმ ადგილს, სადაც მარიტა ჰკრეფდა თავთავებს, ვიდრე მზის შუქი ჩაიკრიფებოდა.
იწვოდა დუბიანი, მზისაგან დამწვარი წითლობი; შორს ჰმშვენოდნენ გრილი ბაღნარები; მაგრამ საგრილობელი, ჯავრიანი ხეები მარიტასთვის არ შრიალებდნენ.
საღამოთი, სახემტკბარი მარიტა გამობრწყინდებოდა თავის დერეფანში, სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. პირმოოქროვილი დეიდა ლელაური წადიერებით ეალერსებოდა საყვარელ შვილიშვილს.
-ჩემო სპეტაკო შროშანავ, ჩემო ბამბიქულავ! რად გინდა მზითევი? შენი მზითევი-შენი აბრეშუმივით გადავარცხნილი თმებია!-ეტყოდა დიდედა.
-შენი მზითევი- შენი იისფერი თვალებია!
-მთვარისპირავ, შენი გულ-მკერდის ნათელი -შენი მზითევია!-და ეგრე უნდა ჩაჰყოლოდა ანაგებად, თავიდან ფეხის ფრჩხითებამდე დიდის ალერსით დამტკბარი ლელაური.
კრძალული მარიტაც ჩუმად ნებივრობდა.
-შენთვის გაქარწყლდეს დიდედაშენი, ჩემო ობოლო, მარგალიტზე უთეთრესო!-განაგრძობდა დიდედა და თან ნაწნავს უწნავდა. წამოწოლილი მარიტა შველივით განაბულიყო.
-ვარდის ჩიტო, პატარა მტრედო გვიძინა! – არა ცხრებოდა დიდედა ლელაური.
მზის ცისკარო!
ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე “არიფანა “ იყო-საძმო სუფრა,- ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურ-მარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად, ვარდობისთვეში, ვმართავდით უბნის ბავშვები.
შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას, თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს, სუფრა კი ვარდ-ყვავილებით, ზიზილებით გვქონდა აყვავებული.
ვმღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით.
კარგად მახსოვს, უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ, დიდი სამასწლოვანი კაკლის ჩრდილის ქვეშ.
მე, ძველი არიფანების მონაწილეს, მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ ჩვენი ბავშვებისათვის არიფანას, – ამ მშვენიერ ძველქართულ ჩვეულებას,-ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ?
უკანასკნელ არიფანაზე განსაკუთრებით დამახსოვდა მარიტა, არიფანას დიასახლისი! უკანასკნელის, ვამბობ, რადგან მაშინ უკვე საარიფანო ჰასაკს გადავაღწიეთ, მოზარდობაში გადავდგით ფეხი, ერთი ჩვენი ტოლი გოგო იმ წელს კიდევაც გაათხოვეს.
და აი, უკვე სხვა თვალით მეჩვენა მარიტა, – გარდასხვავებული! შედედებული, მკერდამოვსებული ქალწული იდგა თეთრმოვარდისფერო კაბაში!
არიფანას სუფრაზე მარიტა ტკბილი მზრუნველობით დიასახლისობდა, რიგს გვაძლევდა, დაგვზრუნავდა, გვეალერსებოდა. ოდნავი სევდა უკრთოდა თვალებში, ალბათ იმიტომ,რომ ჩვენსავით ისიც სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას, უკვე მოზარდობის ჰასაკში გადასული.
ისიც შევნიშნე, რომ ჩვენი მეზობელი, ჭაბუკი მეძროხე გედია ნათელიძე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, სუფრის თადარიგში ეხმარებოდა; თან მოკრძალებითა და ღიმილით მისჩერებოდა; თითქოს რაღაცას ემუდარება, შესთხოვსო, ხან თითქოს კიდევაც ებუზღუნებოდა. ერთი სიტყვით, ისე მეჩვენა, რომ გედია ვერავის ამჩნევდა მარიტას გარდა. ის მშვენიერი ყვავილთა გვირგვინი, დიდის ეშხით რომ დაწნა გედიამ, სწორედ მარიტას დაადგა თავზე, ლეკურიც მასთან იცეკვა!
მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა-უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულაო, და მის მშვენიერ, კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს თავისი ფრთა გაეკრა…
შესემჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული! მაგრამ მარიტასთვის ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!
მალე ხმა დაირხა მარიტა და გედია შეყვარებულები არიანო! გედია აღარ მალავდა. ერთხელ ჩემთანაც წაიღიღინა, ტყეში რომ ვიყავით შინდზე:
„ მენატრები,მარიტავ,
სული ამდის ყელშია!“
გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, მოუსვენრობდა, საქმეს თავს ვერ უდებდა, სიყვარული შეჰსეოდამის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.
„წყეულო სიყვარულო,
ვაი, ჩაგავლებ ხელსა,
სულ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ,
მერე შეგიკეთებ ცეცხლსა!“
ბევრი სხვაც იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდა დაკრული. თვალმცეცხლი ბიჭები ეტმასმებოდნენ მარიტას, არა ერთი ჭაბუკი მწყემსი, მევენახე, მეხრე თუ მეძროხე.
მარიტას ბრალი იყო, ზოგს რომ ძროხები ეკარგებოდა, ზოგი სამუშაოზე ვეღარ მიდიოდა, ზოგი ღამეს თეთრად ათენებდა, ზოგი დღისითაც გმინავდა.
-გაძნელდა უშენობა!
შორიდან შესჩიოდნენ მარიტას აჩრდილს. მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი გედია იყო.
მახსოვს, სიონობა ჩვენს სოფელში, დღეობა და ღრეობა. მოზარდობა ფოლორცზე ორ ჯგუფად გავიყავით. ერთი ცალ მხარეს იდგა, მეორე – მის პირდაპირ. ხელი ხელთ გვქონდა დავლებული. ჩვენ რომ სიმღერით ვიტყოდით, თან სკუპით წინ მივიწევდით, მეორე ჯგუფი შეგვეპასუხებოდა სიმღერით და სკუპითვე უკან დაიწევდა. ჩვენს ჯგუფში მარიტა იდგა, მეორეში__გედია. გედიას ჯგუფმა ძველებურად მოგვიმღერა:
– ა, ნიშანი, მოგვეც, ქალო, თამროს გარდამაო!
ჩვენ ვუპასუხეთ: არ მოგცემთ და არ ვიკადრებთ, თამარ კარგა ვყაო!
გედიას ჯგუფი: – მეძროხის ცოლად მინდოდა, თამროს გარდამაო!
ჩვენ: – მეძროხე მოჩანჩალეა, თამარ კარგა! ვყაო
გედიას ალმურმა აჰკრა, გედიას ჰკენწლავდნენ.
არა ცხრებოდა სიმღერა:
გედიას ჯგუფი: – მომე თოფი, მოვიტაცებ!
მარიტას ჯგუფი: ვერც მოხვალ და ვერც ხელს ახლებ!
გედიას ჯგუფი: – ნიშანი მოგვიტანია.
მარიტას ჯგუფი: – არ გვინდა შენი ნიშანი!
გედიას ჯგუფი:-ასი თუმნის ფარჩა! არი
მარიტას ჯგუფი:-არც შაურის ძონძებია! სანეხვეზე ნაგდებია!
გედიას ჯგუფი: მოველი და მოგიტაცე!
მისცვივდნენ მარიტას და გაიტაცეს თავის მხარეზე. მაგრამ მოწინააღმდეგ ჯგუფმა ისევ უკან გამოიტაცა.
ამნაირად, არ ემეტებოდათ მარიტა მეძროხე გედიასთვის.
შემდეგ ორივე ჯგუფი შეერთდა, გაჩაღდა ტაშ- გოგონა. თავდავიწყებული გედია უვლიდა, ცეკვავდა და თან ლექსს შესძახებდა რაღაც ჟინით:
ლე, ლე, ლეკურ – კაბა!
გოგოებმა შეუკიდეს.
დედამ კაბა შემიკერა, დარაია, შრიალაო!
აბა, ბიჭო, შემოხედე, როგორ მადგა ტანშიაო!
ბიჭებმა შეუძახეს:
ღმერთმა შენცა შეგარცხვინა,
შენი კაბის არშიაო!
გედიამ მარიტა გაიწვია საცეკვავოდ, მარიტამ თვალი მიანათა და… შეცურდა წრეში, ცეკვავდა მარიტა და ყველანი მას მივჩერებოდით… როგორ უხდებოდა ქალწულს თვალთა ნარნარება! თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო! ყველამ სული განაბა და როცა მარიტას ბოლო წრე უნდა შემოევლო, სწორედ ამ დროს, თვალი შეჰკრა საყდრიდან გამოსულმა ბებერდედა ლელაურმა, ხელი ჩაჰკიდა და წრიდან გაიყვანა.
მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშვესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.
– რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი? – ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას.
მარიტას პირველად დაეწვა გული…

ლიკა ქავჟარაძე

მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე გედიას, – სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში ადამიანს და თავშისაცემი? გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო?
-ეგრე არ უნდა, შენ , ბიჭო, ნიადაგ ქალთან სწორება. ხან ხვევნა უნდა, ხან კოცნა, ხანდახან მკლავზე გორვება, ხანდახან კარზე გახვიდე, უკან არ დაგრჩეს ცხოვრება!
განა ცხოვრებისაღა რამ ესმოდა გედიას? ერთს საღამოს მენიშნა გედიას დედის, ხათუთას, სიტყვები, შვილს რომ მუდარის მიჰმართავდა დერეფანში, როცა ძროხის მოწველის მერე ფეხი წამოჰკრა ქვას, საწველელი წაექცა და რძე დაეღვარა:
-დავბერდი , შვილო, შრომა აღარ შემიძლია, თვალთ აღარ მიჭრის, ნისლი რომ მეხვევა, სუდარა მგონია! ცოლი მოიყვანე, ცეცხლის ამნთები მინდა! მარიტა მოიყვანე, სანთლით ნარჩევი ქალია!
რა იცოდა ხათუთამ, რომ მის შვილს უკვე შმაგურად შეჰყვარებოდა მარიტა!

ლიკა ქავჟარაძე

მოეყვანა კი არა, წამსვე ხელს დასტაცებდა, ციმციმ გამოიტაცებდა, თავსაც შეაკლავდა. ლელაურისა ეშინოდა, თორემ მარიტას თანხმობა კიდეც ჰქონდა მიცემული!
ავარდა სიყვარულის ალი! ავარდა და აგიზგიზდა!
მარიტასაც და გედიასაც ახლა შეეძლოთ “ვისრამიანის“ ენით ეთქვათ ერთმანეთისთვის : “ჩემგან კიდე საშენო სხვა აღარავინ იპოების და შენგან კიდე საჩემო! მე მაისი ვარ შენ__ გაზაფხული!“ან ერთად ემღერათ:
,,გინდ მოვიდნენ ცხრანი მზენი ,
მე უშენოდ ვერ დამთბება!¨
მარიტას “მისაფუძვლამდე“ შეერყია გედიას გული! მარიტა და გედია ერთმანეთის საფერისები იყვნენ, მაგრამ მათი ბედი გადაწყვიტა დიდედა ლელაურმა:
გედია? ცუდი ბიჭი როდია, მაგრამ უარსებოა, ღარიბი! ჩემს ერთადერთ შვილიშვილს ვერ დავაჩაგვრინებ, ისიც გვეყოფა, რაც გვწეწა სიღარიბემ! -და თითისტარს ჩახვეულ ფარტენაზე ცრემლი დააგდო.
მაშინ მწყემსი შეთე დაუბეჯითეს და კიდეც მოიწონა.
– შეთე? – ცხვრის პატრონი, სიმდიდრით დამტკბარი! მისი ცხვრის ფარები თურმე თრიალეთის მთებს ღრუბელივით აშავებს და წვიმასავით იწველება!
– შეთეს ბეღლებში კიბით უნდა ჩაიხედო! სავსე აქვს ქვევრი, ჭურჭელი, გოდორი!
ჩემი მარიტაც გაიხარებს; სიღარიბის პატარძლობა არ უწერია, სულ ვარდი უნდა აყაროს ცხოვრებამ; მზით უნდა იყოს გადანამქრული! ამის ღირსია! -წარმოთქვა უმერყეო ბერდედამ.
ამ სიტყვებს წინ ვერა დაუდგა-რა …
თუმცა კი ჩაჩიკამ გაიკმარა საოჯახო თათბირზე:
-რათ უნდა უსიყვარულო სიყვარული? კალთაში ჩაეშლებაო! ოქროთი ვერ მოიგებ ბედნიერებას! – მაგრამ ვერც სიღარიბის დასასუსხად გაიმეტა და თანაც სიდედრის მკაცრმა კილომ გააჩერა:
-ჩემი შვილის უბედურებაც მეყო და ისიც, აქამდის რაც ვიწვნიეთო!
აგრე შერთეს მარიტას უნდომი, უნდო, უყვარული ქმარი შეთე__მლაშე ,ზვიადი , ყომრალი კაცი, მგლისფერი!
პირანთებული მარიტა მიემკვდარა, რა შეიტყო თავისი ბედი, მაგრამ რას იქმოდა? ბევრჯერაც თვალებს დახუჭავდა, წარმოიდგენდა თავის გედიას! დიდი იმედები გამტვერდა!
ვარსკვლავმა გვირგვინი ჩამოიყარა… ლალის საყურე გაშავდა…
ქორწილი რომ გათავდა, მარიტასა და შეთეს საქორწილო გვირგვინები ხმლითა და ხანჯლით აჰხადეს, ვითომც უომრად, უბრძოლველად, უხმლოდ და უხანჯლოდ ამათ ვერავინ გაჰყრისო. მარიტასათვის ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო…
შეთე, ნამშრალი, გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი, დახარბებული იყო ცხოვრებას. დღეში ათჯერ დასთვლიდა თავის ცხვარს და კიდევ არ ეკმავებოდა.
არ უყვარდა ღარიბი თანამოძმენი: გაბოტილი იდგა დაჰკილავდა.
ერთხელ ასეთი სიტყვა გათალა:
-თანატოლები რათ უნდა ვიყვნეთ ქონებულიუ და უქონელი-თან შავი ალმური ასდიოდა სახეზე.
მარიტას გულზე მჩხვლეტავი ნემსებივით ეჭიდებოდა მგლის ნაკბილარივით შეთეს სიტყვები.
გედია? გარეგნულად არ შემკრთალა, წარბიც არ შეიდრიკა სიამაყით, მას ეგონა,თუ ქალმა გასწირა!ჯერ სულაც გაჰქრა სოფლიდან, მერე ორჯერ სამჯერ ‘აიარა შეთეს ახალი სახლის წინ დათოვლილი ნაბდით, მარიტასკენ არც კი გაუხედნია!
დრო გადიოდა. ესე ამბავი ყველას დაავიწყდა, გედიას და მარიტას კი – არა!
ოი, სასწაულო, არ ვიცი, ვისი რჩევით, შეთემ გედია ნათლიად მიიყვანა, როცა ბიჭი ეყოლა. ბოროტი ენები მარიტას აბრალებდნენ.
გედია ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნათელ-მირონი, ეტყობოდა შეთემ არა იცოდა-რა, ან რა უნდა სცოდნოდა?!
გედი და მაროტა ცალ-ცალკე, უჩუმრებად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ .
… და ერთხელ, როცა შეთე თრიალეთზე იყო, ხოლო მისი დედა გულიზარი ამიერ ქვეყნიდან გასულიყო, გედია ჩავიდა მათს ოჯახში სამძიმრის სათქმელად.
მარიტასთვის სამძიმარი უნდა ეთქვა ნათლიას, მაგრამ ნამდვილად კი, მარიტას ღიმილი სწყუროდა! სულ ერთი სიტყვაც რომ გაეგონა მისგან, მთელ წელიწადს იკმარებდა ბედნიერებისათვის!
მარიტა შემთხვევით მარტოდმარტო დახვედროდა ოჯახში.
-გაუმარჯოს იმ ორ წვეთ თაფლს, რომელიც დღეს ერთ სიტკბოდ შეერთდება!– კისკისებდა სიო.
ლოყაწითელი მაისის იასამნის მიბნედილი სურნელი მხიარულობდა…
ასე შეხვდნენ ერთმანეთს—ახალი ტარიელი და ნესტან-დარეჯანი…

ლიკა ქავჟარაძე

მეზობლის შინაბერა ბალბალუკას,–„ნემსისპირას“, კივკივით მოსიარულეს, არ გამორჩა გედიას სტუმრობა. კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე.
სოფლის ენაკეციამ ნაზი, ქლარცი და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა. და ამ ნაზ სიტყვათა გადაცემა-გადმოცემაში, თავისი ვითომდა კლდამამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.
ბალბალუკას ნაენავი, ჭორშესხმელი, ამბავი მივიდა სოფლის მეუფროსემდის.
– განა სოფელი ბრმა არი, განა განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება? — რისხვით ამბობდა ციციკორე.
– არა, ღობესაც თვალი აქვს, კედელსაც, ჯამ-ჭურჭელსაც!
– ქალი ეშმაკის თვალია!– წარმოსთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.
ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა. ტვინი გაუფიცხდა.
– მირონი დააქციეს, ტალახში შარიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!
– ვაი, თემო და სოფელო!– ბობოქრობდა ციციკორე.
– დამიძახეთ ელიას, ზაზას, გორიას, სოლომონს,ყანდუას,ზაქარას!- განკარგულებას იძლეოდა.
შუაღამისას სოფლის თნამოავკაცების ფარული თათბირი გაიმართა ციციკორეს საბძელში . დიდი სჯა-კამათი იყო. ციციკორემ გულის ბოღმა-ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა . ზოგი კი წინაღუდგა , მაგრამ გავლენიანმა სოფლის მეუფროსემ მაინც თავისი გაიტანა , და ვინც კი თავდაპირველად გაიკმარა , ბოლოს იმანაც კი ციციკორეს მხარი მოაბა მკაცრ გადაწყვეტილებაში!..
… ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა, ნაწვიმარი, ნაცივარი, წუხანდელი წვიმის ღრუბლების ნაფლეთებიკიდევ დახეტიალობდნენ ჩვენი სოფლის ცაზე, თითქოს ცაც იყო შეციებული, შეტალახებული, გამურული, ჰაერიც უგემური, წუხანდელ ნაწვიმარზე. წვიმით მტვერგარეცხილი ძეძვის ორღობე უფრო ჩაშავებულიყო, ჩუმი წვიმის წვეთები ცრემლივით ცვიოდა.
დილაადრიან, უეცრად რაღაც ყრუ გუგუნმა თუ ზრზენამ გამომაღვიძა…
ლოგინში ვნებივრობდი და ნათბილარს წამოდგომა მეზარებოდა… გუგუნი იზრდებოდა, ჩვენს სახლს უახლოვდებოდა…
მაშინღა ვეცი ფანჯარას.
ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.
სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული, გაძალიანებული…
აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად…
პერანგა ქალი უკუღმა შეესვათ ვირზე…

ლიკა ქავჟარაძე

ახლაც მაგონდება იმ ქალის კუნთების თრთოლა. ეტყობოდა, სციოდა და სტკიოდა, სცხელოდა და იგმირებოდა. ალბათ, ენატრებოდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი არსად ჩანდა და მისი ტანჯვა კი ძნელი იყო, ვითარცა სიკვდილი!
იმწამს იგი ათთჯერ მოკვდა და ისევ ათჯერ ძალით აცოცხლებდნენ!..
… მოჰყავდათ სოფლის წამებული, თითქოს დედოფალი მოჰყავთო, და მთელი მისი ამალა გამხდარიყო.
თრთოდნენ ქალის ანგელოზური მხრები და ბრბო კი ტალახსა და საქონლის ფუნას ესროდა თეთრ პერანგზე, რომელსაც თანდათან თავისი ფერი ეკარგებოდა.
არც ერთი ხმა…
არც ერთი შეძახილი… ეს იყო გასაკვირველი…
მაგრამ სიჩუმე საზარლდ ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს.

სესილია თაყაიშვილი

წამებული ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო და უცბად, როცა მოსახვევში შეუხვია პროცესიამ, მაშინ ვიცანი ის ქალი!
ჩვენი მარიტა! მინაცრებული, გამტკნარებული. მარიტა ყოფილიყო! მაისის გამონაყოფი მარიტა!
დედაჩემი სულ კანკალებდა, თვალებზე ცრემლი ჩამოსდიოდა. გაოგნებულს თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა! ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!
იმ საშინელი დღის შემდეგ გაუკაცრავებული, დამცრობილი მარიტა აღარავის სჩვენებია!
მარიტა მოკვდა სოფლისთვის!
თითქოს სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა…
ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას. ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდაეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც კი წარმოთქვამდა…
ჩუმად იყვნენ მარიტას ნამეგობრალებიც… ყველა მიხვდა თავის შეცდომასა და ბოროტებას, ყველამ გაითვალისწინა საკუთარი დანაშაული…
გულგაგმირული გედია გადაიხვეწა ყაზახში, თათრებში, და იქვე მოეღო ბოლო უსაშველო დარდით, თავზე ხელაღებული ვიღაცას შემოჰკვდომია.
სოფელმა იგრძნო თავის ნამხეცარი, ნაპირუტყვალი! აწყენინა თავის საუკეთესო შვილს, უმანკოს და უნაკლულოდ პატიოსან ადამიანს!
მარიტა ზეზეურად დადნა და სულო მალე უთმქელი სევდით გადავიდა თეთერის ქვეყანაში!
გაიგო რა მისი ცოდვის მზიდველმა სოფელმა მარიტას სიკვდილი, საშინლად იტკივილა! მთელი სოფელი მოჯარდა მარიტას ეზოში.
მარიტას უხრწნელი სილამაზე __მთვარის საშუბლე, პიტალო ვეწრცხლური სახე, დამარმარებული ყელი, __ სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა!
სოფელმა ზღვიერის ცრებლით დაიტირა თავისი მზეჯავარა. კუ7ბოსთან ყველა წყაროსავით იღვრებოდა.
მხოლოდ გულჯავრიანი ციციკორე ამაყი და გაძაგრული იდგა. ჩაღრუბლული, მძიმე ფიქრებში შესული, განა შემნანე, ხან ყავარჯენს დაებჯინებოდა, თითქოს სასტიკი მზერით ამოწმებდა, მართლა მოკვდა თუ არაო? საოცარი იყო, ციციკორე მარიტას სიცოცხლის ხელყოფელი, სოფლის ამტირებელი, სულაც არ იტანჯებოდა, მას მართალი ეგონა თავი! მან ხომ სოფლის ძველთაძველი ზნეობა დაიცვა, სირცხვილი არავის შეარჩინა! მხოლოდ ნორჩი, „გაუხარელი“ ქალი ენანებოდა, როგორც ადამიანს და თვითვე: უკვირდა თავისი ძალა და გავლენა:
__სად დავკარი და სად გავარდაო!
„გამაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნაღველითა“ ვხოვრებამ… ბედმა…__შეეძლო გაემეორებინა მარიტას.
გლოვის კვამლით სოფელი გაშავდა..
სოფელს თავისი თამარ დედოფალი მოუკვდა… ხეებიც კი სტიროდნენ…
სამარის პირად, როცა დადგა უკანასკნელი წუთები გამოთხოვებისა და მიწის მიყრისა, იმ წამს, კუბოსთან მიჯრილმა მარიტას შეურაცხმყოფელმა ხალხმა, ახლა შეშინებულმა, უეცრივ უკან დაიხია, თითქოს ამაზე სხვა რამ უფრო საზარი დაინახა, კინაღამ ერთმანეთი გადათელეს და გათქერეს… რადგან ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ ღვთიურ სილამაზეს. ვერავინ… ვერავინ…
თვით უშიშარმა დოლენჯიმ ბიჯიც ვერ წადგა, რომ მისაყრელი მიწა პეშვით აეღო გასაყრელად.
იდგა ხალხი ფა გულამომჯდარი ქვითინებდა.
ბოლოს, ისეევ ციციკორემ გამოიყვანა ხალხი ბურანიდან.
ისიც ფეხის ბორძიკით მივიდა კუბოსთან, დაიღუნა, აიღო ერთი მუჭა მიწა და კუბოს მიაყარა…
უცბად ასწვდა ნიჩაბს და წავიდა მიწა ხრიალ-ხრიალით.
ეშველა ხალხს. გულს ეფონა… თორემ ცრემლი დაახრჩობდა!
კლდეთა ამონაყარ მიწაში ჩასვენდა მარიტა.
მიწას არ შერცხვა, მაგრამ ბალახი მიწაში ჩაძვრა სირცხვილით.
უცბათ მზე გაჩაღდა, აბრიალდა, თითქოს მისი ნაწილი მარიტა მასვე შეუერთდაო.
მარიტას სიკვდილმა, როგორც ხალხა იტყოდა, -მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა…
ხალხური ლექსი იტყოდა:მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!
იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, -მარიტა მოდისო!
საიქიოში ოქროს სკამიმიართვესო,დაღლილსაო.
ღვთისმშობელს ეთქვა თურმე:ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!
იეაო ქრისტემ კი ხელმანდილი მამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მადრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლას გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…
მთელი წელიწადი უწვიმარი იყო… ყანები ჩაიწვა. ვენახები გადახმა. ყანწი ვერავინ გაასველა!
დაშრა ჭური და საწნახელი!
ამ უბედურებას მარიტას უსამართლო სიკვდილს აბრალებდნენ, რომ სოფელმა უბრალოდ გასწირა მარიტა!
მახსოვს; დიდხანს იყო ამაზე მითქმა -მოთქმა, საუბარი. მერე ვიღას გვეცალა?!
მარიტა უკვე წაფერფლა ცივმა დრომ და გრილმა მიწამ!
ვიღას ახსოვს?
მხოლოდ შემსწრენი და მახსოვარნი დაუჯერებელ ზღაპარ-ამბავით გავიხსენებთ ხოლმე მარიტას სახისა და გულის სილამაზეს, ისიც ჩვენს შორის!…

. . . . . . . . .
ამ გაზაფხულის პირზე ვინახულე ჩემი სოფელი და მარიტას ნაეზოვარიც.
ირგვლივ ყოველივე დამუნჯებულოყო. ნამოსახლარზე მარიტას სახლისნაკედლარებიც კი აღარ ჩანდა.
იქ, სადაც მარიტას მამისეული სახლი იდგა, ახლა ქერის ბურდო ეყარა და გათმებისაგან გარს მტვერი და ბუნგალი ირეოდა.
ყოველივე წალეკილი იყო „ზვირთთაგან მღელვარისა ამის მიუნდობლის საწუთროსათა“.
აღარც ერთი ხე აღარ გადარჩენილიყო მარიტას ეზოში.
მხოლოდ ძველი კერის ადგილზე თავისით ბროწეული ამოვარვარებულიყო.
ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!
ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?
ვინ იცის?!

ნატვრის ხე


Responses

  1. madloba :)

  2. brbos shedareba

  3. dzalian kargi nawarmoebia

  4. Magaria dzaan ,, !! )) MiiKvars dzaaLiian es nawarmoebiic Daa FiiNaaLii aariis DzaaN maGaaRii.. ;X ;O !! )))

  5. Ooo…. ;| AameetiiRaa BooLoos Raa.. eeseeTii PiiNaaLii Raa iikoo… ; COodoo iiKoo.. ; | Puu Mee maaSeeTii KooomuuNiistuuRii MxeedveeLooBiis…! ; ||

  6. mokle shinaarsi dadevit

  7. როგორ მიყვარს “მარიტა” ^_^

  8. egeti lamazi iyoo ? erti manaxa ra

  9. magaria raa

  10. marita<3

  11. ძაან ლამაზი გოგოაა..გენაცვალეე<3:*:*:*

  12. mokles shinaarsi minda dzesve dzalian gtxovt


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: