Posted by: burusi | 30/04/2009

დავით ჩახვაშვილი – “გრაალის მცველნი”

სერ პერსივალი წმინდა გრაალით ხელში. ა.ჰეკერის ნახატისერ პერსივალი წმინდა გრაალით ხელში. ა.ჰეკერის ნახატი

XX საუკუნეს მრავალი წინააღმდეგობა ახასიათებს: ტოტალიტრული რეჟიმები, და ეგრეთ წოდებული დასავლური სამყაროს დემოკრატია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დედამიწის ყველა კუთხის გაერთიანება და თითოეულ კუთხეში საომარი ვითარების ე. წ. ყოვლის მომცველი ცოდნის მოპოვება და ზედაპირული ცოდნის გავრცელებით უმეცრების ახალი ფორმის შექმნა, ყველა ერის კულტურის და ხელოვნების გაცნობა და, ეროვნული კულტურის ნაცვლად, განყენებული, უნიფიცირებული კულტურის ჩამოყალიბება, სახარების გავრცელება მთელ მსოფლიოში და რწმენის შემცირება.
ქრისტიანობამ რამდენიმე ზნეობრივი ხასიათის პოსტულატით შემოფარგლული სწავლების სახე მიიღო. ტრადიციისადმი ერთგულებას, ისტორიას, სიწმინდეებს, დღეს ბევრი ჩამორჩენილობასთან აიგივებს, არადა არაფერია ჭეშმარიტებაზე ძველი და, იმავდროულად, ჭეშმარიტებაზე მეტად თანამედროვე დააქტუალური.

თეთრი ბაირაღები ანუ…

მსოფლიოში არა ერთი ძველი თუ ახალი ერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი სამშობლო ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებულად მადლმოსილი ქვეყანაა. ამ უკანასკნელთა თვალსაზრისით, მშობლიური მიწის ყოველი გოჯი და ყოველი ქვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მარტო ამ ერის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაში. რა თქმა უნდა, სურვილი, ამაყობდე საკუთარი ერის წარსულით და აწმყოთი, დასაფასებელია, მაგრამ ეს სურვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეყრდნობოდეს სიყალბესა და ფარისევლობას.
დედამიწაზე რამდენიმე სახელმწიფოა, რომელთა მკვიდრნი მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის ერების კოჰორტაში შედიან. ეს მათ არ დაუმსახურებიათ არც დიდი დაპყრობითი ომებით, არც რიცხობრივი სიმრავლით და არც შიდა ეროვნული პროდუქტის მაღალი მაჩვენებელით… რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს მავანთათვის, საქართველო კაცობრიობის ერთ-ერთი მებაირაღეა, “ეს მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ იცის და იცოდა ათასწლეულების განმავლობაში, და თუ ვინმე ამას უგულებელყოფს, ეს ან უმეცრების შედეგია, ან სულიერი უმწეობის.” (აკაკი გელოვანი)
რა თქმა უნდა, ერთია, როცა ადამიანი თვითონ ამბობს, რომ მისი სამშობლო თანამედროვე მსოფლიო ანარქიაში სულიერების და სიწმინდის ოაზისია, სულ სხვაა, როცა ამას სხვა ერის წარმომადგენელი აღნიშნავს. უცხოელები ჩვენს სასარგებლოდ სიტყვას თუ არ იმეტებდნენ, საკუთარი ქმედებით მაინც ამტკიცებდნენ, რომ საქართველო ყოველთვის მათ განსაკუთრებულ სტრატეგიულ და, არა მარტო სტრატეგიულ, ინტერესებში შედიოდა. ამის მიზეზი, ჩვენი აზრით, მხოლოდ არა გეპოლიტიკა და ეკონომიკა როდი გახლდათ…
საზოგადოებაში მრავლად არიან ადამიანები (უფრო სწორედ ჰომოსაპიენსები), სკეპტიციზმი პროფესიად რომ იქციეს და, რომ არანაირი თემა მათთვის ტაბუდადებული არ არის. ამიტომ საუბრები ქართული მიწის ენერგეტიკაზე, ეზოტერიკულ ცოდნასა, თუ იმ სიწმინდეებზე, რომლებიც საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენს, მათთვის მხოლოდ და მხოლოდ სადისკუსიო თემაა და ბანალურ აღმოსავლურ მისტიკას არ სცდება.
ამიტომ რამდენიმე ისტორიული ფაქტით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ქართული მიწის მსოფლიო მნიშვნელობა ქართველების მიერ ნაცარქექიაობის დროს შეთხზული ზღაპარი არ გახლავთ. ევროპის ქვეყნებში ოდითგანვე არებობდა გადმოცემები საქართველოში დაცულ მისტიკურ საგანძურებზე.

“მტარვალთ არ უყვართ მოძღვრება სიბრძნისა გამომჩენელი” (ვაჟა-ფშაველა)

ათასწლეულების წინ, ცივილიზებული ევროპელები, რომლებსაც შემდგომ არგონავტები ეწოდათ, კოლხეთისკენ დაიძრნენ. მათი ლაშქრობის მიზეზი და მიზანი ოქროს საწმისი _ სიმდიდრის, საოცნებო განძის და, მნიშვნელოვანწილად, ეზოტერიკული ცოდნის სიმბოლო _ იყო. არგონავტები ყველაფერზე წავიდნენ, რათა საუნჯე ხელთ ეგდოთ. ეს გახლდათ ალბათ პირველი მცდელობა საქართველოდან განძის ძალით გატანისა.

ოქროს საწმისიოქროს საწმისი

არგონავტების ავანტურიდან დიდი ხნის შემდეგ, შუა საუკუნეებში, ევროპაში გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო, “ოქროს საწმისის ორდენი”, რომლის დევიზი შემდეგნაირად ითქმის _ “რისი ფასიც ურყევია”. ალბათ ასევე ურყევი იყო საქართველოს მნიშვნელობაც მომხვდურთა თვალში.
ევროპის ჩრდილოეთში მცხოვრებ გერმანულ ტომებში არსებობდა გადმოცემა, რომ შიდა ქართლში, სადღაც ცხინვალთან, მდებარეობს ვალჰალა, “ჩრდილოული ოლიმპი” და აქ მოხვედრაზე ოცნებობდა ყველა _ ოდერისპირა ვანდალი თუ სკანდინავიელი ვიკინგი. ხოლო ნაცისტური გერმანიის მისტიკოსებს მიაჩნდათ, რომ თუ ადოლფ ჰიტლერი 1942_43 წლებში შეძლებდა კავკასიის, კერძოდ კი შიდა ქართლის, დაუფლებას, მეორე მსოფლიო ომის ბედი მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
წარმართი გადამთიელებისთვის საქართველო ოცნების მხარე იყო. მაგრამ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ, ახალი ერის დაწყების შემდეგ, ქართულ მიწას უდიდესი მისია დაეკისრებოდა. ცალკე თემაა ევროპული თქმულება მეფე-ხუცეს იოანეზე ანუ დავით აღმაშენებელზე.

“რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი…” (გალობანი სინანულისანი)

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე, ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელების ერთი ნაკადი პალესტინიდან ქართლში გადაიხვეწა და იქ დასახლდა. მირდატ I მეფობის დროს, მცხეთაში ხმა მოვიდა იერუსალიმში მწიგნობრების მიერ იესო ქრისტეს შეპყრობისა და სამართალში გადაცემის შესახებ. მთავარმა ბრალმდებელმა რაბინმა კაიაფამ მოციქულები გამოგზავნა მცხეთელ ებრაელებთან თხოვნით: გამოეგზავნათ “მეცნიერნი სჯულისანი” ქრისტეს გასამართლებაში და სასიკვდილო განაჩენში მონაწილეობის მისაღებად. პალესტინაში გაემგზავრნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. წასვლის წინ ელიოზი დედამ დაარიგა, წასვლით წადი, მაგრამ არამც და არამც ქრისტეს სიკვდილით დასჯაში და სისხლის დანთხევაში წილი არ დაიდოო. როცა ელიოზმა და ლონგინოზმა იერუსალიმში ჩააღწიეს, ქრისტეს სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა. ისინი დაესწრნენ გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო, როცა ჯვარცმულის პირადი ნივთები გაინაწილეს, კვართი წილად ხვდათ მცხეთელებს. წარგზავნილებმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანეს. ელიოზს პირველი მიეჭრა მისი და, კვართი ჩამოართვა, მკერდში ჩაიკრა და სული განუტევა. მიცვალებულს მკერდზე დაკრეფილი ხელებიდან ვერ აართვეს კვართი, ელიოზმა თავისი და ქრისტეს კვართთან ერთად დამარხა. ასეთი ისტორია აქვს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდეს სიწმინდეს.

ღვთისმშობლის კვართიღვთისმშობლის კვართი

როდესაც ქრისტეს მოციქულებმა მაშინდელი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში დაიწყეს ქადაგება, მარიამ ღვთისშობელს წილად ხვდა საქართველო. ამიტომ უწოდებენ ჩვენ ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვედრს. საქართველოში ჩამოსულმა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა და სამონ კანანელმა ჩამოიტანეს ღვთიშობლის ხელთუქმნელი ხატი – აგრეთვე, ლუკა მახარობლის მიერ დახატული ღვთიშობლის ხატი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მათ მიერ აწყვერში დაფუძნებულ ეკლესიაში იყო დასვენებული. გარდა ამისა, საქართველოში იმყოფება ღვთიშობლის კვართი. იგი საუკუნეების მანძილზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის კედელში იმყოფებოდა. ყველა ისტორიული წყარო ადასტურებს, რომ XIV საუკუნემდე კვართი კონსტანტინოპოლში იყო. 1453 წელს, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, იგი ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა ჩამოიტანა. წმინდა ნივთი თავიდან ბედიის მონასტერში დაასვენეს, შემდეგ ხობის მონასტერში. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, როგორც ეკლესია-მონასტრებიდან ამოღებული სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი მუზეუმს გადაეცა. ღვთისმშობლის კვართის სასწაულებრივ ძალაზე ბევრი გადმოცემა არსებობს. ორი ათასი წლის მანძილზე მას არაერთხელ დაუცავს მორწმუნეები განსაცდელისგან. რუსი ელჩები ყოველთვის ცდილობდნენ, სიწმინდე როგორმე საქართველოდან გაეტანათ. მაგრამ, ამჯერად არაფერი გამოუვიდათ.

დავით გარეჯელი (VI ს)დავით გარეჯელი (VI ს)

საქართველოშივე იმყოფება მადლის ქვა, რომელიც წმინდა დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ჩამოიტანა. როგორც ცნობილია, ქრისტეს მეთორმეტე მოციქული, სიმონ კანანელი, ქადაგებდა სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში, იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია ახალ ათონში. აფხაზეთშივე, სოფელ კამანში, აღმოაჩინეს რამდენიმეჯერ გაუჩინარებული იოანე ნათლისმცემელის თავის ქალა. ეს სიწმინდე შემდგომ სირიაში, ქალაქ დამასკოში აღმოჩნდა, _ ასვენია მეჩეთში, რადგან მუსულმანები იოანეს დიდ წინასწარმეტყველად თვლიან.

წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I ს.)წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I ს.) საუკუნის დამდეგს, მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ განანათლა საქართველო ქრისტეს სწავლებით. წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი დღემდე საქართველოშია და სიონის ტაძარშია დაცული. ქართლის მეფე მირიანმა რომის იმპერატორს კონსტანტინე დიდს სთხოვა მღვდლების გამოგზავნა. კონსტანტინემ გამოუგზავნა ანტიოქიის ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკონი, ჯვარი და მაცხოვრის ხატი, დედამისის, ელენეს, მიერ იერუსალიმში ნაპოვნი ჯვრის ნაწილი და მაცხოვრის ჯვრის ლურსმანი. ეს სიწმინდეები შუა საუკუნეებში სამცხეში ინახებოდა, მაგრამ თურქთა შემოსევები რომ გახშირდა სიწმინდეები უფრო საიმედო ადგილზე გადაიტანეს.

არჩილ II (1647 ― 1713)არჩილ II (1647 ― 1713)

XVII საუკუნის მიწურულს, იმერეთის სამეფო ტახტის გარშემო ატეხილი ომებით გადაღლილი არჩილ მეფე ოჯახითურთ რუსეთს გაემგზავრა. თან წაიყოლა სიწმინდეები: სამსჭვალნი*, სუდარა და საბელი. 1682 წელს, ასტრახანში ჩასვლისას, მეფემ შეიტყო, რომ რუსეთის მეფე თევდორე გარდაცვლილიყო. სამი წელი დაჰყო არჩილმა ასტრახანში, სადაც 1683 წელს, საახალწლო დღესასწაულზე მეფისა და მისი სახლეულის სადგომს ხანძარი გაუჩნდა _ ხის სახლი მთლიანად დაიწვა. ყველაფერი განადგურდა, გადარჩა მხოლოდ სიწმინდეები. 1685 წლის 14 დეკემბერს არჩილ II და ელენე დედოფალმა ქრისტიანული სიწმინდეები რუსებს მიართვეს. ისინი დღემდე ინახება მოსკოვში სპეციალურად მათთვის გაკეთებულ კიდობანში და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ვნების კვირას გამოაქვთ ხალხისთვის საჩვენებლად.
მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, რწმენისა და საქართველოში იყო შემონახული ქრისტიანული სიწმინდეების შესანარჩუნებლად. ამიტომ იბადება კითხვა, ჰქონდა კი არჩილ მეფეს უფლება, აღნიშნული სიწმინდეები საქართველოდან გაეტანა?! დღეს საქართველოდან სხვა სიწმინდეების გატანაზეც საუბრობენ. მართალია, როგორც ამბობენ, არა სამუდამოდ. არადა რომელ გატანაზეა საუბარი, როდესაც ვატიკანი ცნობილი ტურინის სუდარის უბრალოდ ჩვენების უფლებას ათ წელიწადში ერთხელ იძლევა. უცნაურია, რატომ ვერ (თუ არ) ხვდებიან პატივცემული მწიგნობრები, რომ საუბარია არა ჩვეულებრივ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელოვნების ნიმუშებზე, არამედ ქრისტიანული სიწმინდეებზე. ქართველები ხომ დღემდე რწმენამ მოგვიყვანა, ხოლო რწმენის სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ არა მარტო კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ მთელი ერისთვის. ხატებს და სხვა სიწმინდეებს თავიდანვე რამდენიმე სახის დატვირთვა ჰქონდათ: ინფორმაციული, ფსიქოლუგიური, მისტიკური, სოტერიოლოგიური და ესქატოლოგიური**. ისინი, ვინც სიმბოლიკას უარყოფენ, ორიდან ერთ-ერთ შეცდომას უშვებენ: ან უკიდურეს სპირიტიზმში ვარდებიან, ან სულიერი სამყაროს მატერიალიზაციას ახდენენ (როგორც ზოგიერთი ტოტალიტარული სექტის წარმომადგენლები). რაც შეეხება ჩვენებურ მწიგნობრებს, ისინი ალბათ უფრო მატერიალიზმის და ათეიზმის სენით არიან შეპყრობილები.

“ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო” (სიბრძნე ზირაქისა 9.11)

“ჩვენმა შემწყნარებლობამ დაგვღუპა! არავის არაფერი არ უნდა შევარჩინოთ, სისხლით უნდა დავტბოროთ მოწინააღმდეგეთა სახლ-კარი, ცეცხლით და მახვილით დავიბრუნოთ წართმეული და ათმაგად ვაზღვევინოთ ზარალი”. (გიორგი მცხვეთაძე). ალბათ ყველა ჩვენგანს მოუსმენია ანალოგიური მონოლოგი, სადაც განრისხების და სიძულვილის ოკეანეში საკუთარი ერის უბადრუკი მდგომარეობით გამოწვეული გულისტკივილია ჩაკარგული. მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა წმინდა ადგილების და ნივთების გასათავისუფლებლად, ხომ არ იქნება კიდევ ერთი შურისძიება და სიბოროტის განვრცობა. ჰიპერტოლერანტობა რათქმაუნდა დასაგმობია, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააშენებს. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შესწირეს პაპებმა ჯვაროსნულ ლაშქრობებს, საწადელს კი ვერ მიაღწიეს. ბოროტი ხე კეთილ ნაყოფს ვერ მოისხავს. ცნობილია, როცა ევროპელები იერუსალიმის გალავანს ანგრევდნენ, რომ საღვთო საქმის გაკეთების ჟინით შეპყრობილნი, ქართველები იქ მონასტრებს აშენებდნენ. ევროპელები იერუსალიმში ხმლით იჭრებოდნენ, ჩვენი წინაპრები კი წმინდა ქალაქში გაშლილი დროშებით შედიოდნენ. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია. ხოლო, თუ ვინმეს დღეს დღეისობით ჩვენზე უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ბრმა მიმბაძველობით და მათი გზების ან მეთოდების გამეორებით რამეს მივაღწევთ. და თუ მივაღწევთ, დავკარგავთ უფრო მეტს და უფრო ძვირფასს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ კიდევ შემოგვრჩა ბევრი სიწმინდე და ლეგენდარული თეთრი ბაირაღები, რომლებიც ყველა იარაღზე უფრო ძლიერია.

* სამსჭვალი _ დიდი ლურსმარი, სამსჭვალი ეწოდება ყოველთა სამსჭვალთა გასაწონელთა, გინა განსაჩრელთა რასამე შინა. (სულხან-საბა ორბელიანი)
** ესქატოლოგია _ მისტიკური მოძღვრება მსოფლიოს და ადამიანის საბოლოო ბედზე.

დავით ჩახვაშვილი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: